არჩევნები 2020

სენატორები რიში და შაჰინი: აშშ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან:

"მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვუყურებდით დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. რადგან ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის და ხმების დათვლისას წესიერება შეინარჩუნოს.

ამ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის. ამ მომავალი არჩევნების კარგად ჩატარება კიდევ უფრო განამტკიცებს ამ მიღწევებს და აჩვენებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიამ ხელი შეუშალა საქართველოში არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობით ყოფნას, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ახლოდან დააკვირდებიან. ამ მიზნით, აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს არჩევნებში არ ჩაერიოს. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და [ის] სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, როგორც მეგობრებსა და პარტნიორებს, და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს".

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობას არაერთმა პარტნიორმა მოუწოდა, პროცესი სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებულიყო. მათ ხაზი გაუსვეს არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე და განაცხადეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. ყველა წინასაარჩევნო მოწოდება დასავლეთიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები