პუტინი: ღია ვართ შესაძლებლობისთვის, ყარაბაღის გარშემო რეგიონები აზერბაიჯანს დაუბრუნდეს

ვლადიმირ პუტინი
kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს თქვა, რომ რუსეთი ღიაა შესაძლებობისთვის, აზერბაიჯანს დაუბრუნდეს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული 7 რეგიონი, რომლებსაც, უკვე 26 წელია, სომხეთი აკონტროლებს.

"ჩვენ სრულიად ღია ვართ შესაძლებლობისთვის, აზერბაიჯანს გადაეცეს ეს ხუთი და კიდევ ორი რეგიონი, ყარაბაღის ზონაში სპეციალური რეჟიმისა და სომხეთთან კავშირის უზრუნველყოფის პარალელურად." - თქვა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია ბრძოლის შეჩერება და მოლაპარაკებების დაწყება.

მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონები, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, მთავარი საკითხია სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, რომლებსაც რუსეთი, აშშ და საფრანგეთი უძღვებიან.

აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხი პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სამი დარღვეული შეთანხმების შემდეგ წამოსწია.

პუტინმა ასევე უმოქმედობაში დაადანაშაულა საბჭოთა ლიდერები 1980-იან წლებში აზერბაიჯანში დაწყებულ ეთნიკურ დაპირისპირებებში, რომლებმაც, პუტინის თქმით, სეპარატისტულ ომამდე მიიყვანა რეგიონი.

"სომხებმა ხელში აიღეს იარაღი და თავად გააკეთეს ეს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებების შედეგად მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რეგიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

"კარგია ეს თუ არა? იცით, ყველას თავისი სიმართლე აქვს". - თქვა პუტინმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა აიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გუბადლი, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის სოფელ ტეღთან, რომელიც ყველაზე ახლო პუნქტია ლაჩინის დერეფანთან, რუსეთის მცირე სამხედრო პოსტი აღიმართა, რომელიც რამდენიმე კარვისგან შედგება.

პოსტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რუსეთს და სომხეთს.

ირანის საზღვართან მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი თავდასხმას სწორედ ლაჩინის მიმართულებით აგრძელებს. ეს დერეფანი აკავშირებს სომხეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის თავდასხმა მოიგერიეს.

27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26სექტემბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები