არჩევნები 2020

კობახიძე: ევროპული საქართველო 20:00-ზე უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ევროპული საქართველო გეგმავს, 20:00-ზე საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნას". მისი თქმით, ეს ინფორმაცია ევროპული საქართველოს შტაბებიდან აქვთ.

"ამას აპირებენ, მათ შორის იმ აქტივისტების მეშვეობით, რომლებმაც ხმა უკვე მისცეს. წესი არის ასეთი - 20:00-სთვის, როცა იხურება უბნები, ამოწმებენ, ვინ დგას რიგში და იმ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება, ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა. რიგი შეიძლება იდგეს 20:00-სთვისაც და ვინც დგას რიგში, მათ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მაგრამ დამატებით არავის მისვლა არ შეიძლება და არ შეიძლება, ხმის მიცემის უფლებით ისარგებლონ და ეს არის პატარა საბოტაჟის გამოვლინება" - თქვა კობახიძემ და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ბრალდებას ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პარტიაში გონება გადაეღალათ.

"დიახ, ქართულმა ოცნებამ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში და ზუსტად 8 საათზე გავხსნით საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რათა როგები შეიქმნას ხელოვნურად.

როგორც ჩანს, ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება" - თქვა ბაქრაძემ.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები