არჩევნები 2020

TI: 60 საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლა, 1 უბანზე კი შედეგების გაბათილება მოვითხოვეთ

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. მათი ცნობით, 60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს, "რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის".

გარდა ამისა, TI-მ მარნეულის #13.22.65 უბანში შედეგის გაბათილება მოითხოვა, რადგან მათი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით გაყალბების ფაქტი დასტურდება - კერძოდ, ერთი და იმავე პირმა ხმა არაერთხელ მისცა. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია გამოძიების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვასაც აპირებს. 

"ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი. შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე საოლქო კომისიას ჩაბარდა“. - აცხადებს TI და აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. ხოლო, მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება, სასამართლოში გასაჩივრდეს.

სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ცესკოს მტკიცებით კი, დისბალანსსა და ხარვეზებთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება. მათი თქმით, როცა დისბალანსი "ობიექტური გარემოებით" არ არის გამოწვეული, ხარვეზიან ოქმებს შესწორება ახლავს.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი - 48.15%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტის მანდატებზე უარს აცხადებენ. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება.

კომენტარები