არჩევნები 2020

"ვერავინ შევა და გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები" — ოპოზიცია ცესკოსთან ინაცვლებს

ტაბულა

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ისინი, აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ინაცვლებენ. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ისინი ცესკოს შენობასთან იქნებიან, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. 

მელია ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდნენ წინადადებით "ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ." 

"ხელისუფლებას 8 სათამდე ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყვნენ კომრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე და ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის, რომ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთ. მაშინ, როცა აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს. რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არცერთი სიტყვა, ბუნებრივია, სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა. 

ეს ბრძოლა შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი იქნება სულ გარეთ. ჩვენ ყველამ ერთად, ვინც ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ ვერ შევა და ვერავინ გამოვა. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი". - ამბობს ნიკა მელია.  

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავრი მოთხოვნები იყო ახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადაყენება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

კომენტარები