არჩევნები 2020

ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ოპოზიციის მოთხოვნები

ტაბულა

პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს საერთო მოთხოვნებს უყენებენ. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია – თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება

"ჩვენ, ოპოზიციური ძალები, მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა ან ვერ შევიდა პარლამენტში ცესკოს გაყალბებული რიცხვებით. 

გამოვლინდა უპრეცედენტო ოპოზიცური ერთიანობა. ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები, ვითხოვთ:

პირველი - ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება შემდეგი მოთხოვნაც – თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანად.

დაბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული. 

წამმზომი ჩართულია და ივანიშვილს აქვს დრო რვა საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს. დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, რა უნდა - წავა თავისით, თუ მაინც მოუწევს წასვლა იმიტომ, რომ ამ ძალას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება. ეს არის მოთხოვნები და წამმზომი ჩართულია". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები