არჩევნები 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველა შეფასება დასავლეთიდან

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა. პირველ ნოემბერს საარჩევნო პროცესის შესახებ გაერთიანებული მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ გამოაქვეყნეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებმა. მოხსენების თანახმად:

"31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებლივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა, თუმცა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვრებმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია უაღრესად პოლარიზებული იყო, ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც ხელს უშლიდა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ჩვენს მიერ მონახულებულ მცირე რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცედურებს ძირითადად იცავდნენ, თუმცა ადგილზე პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ჯგუფების დიდი რაოდენობით კონცენტრირება, რომლებიც დრო და დრო პროცესში ერეოდნენ, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობას განაპირობებდა."

მისიების ხელმძღვანელებმა წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ მოხსენება თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

"მმართველი პარტიის დომინანტურობამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითი გავლენა იქონია ადამინების აღქმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარდა არჩევნები". – თქვა ელონა ჯებრეა ხოჯამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის თანახელმძღვანელმა.

"ჩვენ მოვისმინეთ დიდი რაოდენობით ბრალდებები, კამპანიის დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენ მიერ არჩევნების დღეს მონახულებულ საარჩევნო უბნების გარკვეულ რაოდენობაზე ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენმა საპარლამენტო პარტნიორებმა, შევამჩნიეთ კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ბევრ საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ დამაშინებელ გარემოს. ჩვენ, ასევე, მოვისმინეთ ბრალდებები, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლის შესახებ. [საარჩევნო] პროცესის ეს ელემენტები სამწუხაროა, ვინაიდან ისინი ძირს უთხრის კონკურენტულ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა ისეთ ადგილას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, მთლიანობაში იყო დაცული." – თქვა ჯილიან სტირკმა, ODIHR-ის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

"გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობაც, ასევე, გათვალისწინებული იყო. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ აქტივისტების იქ ყოფნის გამო. ეს არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში და ეს ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით. თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია." – თქვა ოსმან აშკინ ბაკმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის უფროსმა.

"არჩევნების დასრულებისთანავე არჩევნების შედეგში დაეჭვება, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო გზავნილი განვითარებულ დემოკრატიაში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ჯერ ნახონ, რა არის ამ არჩევნების შედეგები, შემდეგ განიხილონ, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები ჩივილისთვის, შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რა არის ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ შედეგებში ეჭვის შეტანა იმავე დღეს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი. აქციისკენ მოწოდება არჩევნების დღეს, არჩევნების შემდეგ დღეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის ამომრჩევლის უპატივცემულობა. რომელიც უფრო აქტიური იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ" – თქვა თინი კოქსმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი:

კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს. უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედიაგარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს.

განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.

არჩევნებთნ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში:

"აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა". ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.

ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია."

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ ახალი პარლამენტის არჩევაში, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის მთავარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას COVID-19 პანდემიის რთულ პირობებში. ამომრჩეველთა აქტივობა (56%) აჩვენებს, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მომავალი აღელვებს.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და, ზოგადად, ფუნდამენტური თავისუფლებები, დემოკრატიული სტანდარტები დაცული იყო, თუმცა გარკვეული დარღვევები და ინციდენტები მოხდა, რომელთა გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ (რომელიც ჩატარდება 2020 წლის 21 ნოემბერს), ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გაითვალისწინონ საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შენიშვნები და დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ორგანიზება და მომავალი შედეგები რაიმე ეჭვს არ გამოიწვევს.

ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს ვთვლით მნიშვნელოვან ნაბიჯად საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ახალმა საარჩევნო სისტემამ გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული პროცესისადმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება პოლიტიკურ აქტორთა ფართო სპექტრს საშუალებას მისცემს, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში.

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული მმართველი უმრავლესობა დაუყოვნებლივ განახორციელებს შემდგომ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზით. ლიტვა მზად არის, გააგრძელოს ახლო თანამშრომლობა საქართველოსთან, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას"

ევროპარლამენტარი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი არჩევნებს Twitter-ზე გამოეხმაურა:

"ახლოდან ვაკვირდები საქართველოს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანი და, ზოგადად, თავისუფალი იყო, სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციული და განსაკუთრებით ფინანსური რესურსების არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. მხარეები წყნარად და მშვიდობიანად უნდა იყვნენ. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას".

ევროპარლამენტარმა და ევროსენატის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კომენტარი ინტერპრესნიუსთან გააკეთა:

"რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურების მხრივ, ეს არჩევნები საქართველოსთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომლებიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს, როგორიცაა: დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა. თბილისში ევროკავშირის დელეგაციისგან დამატებით ინფორმაციებს ველოდებით"

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

 

 

კომენტარები