პუტინი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან

ვლადიმირ პუტინი
Washington Post

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის შეჩერების შეთანხმების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"შეთანხმება შექმნის აუცილებელ წინაპირობებს მთიანი ყარაბაღის კრიზისის გრძელვადიანი და სრულყოფილი მოგვარებისთვის". – თქვა ვლადიმერ პუტინმა. 

სომხეთის პრემიერმინისტ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა ხელი.   

განცხადების გაკეთების შემდეგ ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

9 ნოემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქ შუშაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები