რა წერია ყარაბაღზე ფაშინიანის, პუტინისა და ალიევის ხელმოწერილ შეთანხმებაში?

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად.  

გთავაზობთ შეთანხმების ტექსტს:

"ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი.გ. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნ.ვ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი, შევთანხმდით შემდეგზე:

  1. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრული ცეცხლის შეწყვეტა და ყველა საომარი მოქმედება ცხადდება 2020 წლის 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეები, რჩებიან თავიანთ პოზიციებზე.
  2. 2020 წლის 20 ნოემბრამდე აღდამის რაიონი დაუბრუნდეს აზერბაიჯანულ მხარეს.
  3. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1 960 მცირედ შეიარაღებული სამხედროთი, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეული ავტომობილით და სპეციალური აღჭურვილობით განლაგდება მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.  
  4. სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ხანგრძლივობაა 5 წელი, ავტომატური გახანგრძლივებით შემდეგი 5 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.
  5. კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით განთავსდება სამშვიდობო ცენტრი, რათა ცეცხლის შეწყვეტა აკონტროლონ.
  6. 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაუბრუნებს ქალბაჯარის რეგიონს და 2020 წლის 1 დეკემბრამდე ლაჩინის რეგიონს, დატოვებს ლაჩინის დერეფანს (სიგანე 5 კმ), რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან და ამავდროულად, [ეს] ქალაქ შუშაზე არ იმოქმედებს. მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა განისაზღვრება, რაც სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს, ამ მარშრუტის დასაცავად რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემდგომი განთავსებით. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მოქალაქეთა გადაადგილების უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და საქონლის გადაადგილებას ორივე მიმართულებით უზრუნველყოფს.
  7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით.
  8. მოხდება სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა.
  9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განბლოკილია. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა დაორგანიზდეს მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება ორივე მიმართულებით. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ.

მხარეების შეთანხმებით, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციები, რომლებიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს."

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის შეჩერების შეთანხმების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. 

პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა ხელი.

განცხადების გაკეთების შემდეგ ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები