არჩევნები 2020

უდუმაშვილი: ენმ უერთდება 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას, ყველა ერთი გეგმით მივდივართ

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ უერთდება ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. მან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პარტია ერთი გეგმით მიდის.

"დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი გეგმით მივდივართ. ჩვენც ვუერთდებით იმ განცხადებას, ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა". - თქვა უდუმაშვილმა.

გირჩის, ევროპული საქართველოს, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მათი პოზიცია მყარია.

"არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. 

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით". - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მზად არიან "გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის". ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება აქცია 14 ნოემბერს თბილისში. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები