ევროკავშირი

ჟურნალისტი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების დახურულ ვიდეოკონფერენციაზე მოხვდა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ნიდერლანდური მედიის RTL Nieuws-ის ჟურნალისტი დანიელ ვერლაანი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების დახურულ ვიდეოკონფერენციაზე მოხვდა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, ანკი ბეილეველდის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ვიდეოკონფერენციაზე შესვლისთვის საჭირო ექვსნიშნა პაროლის 5 ციფრი ჩანდა. ფოტო სწრაფად წაშალეს, თუმცა ჟურნალისტმა გამორიცხვის მეთოდით მოახერხა პაროლის მეექვსე ციფრის გამოცნობა და ყოველგვარი დამატებითი შემოწმების გარეშე ჩაერთო ვიდეოზარში.

როდესაც ვერლაანი კონფერენციას შეუერთდა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მას ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ საიდუმლო კონფერენციის მონაწილე გახდა. ვერლაანმა თქვა, რომ ნიდერლანდელი ჟურნალისტი იყო და დაუყოვნებლივ დატოვებდა კონფერენციას. ამის შემდეგ ვიდეოკონფერენცია შეწყდა.

საგარეო პოლიტიკის საკითხების კომისარიატში აღნიშნეს, რომ კონფერენციაზე მსგავსი შეღწევა უკანონო იყო და ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცემოდა. უწყებაში ნათქვამია, რომ იმ დროს, როცა ჟურნალისტი კონფერენციაზე ჩაერთო, მინისტრები არ განიხილავდნენ რაიმე გასაიდუმლოებულ საკითხს. თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრების თათბირზე "უწყინარი თემები არ არსებობს".

"ბეილეველდის მაგალითზე სხვა მინისტრებმა უნდა გაიგონ, როგორი სიფრთხილეა საჭირო". - თქვა რიუტემ.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, Twitter-ზე კონფერენციის კოდის შემცველი ფოტოს გამოქვეყნება ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომა იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირის დირექტორმა მიშელ ვან ჰულტენმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩაერთო დანიელ ვერლაანი ვიდეოკონფერენციას.

ვან ჰულტენმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, RTL Nieuws-ი ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და Twitter-ზე ვიდეოკონფერენციაზე შესასვლელი პაროლის გავრცელების შესახებ შეატყობინა, რის შემდეგაც ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ბრიუსელს დაუკავშირდა. უწყება დაარწმუნეს, რომ კონფერენციაზე მოხვედრა მხოლოდ პაროლის საშუალებით შეუძლებელი იყო, მაგრამ ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ვიდეოკონფერენციაზე შესვლა მაინც ეცადა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები