კორონავირუსი საქართველოში

ახალციხეში Covid 19-ით მამა-შვილი გარდაიცვალა, ექიმის თქმით, ისინი წინა დღეს კლინიკამ არ მიიღო

AFP - Getty Images

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.

"ჩვენმა ექიმმა თქვა, დაუძახეთ სასწრაფოსო. სასწრაფომ თქვა, აუცილებელია საავადმყოფოში წასვლა. მომაკვდავი გოგო სახლში იყო, თვითონ [მამა] წავიდა მეორე გოგოსთან ერთად საავადმყოფოში, იქ უთხრეს, რომ დღეს გიორგობაა, ექიმები არ არიან, უკან ტაქსით ჩამოვიდა ტირილით, გუშინწინ გოგო მოკვდა, გუშინ დილით თვითონ მოკვდა". – ამბობს გარდაცვლილების ნათესავი, ლიდა პოღოსოიანი რუსთავი ორთან საუბარში.

ექიმის, ვაჰან ვაჰანიანის თქმით, კოვიდინფიცირებული მამა-შვილი თავად გასინჯა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ახალციხის კლინიკაში გაგზავნა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადა სახლში არ შევიდა, ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში თავად უნდა მისულიყო. მოხუცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თანასოფლელებმა წაიყვანეს, იქ ექთნებს უთქვამთ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ამის შემდეგ უკან გამობრუნდა და მეორე დღეს, დილის 6 საათზე გარდაიცვალა". – უთხრა კურიერს ექიმმა ვაჰან ვაჰანიანმა

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა. სულ 18 197 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები