მოლდოვა

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ძალები უნდა გავიდნენ

მაია სანდუ
Reuters

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაია სანდუმ თქვა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ძალები უნდა გავიდნენ. რუსული მედიის მიხედვით, სანდუ გამოდის ინიციატივით, რუსი სამხედროები ეუთოს დამკვირვებლებმა შეცვალონ.

"სახელმწიფოს პოზიცია არის, რომ ეს ძალები უნდა გავიდნენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღება უნდა გაიტანონ". – თქვა მან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთში ამ დრომდე არის 20 000 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა, რასაც რუსეთის სამხედრო ძალების 1 000-კაციანი ჯგუფი იცავს. რუსი სამშვიდობოების ნაწილი რეგიონში 1992 წელს, კონფლიქტის დროს შევიდა. სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და მოლდოვას შორის ამ ტერიტორიაზე იარაღისა და სამხედრო ძალის ყოფნის თაობაზე ორმხრივი შეთანხმება არ არსებობს.

სანდუს განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლში. ვლადიმირ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დნესტრისპირეთში სტატუს-კვოს შეცვლას, შესაძლოა, დაძაბულობის ზრდა მოყვეს. მან ასევე თქვა, რომ რუსი დიპლომატები ინარჩუნებენ კონტაქტს პრეზიდენტად არჩეულ სანდუსთან და ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირველ ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და მაია სანდუ გადავიდნენ. პროდასავლური ორიენტაციის მქონე სანდუმ კრემლთან დაახლოებული დოდონი მეორე ტურში დაამარცხა.

კომენტარები