უიღურები

აშშ-მ ჩინეთის სინძიანგის ორგანიზაციიდან იძულებით შრომის გამო ბამბის იმპორტი აკრძალა

The Article

აშშ-მ ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში არსებული ნახევრად სამხედრო ორგანიზაციიდან - Xinjiang Production and Construction Corps (XPCC) ბამბის იმპორტი დატყვევებული უიღური მუსლიმების იძულებითი შრომის გამო აკრძალა.

აღნიშნული კომპანია ჩინეთში ბამბის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, კენეტ კუჩინელიმ, რომელიც სასაზღვრო სააგენტოს ზედამხედველობს, თქვა, რომ "დამზადებულია ჩინეთში" გამაფრთხილებელი იარლიყია.

"იაფფასიანი ბამბის ნაწარმი, რომელიც ამ სეზონის განმავლობაში, შესაძლოა, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის შეიძინეთ და თუ ის ჩინეთიდან მოდის, შესაძლოა, მონური შრომით დამზადდა თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევების [ადგილას]". – თქვა მან.

კომუნისტური ჩინეთი ირწმუნება, რომ აშშ სინძიანგში იძულებით შრომაზე ინფორმაციას აყალბებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ სინძიანგში დასაქმებული პირები  სამუშაო ადგილს თავიანთი თავისუფალი ნებით ირჩევენ. 

აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა XPCC-ს, ასევე, XPCC-ის ყოფილ პარტიის მდივან სუნ ძინლონგს და XPCC-ის პარტიის მდივნის მოადგილესა და მეთაურს, ფენგ ძიაჟუეის. აშშ მათ ადანაშაულებს, რომ სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან არიან დაკავშირებულნი.

ტრამპის ადმინისტრაციაში ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ XPCC ფარული, ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირდაპირი კონტროლით სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.

მისივე თქმით, ისინი ჩართულები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მეთვალყურეობაში, დაკავებასა და ინდოქტრინაციაში, რის სამიზნეც არიან უიღურები და სინძიანგის ეთნიკურ უმცირესობათა სხვა წარმომადგენლები. 

XPCC 1954 წელს დაფუძნებული ნახევრად სამხედრო ჯგუფია. ის სინძიანგში ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

გაეროს შეფასებით, სინძიანგში მილიონზე მეტი მუსლიმია დატყვევებული, აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც პეკინი ჩადის, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი. 

კომენტარები