გირჩი

ჯაფარიძე: გირჩი არ დამიტოვებია, ჩემი და მათი გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს

გირჩი

"მე გირჩი არ დამიტოვებია" – ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, 4 დეკემბრის დილით Facebook-ზე დაწერა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის თანამშრომლობა შეწყდა. 

როგორც გირჩის ლიდერმა მედიასთან თქვა, რაც პოსტში დაწერა, ამის გარდა, დამატებითი განმარტების გაკეთებას ამ ეტაპზე არ აპირებს. 

"ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს. არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის... ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებთან ერთად აღარ ვაპირებ გირჩის კეთებას". – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

პარტიის ლიდერის თქმით, დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ ყოფილა. 

"პარტია არ ვარ მე, არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნებიან გირჩში, ამას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები და ფული აქვს ჩადებული ამ პარტიაში. კი, ვრჩები გირჩის ლიდერად". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ მას მეგრელიშვილთან და ხვიჩიასთან ჰქონდა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მათთან თანამშრომლობას გააგრძელებდა. 

"მათთვის ეს პირობები იყო მიუღებელი და ამიტომ, აღარ გავაგრძელე ურთიერთობა". – თქვა ჯაფარიძემ. 

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები