გირჩი

ჯაფარიძე: სახელის და პეიჯის დატოვება გვსურს, იაგომ, ვახომ და სანდრომ დაოკება მირჩიეს

გირჩი

გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ის ჯგუფ გირჩის ბაბლში დაწერა, რომ მან და გირჩის სხვა დამფუძნებლებმა სახელისა და პეიჯის მათთვის დატოვება მოითხოვეს, რაზეც იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა მას "დაოკება" ურჩიეს.

"გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ "დავოკებულიყავი", შემდეგ მუქარა რომ "გავნადგურდებოდი", შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა, "სუსის კაცი" ვიყო. ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო.

ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას. ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე, მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით. კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს". - წერს ზურა ჯაფარიძე.

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ამ დრომდე უცნობია, რა წესით გადაწყდება, ვინ დატოვებს პარტიას და ვინ დარჩება გირჩში.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები