არჩევნები 2020

ბოკერია ISFED-ზე: დიდი ალბათობით, ოცნებამ უკანონო მიყურადებით იცოდა და მახეს უგებდა ოპოზიციას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაში (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება. ბოკერიას თქმით, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.

"ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, რომ მოდი ჩავუჯდეთ სამართლიანი არჩევნებს და თუ იქ დადასტურდა, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო. 

აქედან ირკვევა, რომ დიდი ალბათობით უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავიანთი ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი უნდა ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით. ამ ტიპის თამაშს ეწევა, რომ რაღაც ინფორმაცია მოიპოვა უკანონოდ, დიდი ალბათობით, წინასწარ და მახეს უგებდა საჯაროდ ელჩებთან ოპოზიციას". – თქვა გიგა ბოკერიამ.

სამართლიანი არჩევნები (ISFED) შიდა აუდიტის შედეგების შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს.

სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

კომენტარები