აფრიკის დასახლება

აფრიკის დასახლებაში 8 ადამიანი დააკავეს – მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერია უნებართვოდ აშენებულ შენობებს ანგრევს, 8 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, 8 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე და 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოქალაქეები შენობების ნგრევას აპროტესტებენ. 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სახლები და მიწებიც და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. 

"არ გაავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, არ მოატყუოთ მოსახლეობა. იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები, მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება და გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ წლების შემდეგ მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ეს არის ის ადამიანები, ვისაც აქვთ სახლები, მიწები და ა.შ. ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები". – თქვა კალაძემ. 

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

EMC-ის განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირების, მათი ფიზიკური გადარჩენისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით უსახლკარო ადამიანების პოტენციურ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები