გირჩი

ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატზე ოფიციალურად თქვა უარი

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატზე ოფიციალურად თქვა უარი, ხოლო მისი თანაგუნდელები კვლავ ელოდებიან, როდის დაუკმაყოფილებს პარლამენტი სხვა ოპოზიციურ დეპუტატებს მოთხოვნებს მანდატების გაუქმების შესახებ. 

ზურაბ ჯაფარიძის მიერ მანდატზე უარის თქმას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადება, სადაც მან ჯაფარიძის პასუხად თქვა: – "მას თუ ახლა, ზოგადად, იმის გამო, რომ პოლიტიკური გამიჯვნა უნდა ჩვენგან და უფრო მაგარ ოპოზიციონერად უნდა გაეძროს, ამ მიზნით მას თვითონ შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა". 

აქამდე ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა, რომ თავად აპირებდა მანდატზე უარის თქმას, თუმცა, ელოდებოდა იაგო ხვიჩიას, რომელსაც ცესკოსთვის უნდა მიემართა პარტიული სიის ჩახსნასთან დაკავშირებით, რათა სია მოძრავი არ გამხდარიყო. აქამდე იაგო ხვიჩია ამბობდა, რომ სიას იქამდე არ ჩახსნიდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ პარლამენტში დამატებით 23 დეპუტატი არ შედის და ვერ გროვდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც უკვე 60-დან 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა მანდატზე უარი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თეორიულად უშვებს, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალოს და ელოდება, როდის აღარ ექნებათ მათ ოფიციალურად მანდატები. სწორედ ამ განცხადების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. 

გირჩის ლიდერებს შორის შიდაპარტიული დაპირისპირება უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. 

16 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა. საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა. მანდატებზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამთ მოქალაქეებს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანსს. ოპოზიციური პარტიებიდან 60-დან უკვე 51-მა დეპუტატმა თქვა პარლამენტში შესვლაზე უარი. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები