აფრიკის დასახლება

დევნილთა სააგენტო: ჩანგელიების ოჯახს ბინა 14 დეკემბერს გადავეცით

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს ბინა ზუგდიდში 14 დეკემბერს გადასცა.

"დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.

ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით". – წერია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

დევნილთა სააგენტოს თანახმად, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა, მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილიი კი წერს, რომ გიგი ჩანგელიას ოჯახს ზუგდიდში გადაცემული ბინის გასაღებიც არ აქვთ და, მათივე ინფორმაციით, ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა.

როგორც ჩანგელიას დედა, კესო მანდარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახი 28 წელია, ბინას ელოდება. მისივე თქმით, ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ აფრიკის დასახლებაში სახლი ააშენეს.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. გუშინ, 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები