სტიქია და რეფორმები

სანტიაგო, ჩილე
27 თებერვალს ჩილე, რიხტერის შკალით, 8.8-ბალიანმა მიწისძვრამ გამოაფხიზლა. გამოყოფილი ენერგია 500-ჯერ აღემატებოდა წლის დასაწყისში ჰაიტიზე მომხდარ 7.1-ბალიანი მიწისძვრის ენერგიას. ძირითადმა და ასამდე განმეორებითმა ბიძგმა, რომელთა სიმძლავრე 3.0-იდან 6.1 ბალამდე მერყეობდა, დააზიანა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების სისტემები, მოშალა სატელეფონო კავშირი, უსახლკაროდ დატოვა 2 მილიონამდე ჩილელი.


ჩილეში 279 ადამიანი გარდაიცვალა,
ჰაიტიზე - 230 000-ზე მეტი.
ლათინურ ამერიკაში მომხდარი ორი მიწისძვრა ადასტურებს, რომ ბუნებრივი კატასტროფის შედეგებს - გარდაცვლილთა რაოდენობას და ნგრევის მასშტაბს - ბიძგის სიძლიერე არ განსაზღვრავს. ზარალი სახელმწიფოთა განვითარების, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა და საზოგადოების პოლიტიკური კულტურის პროპორციულია.
ჩილე ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ეფექტურად იმართება. მისი საზოგადოება პატივს სცემს კანონს. ქვეყანა ფლობს ეკონომიკურ რესურსებსა და ადმინისტრაციულ ბერკეტებს, თუნდაც იმისთვის, რომ მიიღოს და აღასრულოს უსაფრთხო მშენებლობის მკაცრი სტანდარტები. ჩილე, ჰაიტისგან განსხვავებით, მოქმედი დემოკრატიაა. იქ რეგულარულად ტარდება არჩევნები. პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის დაცემის შემდეგ (1989), სახელმწიფოს ორი ათწლეულის მანძილზე სოციალისტების, რადიკალებისა და ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია მართავდა. 2010 წლის იანვარში კი ჩილელებმა, უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში პირველად, მემარჯვენე ლიდერი - სებასტიან პინიერა აირჩიეს. ამით, ჩილემ დაამტკიცა, რომ ლათინურ ამერიკაში პლურალისტური დემოკრატიის შენება შესაძლებელია. ეკონომიკურ ზრდას პლუს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება - ეს არის ჩილეს წარმატების ფორმულა. შედეგად, ეს სახელმწიფო, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველი გახდა OECD-ის - მსოფლიოში ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების ელიტარული კლუბის - წევრი.
ჰაიტიზე კი საზოგადოებასა და მთავრობაში გამეფებული ნიჰილიზმი და კორუფციის მაღალი დონე ქვეყნის განვითარებას აფერხებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით, ეს ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილზეა (ჩილე 25-ზე). იგი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 772 დოლარია (ჩილეში - 8853 $).
ჰაიტის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ისტორია ისეთივე ტრაგიკულია, როგორიც 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგები. ქვეყანას სტაბილური მმართველობის ერთადერთი პერიოდი 1915-34 წლებში ჰქონდა, მაშინ, როდესაც იგი ამერიკელი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული. მას შემდეგ, სახელმწიფოში დიქტატორული რეჟიმები ფსევდოდემოკრატი ლიდერებით იცვლებოდა. 1964-71 წლებში ქვეყანას ჯერ “პაპა დოკის” სახელით ცნობილი დიქტატორი ფრანსუა დუვალიე, შემდეგ მისი შვილი და მემკვიდრე “ბეიბი დოკი” და ტონტონ-მაკუტების ლაშქარი მართავდნენ. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჰაიტიზე 1990 წელს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჟან-ბერტრან არისტიდმა დაშალა სახელმწიფოს რეგულარული არმია და, სანაცვლოდ, ნდობა გამოუცხადა “კანიბალების არმიად” წოდებულ მოხალისეთა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელმაც 2004 წელს, ვუდუისტების შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით, აჯანყება მოაწყო. 2006 წელს კი მოქმედმა პრეზიდენტმა რენე პრევალმა საერთოდ გააუქმა არჩევნების შედეგები, რადგან მიიჩნია, რომ ხმები არასწორად იყო დათვლილი. მას შემდეგ იგი, პრემიერ-მინისტრების პოპულარობის შიშით, რეგულარულად ცვლის მათ.
საზოგადოების უნარი, გადაიტანოს ბუნებრივი კატასტროფები და იზრუნოს რეკონსტრუქციაზე, მისი მაღალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია. ჩილელებმა, ჰაიტისგან განსხვავებით, მოახერხეს თავი აერიდებინათ ფართომასშტაბიანი მოროდიორობისათვის. ცალკეულ ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, ჩილეს ქალაქებში სიტუაცია სტაბილურია. ქუჩებს მთლიანად აკონტროლებს არმია და პოლიცია. მოქმედმა მთავრობამ, ჩილეს მოსახლეობასთან ერთად, წარმატებულად გადაანაწილა ჰუმანიტარული დახმარება, დაიწყო ზრუნვა რეკონტრუქციაზე და შედეგმაც არ დააყოვნა: სანტიაგოსა და ცენტრალური ჩილეს რაიონებში სატელეფონო სერვისი მიწისძვრიდან 5 საათში აღდგა.
ჰაიტიზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ორი თვეა მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები მიწისძვრიდან ერთ კვირაშიც კი ვერ ახერხებდნენ აეროპორტის ასაფრენ ბილიკებზე დაჯდომას. მტვირთავების ნაკლებობის გამო აეროპორტს მომსახურება არ შეეძლო. ამასობაში, პორტ-ო-პრენსის ქუჩებში, ჰაიტის მაცხოვრებლები მიცვალებულთა ცხედრების ბარიკადებით აპროტესტებდნენ ჰუმანიტარულ კატასტროფას. სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში მოსახლეობის მცირე ნაწილი ჩაერთო. ქაოსი და მოროდიორობა ჰაიტის დანგრეულ ქუჩებში დიდხანს გრძელდებოდა. კრიმინალებთან გამკლავებაც, მხოლოდ გაეროს ეგიდით მოქმედმა აშშ-ს საზღვაო ძალების არმიამ მოახერხა.
31 მარტს ნიუ იორკში, გაეროს ეგიდით, ჰაიტის რეკონსტრუქციის შესახებ დონორთა კონფერენცია გაიმართება. განსხვავებები ჩილესა და ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრებს შორის კონფერენციის მთავარი თემა იქნება. ჩილეს მაგალითით, დონორი სახელმწიფოები ჰაიტის მთავრობას, დახმარებისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას მოსთხოვენ.
გამოჩნდებიან კრიტიკოსებიც, რომლებიც იტყვიან, რომ არასწორია ამ ორი ქვეყნის შედარება: ჩილე განვითარებული ქვეყანაა, ჰაიტი კი ყველაზე ღარიბია რეგიონში. ჩილემ დღეისათვის არსებულ პროგრესს სწორედ ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების დანერგვითა და ეფექტური ადმინისტრირების შედეგად მიაღწია. იგივე ითქმის რეგიონის სხვა დიდ თუ პატარა სახელმწიფოზე (ბრაზილია, ურუგვაი, კოსტა-რიკა, დომინიკის რესპუბლიკა), რომლებმაც 21-ე საუკუნეში ფეოდალურ მმართველობაზე უარი თქვეს. ასეთი ტიპის ქვეყნები დონორებისაგან მიღებულ თანხებს ეკონომიკის სტიმულირებას, განათლების სისტემის რეფორმასა და მცირე მეწარმეობის განვითარებას ახმარდნენ.
ბუნებრივ კატასტროფებს ლოგიკა არ გააჩნია და არც პოლიტიკასთან აქვს რამე საერთო. კატასტროფის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი პოლიტიზებული პროცესია. ფაქტია, უფრო ძლიერი მიწისძვრის მიუხედავად, ჩილეს რეაბილიტაცია ჰაიტიზე სწრაფად ხდება.


 

 

კომენტარები