მისტრალი

საფრანგეთი და რუსეთი მისტრალის შესახებ საბოლოოდ შეთანხმდნენ. გარიგება პირველი ნაბიჯია რუსეთის დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზაციისაკენ. ამჟამად, რუსეთს, არათუ საკუთარი ხომალდების აგების, ძველი გემების შეკეთების უნარიც არ შესწევს. ფლოტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ვისოტსკიმ, გარიგების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის მოგება, მისტრალის დახმარებით, 26 საათის ნაცვლად, 40 წუთში მოხერხდებოდა. გასული წლის ნოემბერში, ვლადიმერ პუტინი თავად ესტუმრა საფრანგეთს, გემის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
1998 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა შეიმუშავეს კოდექსი, რომელიც სამხედრო შეიარაღების გაყიდვას არეგულირებს. კოდექსის თანახმად, აკრძალულია შეიარაღების მიყიდვა სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყნებისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, კოდექსის დარღვევას ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობით ამართლებს. „დროა გადავფურცლოთ თავი რუსეთის ცივი ომის დროინდელი ანტაგონიზმების შესახებ... მესმის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ჯერაც ვერ მოიშუშა იარები, მაგრამ საფრანგეთს ახალი ურთიერთობები სჭირდება და ეს ახალ თანამშრომლობასაც გულისხმობს” - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰერვე მორინმა.
ჩანს, საფრანგეთისთვის საკუთარი ეკონომიკის სტიმულირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ფაქტორები: მისტრალს ფრანგული კომპანია “სენ-ნაზერი” აწარმოებს. ხომალდი 600 მილიონი დოლარი ღირს. მსგავსი ტიპის გემი საკმაოდ იშვიათია და მასზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. საფრანგეთის მთავრობამ გაკოტრების პირას მყოფი „სენ-ნაზერის” ხსნა მესამე მისტრალის შესყიდვით გადაწყვიტა. გარდა ამისა, მისტრალის გარიგება განამტკიცებს ურთიერთობას ფრანგულ-რუსულ კომპანიებს შორის. მაგალითად, “ტოტალისა” და “სუეც-საფრანგეთის გაზისათვის”, ასევე “რენოსთვის”, რომელიც რუსული „ავტოვაზის” პარტნიორია.
საფრანგეთი აშშ-ს გავლენის დაბალანსებას სხვა ძალით - რუსეთით ცდილობს. იგი ევროკავშირში საკუთარ კონკურენტუნარიანობაზეც ზრუნავს - ალიანსის ქვეყნებს შორის გერმანია უდავო ლიდერია რუსეთთან პარტნიორობაში. სამხედრო თანამშრომლობა კი, რუსეთისათვის, საფრანგეთის როლს გაზრდის. ამასთანავე, საფრანგეთს სურს აღნიშნოს, რომ ნატოს სამხედრო სტრუქტურებში ყოფნის მიუხედავად, ის დამოუკიდებელია.
მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვამ აშშ შეაშფოთა. ექვსმა სენატორმა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა, საგანგებო წერილით მიმართა საფრანგეთის ელჩს ამერიკაში. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფრანგულ კომპანიებს შეღავათები გაუუქმა. თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის განცხადებით, შეღავათების გაუქმება მისტრალს არ უკავშირდება, მაგრამ გარიგების შემდეგ, აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის გაციება შეინიშნება.
მისტრალის გაყიდვა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთში დღემდე კამათობენ ამ გემის ყიდვის აუცილებლობაზე. ხომალდი მხოლოდ საექსპორტოა - ნატოს წევრი ქვეყნები მას არ იყენებენ. ის ბევრად ჩამოუვარდება აშშ-ს ფლოტის LHA კლასის გემებს.
საფრანგეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ვერ შეძლებს რუსეთს ნატოს სამხედრო აპარატურა მიჰყიდოს. საფრანგეთში შეხვედრისას, მედვედევი და სარკოზი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მისტრალს შეიარაღების გარეშე შეიძენს. რუსეთის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ანატოლი ციგანკოვის თქმით, აღნიშნული აპარატურის გარეშე ეს გემი მხოლოდ ფიტულია. რუს ანალიტიკოსებს კარგად ახსოვთ, როგორ დაეხმარა საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს 1982 წელს, ფოლკლენდის ომისას, ფრანგული რაკეტების შეჩერებაში. ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს რუსეთს, რამდენად შესაძლებელია ამ გემის ისეთ ომში გამოყენება, რომელიც საფრანგეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთი კრიტიკოსი მისტრალს “ჩრდილოეთის ნაკადს” ადარებს. “ჩრდილოეთის ნაკადი” გაზის საეჭვო მილია, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და ბუნებრივ აირს აღმოსავლეთ ევროპის “პრობლემატური” ქვეყნების გვერდის ავლით, პირდაპირ გერმანიას მიაწოდებს. ის რუსეთის იარაღია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მანიპულირებისათვის. მისტრალი, ისევე როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი”, შანსს აძლევს რუსეთს ევროპის მიმართ პოლიტიკური ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალოს. ამ გარიგებით რუსეთმა, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ნდობა შეასუსტა. ამასთანავე, მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლის გაზრდაც შეძლო.
მისტრალის გარდა, საფრანგეთი გეგმავს დამატებით სამი მსგავსი გემი მიჰყიდოს რუსეთს. გარიგების პროცესი კრემლს საფრანგეთით მანიპულირების საშუალებას აძლევს. საქართველოს ტელევიზიის რუსულენოვანი არხის (პირველი კავკასიური) ფრანგული სატელიტიდან მოხსნა ამის ნათელი მაგალითია.
2015 წლიდან, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს, მათ ახლომახლო მოლივლივე მისტრალისთვის მოუწევთ ცქერა. 2010 წელი რუსეთში საფრანგეთის წლად გამოცხადდა.


 

 

კომენტარები