შერჩევითი თანაგრძნობა

უფლებადამცველები ფართოდ დახუჭული თვალებით

საქართველო მსოფლიოს იმ ოცამდე სახელმწიფოს შორისაა, რომელთა ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 300 000-ს აღწევს. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულებმა მთლიანი მოსახლეობის 6,3% შეადგინეს. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაუსწრო აზერბაიჯანს და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა - მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობით (63 დევნილი 1000 ადამიანზე). თუმცა, საქართველო პირველი სახელმწიფოა 21-ე საუკუნეში, რომელშიც უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა. აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდის ფაქტი დაადასტურეს ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა კომისიამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიხედვით, “ეთნიკური წმენდა” ნიშნავს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას ძალის გამოყენებით ან დაშინებით. 2008 წლის აგვისტოში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე განხორციელებული თავდასხმები, საცხოვრებელი სახლების გადაწვა და ქონების განადგურება, არ წარმოადგენდა იზოლირებულ ინციდენტებს. ეს იყო ტერორის ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველების სამუდამოდ გაძევებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. თავიანთი განზრახვა არც წმენდის ინიციატორებს დაუმალავთ. რუსული გამოცემა “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ედუარდ კოკოითიმ დაუფარავად განაცხადა, რომ მათ მიწასთან გაასწორეს ქართული სოფლები და არ აპირებდნენ ქართული მოსახლეობის უკან შეშვებას. კოკოითის სიტყვები საოცრად ჰგავდა 1992 წლის 19 დეკემბერს, ვიტალი სმირის მიერ “კამსამოლსკაია პრავდასთვის” ნათქვამ ცნობილ ფრაზას: „ქართველები აქ [აფხაზეთში] ვეღარასდროს იცხოვრებენ - ისინი აქ შეიძლება მხოლოდ დაიხოცონ”.
აგვისტოს ომის შემდეგ, ბევრი მოელოდა დასავლეთის მკაცრ რეაქციას რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პასუხი უფრო რიტორიკული ხასიათის იყო და რუსეთზე რეალური ზეწოლის ფორმა არ მიუღია. ცხადია, ასეთი ინერტულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს წამყვანი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე, რასაც მოსკოვი პოლიტიკურ იარაღად იყენებს. თუმცა დასავლური მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების ნაკლებობა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველებისადმი, თანაბრად მნიშვნელოვანი და დღემდე ნაკლებად შესწავლილი ფაქტორია.
მედია ყველგან თამაშობს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში. საზოგადოების წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მსოფლიოს შესახებ იცის ის, რასაც მედიისგან იგებს. სხვა სიტყვებით, მედიის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების და, შესაბამისად, პოლიტიკოსთა პრიორიტეტებს. დასავლური მედიის ინტერესი ადამიანის უფლებების მიმართ ჯერ კიდევ ვიეტნამის ომიდან იღებს სათავეს, თუმცა ის განსაკუთრებით ძლიერი გახდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ეს ორმა ფაქტორმა განაპირობა - საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ადამიანის უფლებების დისკურსის გავლენის ზრდამ და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივმა ექსპანსიამ. ეს უკანასკნელნი ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცნენ მედიისთვის ადამიანის უფლებების საკითხზე, რამაც განსაკუთრებულ ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. მედიას გაუჩნდა შესაძლებლობა, მისთვის უცნობი კუთხით გაეშუქებინა მოვლენების განვითარება, განსაკუთრებით საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტების დროს. სანაცვლოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენის შანსი მიეცათ.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის სამართლიანობისა და ობიექტურობის სინონიმი, ხოლო მედია, ხშირად ვერ ფილტრავს ინფორმაციას და ადამიანის უფლებათა დამცველების მიკერძოებული არჩევანის მძევალია. საილუსტრაციოდ, საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოჩენილი ყურადღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და იმავე წლის დეკემბერში ღაზას სექტორში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების მიმართ, რამაც დიდწილად განსაზღვრა მედიაში კონფლიქტებისადმი დათმობილი დრო.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ავღანეთში ბრიტანეთის სამხედრო შენაერთების ყოფილმა მეთაურმა, რიჩარდ კემპმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „იმაზე მეტი გააკეთეს სამხედრო მოქმედებების ზონაში სამოქალაქო პირთა უფლებების დასაცავად, ვიდრე ნებისმიერ სხვა არმიას ოდესმე გაუკეთებია ომის წარმოების ისტორიაში”. მართლაც უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული ღაზას სექტორში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დასაყვანად. ადგილობრივ პალესტინელებს, სატელეფონო ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, წინასწარ აფრთხილებდნენ ჰამასის სამხედრო ობიექტებზე მოსალოდნელი საჰაერო იერიშების შესახებ. ამის საპირისპიროდ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა არაფერი მოიმოქმედეს კონფლიქტის ზონაში ეთნიკური წმენდისა და ქართული სოფლების განადგურების აღსაკვეთად, ზოგჯერ კი უშუალოდ მონაწილეობდნენ მოროდიორობაში. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა მკვლელობების, წამებისა და გაუპატიურების მსხვერპლად იქცა.
მიუხედავად ამისა, გავლენიანმა Human Rights Watch-მა ისრაელისა და ჰამასის შეიარაღებულ დაპირისპირებას 84 პრეს-რელიზი და 5 სრულფასოვანი ანგარიში მიუძღვნა, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომს - 2-ჯერ ნაკლები (35 პრეს-რელიზი და 2 ანგარიში). აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული 27 000 ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს დაუბრუნდეს კუთვნილ საცხოვრებელ ადგილებს სამხრეთ ოსეთსა და ზემო აფხაზეთში. თუმცა, ორგანიზაციის ინტერესი ამ საკითხისადმი საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში მინელდა. ბოლო განცხადება, რომელშიც საუბარი იყო დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე, თარიღდება 2009 წლის 30 იანვრით. სამაგიეროდ, Human Rights Watch-ის მიერ წარმოებულმა კამპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაეროს საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც მისივე გამგეობის წევრი რიჩარდ გოლდსტოუნი ჩაუდგა სათავეში. კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მხარდამჭერი დოკუმენტების გავრცელება დღესაც აქტიურად გრძელდება (34 პრეს-რელიზი ანგარიშის გამოქვეყნებიდან), ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები საჯაროდ ადარებენ ისრაელს აპარტეიდულ რეჟიმს, ღაზას სექტორში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს კი - გენოციდსა და მასობრივ მკვლელობებს.
Human Rights Watch-ის არაპროპორციულად მცირე ინტერესი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატებოდა მეორე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ გამოჩენილ ყურადღებას. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, ამ უკანასკნელმა მხოლოდ რამდენიმე ზოგადი ხასიათის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა მხარეს მოუწოდებდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ, თუმცა არც მოვლენათა ზუსტ განვითარებას აღწერდა და არც მკაფიო პოზიციას გამოხატავდა ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევების მიმართ. რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში, Amnesty International-ი უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე, მაშინ როცა ისრაელსა და ჰამასს შორის ჯერ კიდევ ძალაში იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდა.

ზემოთ თქმულის მიუხედავად, სამართლიანი არ იქნება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულება გამორჩეულად ქართველების მიმართ გულგრილობაში. ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, უგანდელმა მეამბოხეებმა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და მათი დასახიჩრებული გვამები, შობის ღამეს, ეკლესიის საკურთხეველში გამოფინეს. ზუსტად იმავე პერიოდში შრი-ლანკის არმიამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ტამილელი ვეფხვების” წინააღმდეგ, რომლებთან ბრძოლამაც, ბოლო წლებში, 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სუდანში, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, მილიონობით შავკანიანი ქრისტიანი გახდა გენოციდის მსხვერპლი. მათ შორის, დაახლოებით 100 000, იძულებითი შიმშილით მოკლეს. მსოფლიოს მრავალ წერტილში მომხდარი მასშტაბური ტრაგედიები მხოლოდ პერიოდულად იმსახურებს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას. მათი მხრიდან არც ერთ მსგავს კონფლიქტს არ მოჰყოლია ისეთი აქტიური და ორგანიზებული მოქმედება, როგორსაც ადგილი აქვს ისრაელისა და პალესტინის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა დამცველების გადამეტებული ინტერესი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მიმართ, არც Human Rights Watch-ის დამფუძნებელ რობერტ ბერნშტეინს გამოპარვია. 2009 წელს “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ სტატიაში, მან ეს ორგანიზაცია ღიად დაადანაშაულა ისრაელის საწინააღმდეგო კამპანიასა და ტოტალიტარული სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების უგულებელყოფაში: “ირანსა და არაბულ ქვეყნებს მართავენ სასტიკი, დახურული და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც 350 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარება და რომლებიც მცირე სივრცეს უტოვებენ ან საერთოდ კრძალავენ, განსხვავებულ აზრს. ამ ქვეყნების მოქალაქეები ყველაზე მეტად იხეირებდნენ დიდი და კარგად დაფინანსებული ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღებით, მაგრამ ისინი იგნორირებულნი არიან, მაშინ, როცა Human Rights Watch-ის შუა აღმოსავლეთის განყოფილება, ანგარიშს ანგარიშზე ამზადებს ისრაელის შესახებ”.

ბერნშტეინის მოსაზრებას სტატისტიკაც ადასტურებს. NGO-Monitor-ის მონაცემებით, 2009 წელს, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების თითქმის მესამედი ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უკავშირდებოდა. ისრაელს იმაზე მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ერთად აღებულ ირანს, საუდის არაბეთს, სირიასა და ლიბიას. 2009 წელი არ ყოფილა გამონაკლისი. ბოლო ათწლეულის მანძილზე, Human Rights Watch-ის მიერ, ისრაელი შერაცხულია ადამიანის უფლებათა ნომერ პირველ დამრღვევად რეგიონში, სადაც მხოლოდ მას გააჩნია თავისუფალი პრესა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
ვერავინ უარყოფს ისრაელისა და ჰამასის შეირაღებული დაპირისპირებით გამოწვეული ადამიანური ტანჯვის მნიშვნელობას. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანასწორობის პრინციპის დაცვასა და “პრივილეგირებულ” მსხვერპლთა არარსებობას მოითხოვს.

კრიტიკის საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჩვეულებრივ, შეზღუდულ რესურსებზე მიუთითებენ. მაგრამ ის ფაქტი, რომ მათი ყურადღება, ხშირად, ადამიანური ტრაგედიის შესაბამისი არ არის, უკანასკნელი წლების მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკუთარი რესურსების განკარგვას, როგორც წესი, განაპირობებს არა იმდენად ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და მასშტაბი, რამდენადაც პოლიტიკური და იდეოლოგიური მოსაზრებები, მათ შორის დამნაშავეთა რასობრივი და კულტურული კუთვნილება. მრავალი კომენტატორი ამ მოვლენას „ადამიანის უფლებათა კომპლექსს” უწოდებს.
საქმე ის არის, რომ ადამიანის უფლებების დამცველთა საერთაშორისო საზოგადოება, ძირითადად, შედგება დასავლეთში მცხოვრები “გულისხმიერი” ადამიანებისგან, რომლებიც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებულ ვალდებულებას მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა დანაშაულს მათივე მსგავსნი ჩაიდენენ. როგორც ამერიკის მონობის საწინააღმდეგო ჯგუფის დამფუძნებელმა, ჩარლზ იაკობსმა განაცხადა, „[ამ] ზნეობრივი ადამიანებისთვის ჩვეული პასუხია: „არა ჩემი სახელით”. სამხრეთ აფრიკელი თეთრებისთვის არ უნდა მიგვეცა იმის უფლება, რომ “ჩვენი” სახელით ემოქმედათ. სამაგიეროდ, როდესაც ვხედავთ “სხვების” მიერ ჩადენილ ბოროტებას, განზე ვდგებით. ვამტკიცებთ, რომ ერთი სტანდარტით ვაფასებთ ადამიანის ქცევას, თუმცა ასე არ არის. გვეშინია, რომ ორპირობაში დაგვდებენ ბრალს: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, დასავლეთში მცხოვრებნი ვართ ის ხალხი, ვისაც მონები ჰყავდა ... რა უფლებით უნდა განვსაჯოთ სხვები?”.
„ადამიანის უფლებათა კომპლექსი” მემარცხენე პოსტკოლონიალისტური იდეოლოგიის პროდუქტია, რომელიც იოლად ხსნის გამორჩეულ აქცენტს ებრაელების, როგორც „დასავლელი, თეთრი, კოლონიალისტების” მიერ - პალესტინელების, როგორც “მკვიდრი, მუქი კანის მქონე, ღარიბების” ჩაგვრაზე. სწორედ ამიტომ არ მიიჩნიეს პრობლემად Human Rights Watch-ის ხელმძღვანელებმა 2009 წლის მაისში საუდის არაბეთში ჩასვლა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმი მართავს. ვიზიტის მიზანი იყო “ამერიკაში, ევროკავშირსა და გაეროში ისრაელის მხარდამჭერი გავლენიანი ჯგუფების” წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება. იმავე მიზეზით აიხსნება Amnesty International-თან დაკავშირებული ბოლო სკანდალი, რომელიც შეეხება მის მჭიდრო თანამშრომლობას თალიბანისა და ჯიჰადისტების მიმართ სიმპატიებით განწყობილ ორგანიზაციასთან Cageprisoners. ამ ალიანსის გამო Amnesty International-ის გენდერული განყოფილების უფროსმა გიტა საჯალმა, ორგანიზაცია საკუთარი პრინციპებისა და თალიბანის მსგავს რეჟიმთა მსხვერპლი მილიონობით უმწეო ქალის ბედის უგულვებელყოფაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ის სამსახურიდან დაითხოვეს. სალმან რუშდიმ Amnesty International-ის ამ ნაბიჯს სამართლიანად უწოდა “მორალური დეგრადაცია და ცუდის კარგისგან გარჩევის უუნარობა”.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობისა და გავლენის უპრეცედენტო ზრდას თან ახლდა გვერდითი მოვლენაც - მათი საქმიანობის პოლიტიზება. ამას ხელს უწყობდა ორგანიზაციების სტრუქტურის არადემოკრატიულობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების სისტემათა არარსებობა, რაც მათ სათავეში მყოფ პირებს, საკუთარი პოლიტიკური გეგმების რეალიზების საშუალებას აძლევდა. მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოძრაობა გადაიქცა მრავალმილიონიან ინდუსტრიად, რომელშიც ყველა მოთამაშე ცდილობს მედიის და, შესაბამისად, ფინანსური წყაროების ყურადღება დასავლური პუბლიკისთვის სენსაციურ მოვლენებზე აქცენტის გაკეთებით მიიპყროს. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება არა ისრაელი, რომელიც მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლშია, არამედ მთელ მსოფლიოში, ქართველი დევნილების მსგავსად, ეთნიკური წმენდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მსხვერპლი მილიონობით ადამიანი, რომელთა ხვედრი დასავლელ უფლებადამცველებს შორის საკუთარი ბრალისა და პასუხისმგებლობის განცდას არ აღძრავს. 

კომენტარები