უწიგნურის 7 მცნება

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასეთ აბრას წავაწყდი ერთ-ერთი ევროპული საკონსულოს მახლობლად: “შეგივსებთ ანკეტას 5 ლარად”. 
საბჭოეთმა ბევრი ფობია დამიტოვა, მათ შორის - საკონსულოების, საბაჟოების, ბორტგამცილებელი ქალების და, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელების და უცხო გარემოში დაბნევა-დეზორიენტაციის შიში...

შესაბამისად, რაც საკონსულოში ხდება ან საკონსულოების მახლობლად, ყველაფერი ძრწოლას მგვრის, თავს მაკარგვინებს და მაბნევს. ასეთ დროს საკუთარი ძალების აღარ მჯერა და მგონია, რომ იქ და იმ დროს ყველა ჭკვიანია და სანდო ჩემს გარდა.

ამიტომ, ცხადია, დავფეთდი: რა ანკეტას ავსებენ 5 ლარად? ანკეტაზე არავის არაფერი უთქვამს. მითუმეტეს, ხუთლარიანზე. ნუთუ რაღაც გამომრჩა? ნუთუ მომატყუეს?

ხოდა, ცრემლმორეულმა, შეშინებულმა შევყავი აბრის ქვეშ გამოჭრილ სარკმელში თავი და აკანკალებული ხმით ვიკითხე: რომელ ანკეტაზეა ლაპარაკი? (კინაღამ “ამხანაგოც” დავაყოლე).
- ზოგმა წერა-კითხვა არ იცის, ბატონო დათო, - “მიცნო” სარკმელში მჯდომმა კეთილგანწყობილმა არსებამ, - ჩვენ ვუწერთ ყველაფერს.

რა სისულელეა!

ვერაფრით შევეგუებოდი ასეთ აბსურდულ და ბანალურ პასუხს, - მაინც არ მოვეშვი (როგორც ჩემი, ასევე ახალგაზრდა მწერლის კრებითი სახის, ვინმე დათოს სახელითაც) და მცირე კამათის შემდეგ, ეს სიტყვები წამოვაცდენინე ამბრის ქვეშ მცხოვრებს:

- სახელ-გვარსაც ჩვენ ვუწერთ, ბატონო დათო, თვითონ ვერ წერენ!

ეს იყო შოკი. და ტრაგედია. ამჯერადაც პირდაპირ ვამბობ. ჩემი, როგორც პიროვნების და ჩემი, როგორც ახალგაზრდა მწერალი დათოსი. უფრო კი, ალბათ, მაინც ამ მეორესი.

ჩემი ერი საკუთარ სახელსა და გვარს ვერ წერს, თუკი სხვა არ დაეხმარა! თანაც - 5 ლარად.

ჩვენ კი (მწერალი დათოები) ნაწყენები ვჩხუბობთ - რატომ არ არის საქართველოში დიდი ტირაჟები! წერა-კითხვა არ გვცოდნია, ხალხო! “აი-ია”!

არ მინდა განათლების სისტემაზე წერა. ერთ გვერდში უნდა ჩავეტიო, თორემ რედაქტორი დამწყევლის.

ყოველ შემთხვევაში, ეს მიზეზია თუ სხვა, ფაქტია - ასე ცოტა წიგნი რომ იყიდება საქართველოში (უპირველეს ყოვლისა, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ), ეს მხოლოდ უფულობის ბრალი არ უნდა იყოს! აი, ჩემეული “უწიგნურის 7 მცნება”: 1. წერა-კითხვის უცოდინრობა, 2. წიგნის და წიგნიერი ხალხის შეფარული ან გაცხადებული ზიზღი, 3. სიზარმაცე, 4. დრომოჭმული სნობიზმი (“ვაიმე, ვერ ვიტან ქართულად კითხვას!” - არ დავმალავ, მძულს ამის მთქმელები), 5. ვითომ დასაქმებულობა (“10 წელია წიგნი არ წამიკითხავს, სად მცალია!” - ასეთებიც მძულს), 6. წინასწარი განწყობები (“რაც წასაკითხი იყო, წავიკითხე, არ მაინტერესებს ეხლა რას წერენ!”) და სულ ბოლო: 7. ეკონომიკური მიზეზი (“დათო N-ის წიგნი 10 ლარი ღირს? უი, რა ძვირია.” ამ დროს, ამის მთქმელი ერთი წუთითაც არ დაფიქრდება და 10 ლარს კი არა, 20, 30 და 100 ლარს გადაიხდის რომელიმე იდიოტური კონცერტის ან ფილმის ბილეთში! ახალწლეულს რესტორნებში ჯავშანდადებულ მაგიდებზე არაფერს ვამბობ. ხოლო თუკი წიგნის ყიდვაზე მიდგება საქმე, მაშინვე ვიშვიშს დაიწყებს: “უი, რა ძვირია” ან “ფუ, დათოს წიგნში ფულს როგორ გადავიხდი!”).

გაინტერესებთ, ბოლო ათწლეულის ქართული ბესტსელერების სია? და იმ წმინდა და ყოვლად პატივსაცემი ხალხის აღმნიშვნელი რიცხვი, რომელიც ბეჯითად ერთგულობს ქართულად გამოცემულ წიგნს? ამ სევდიან და მაინც ბედნიერ ამბავს შემდეგ ნომერში მოვყვები.

კომენტარები