SI, CERTO SAPERAVI

2009 წლის ზაფხულში პოპულარული კულინარიულ-ენოლოგიური ბლოგის www. vinoge.com-ის ბაზაზე ღვინის კლუბი დაარსდა. კლუბი აერთიანებს როგორც მეღვინეებს, ისე სხვადასხვა პროფესიის ღვინის მოყვარულებს. ამრიგად, კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, ვინც მეღვინეობა-მევენახეობის საკითხებით სერიოზულადაა დაინტერესებული ან, უბრალოდ, ღვინო უყვარს და სურს, ამ კუთხით ცოდნა გაიღრმაოს. სხვადასხვა ღონისძიებები, რომელსაც კლუბი გეგმავს და მასპინძლობს, კლუბის მრავალმხრივი მიზნების განხორციელებას ემსახურება. ზოგადი ჩამონათვალი ვრცელია: ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, ქართულ და უცხოურ ღვინოებზე ინფორმაციის შეგროვება. ყოველ კვირას კლუბის წევრები ან მოწვეული სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე, ეწყობა გასვლითი ექსკურსია-სემინარები და, რა თქმა უნდა, ღვინის დეგუსტაციები. 
27 თებერვალს რესტორან “პურის სახლში” ღვინის კლუბმა უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის - “საფერავის” დასაჭაშნიკებლად შეკრებილ კლუბის წევრებსა და სპეციალურად მოწვეულ ჟიურის უმასპინძლა. წარმოდგენილ იქნა ქართულ ბაზარზე არსებული საშუალო და დაბალი, 20 ლარამდე ღირებულების 16 «საფერავის» ნიმუში. დეგუსტაცია მიმდინარეობდა ბრმად, 20-ბალიანი სისტემით. მოწვეულ ჟიურიში შედიოდნენ კომპეტენტური ენოლოგები: ზურაბ სტურუა, გიორგი სამანიშვილი, კახა ჭოტიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი; სომელიე მაგდა სურგულაძე და ღვინის კრიტიკოსი, „ღვინის კლუბის” პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. 16 კომპანიის “საფერავის” დაგემოვნებამ სამ საათს გასტანა. ბოლოს, მოწვეული ჟიურის ქულები და ღვინის კლუბის წევრების შეფასებები ცალ-ცალკე შეჯამდა. მიუხედავად ამისა, შედეგები არსებითად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ორივე შემთხვევაში ყველაზე მაღალი შეფასება გერმანულ-ქართული კომპანიის «შუჰმანის» «საფერავმა» (2008) დაიმსახურა. ქვემოთ მოცემული ორივე შეფასებით ნათლად ჩანს, რომ «საფერავების» ხარისხისა მათი სარეალიზაციო ფასის შესაბამისობა უმეტესად დარღვეულია: შედარებით დაბალფასიანმა ღვინოებმა უფრო მაღალი ქულები მიიღეს.

2010 წლის 27 თებერვლის «საფერავის» დეგუსტაციის შედეგები:
«ღვინის კლუბის» წევრთა შეფასებით:

1. «შუჰმანის ღვინოები» – «საფერავი» 2008
(16,5 ქულა,10.50ლ)
2. «ენისელის ღვინოები» – «საფერავი» 2007
(16,1ქულა 10.80ლ)
3-4. «ხარება» – «საფერავი» 2008 და «თელავის ღვინის მარნის» «საფერავი» (წელი მითითებული არ იყო) ორივეს 13.9 ქულა ერგო (9.00ლ ,13.20ლ)
5. «ბადაგონი» – «საფერავი» 2007 (13,5 ქულა 14.00ლ)
მოწვეული ჟიურის შეფასებით:
1. „შუჰმანის ღვინოები“ – «საფერავი», 2008
(17,8 ქულა, 10.50ლ)
2. „ხარება“ – «საფერავი», 2008 (17,4 ქულა, 9.00ლ)
3-4. ადგილები – 16,6 ქულით გაიყო: «თელავის ღვინის მარნის» (წელი მითითებული არ იყო) და «ენისელის ღვინოების» – «საფერავი», 2007
(13.20ლ, 10.80ლ)
5. «ქინძმარაულის მარანი» – «საფერავი» 2006 წ.
(15,7 ქულა,14.10ლ)

ამ ჩამოსხმების უმეტესობის შეძენა შესაძლებელია მაღაზია «ღვინის სამყაროში» ან «გუდვილში».

თბილისის ღვინის მაღაზიები:
«ღვინის სამყარო» –
რ. ლაღიძის 2. ტ: 98 95 84;
«ვინოთეკა» – ლესელიძის 33, ტ: 47 60 11;
«ქინძმარაულის მარანი» – ი. ჭავჭავაძის გამზ. 56.
ტ.: 25 03 20;
«ტარო ინვესტის ღვინის სარდაფი» – ი. ჭავჭავაძის გამზ. 62.
ტ: 22 22 27;
«ღვინის სახლი» – ლესელიძის ქ. 55; პეკინის ქ. 45, ტ: 37 22 54;
«ვინოსიმო» – კავსაძის 7.
ტ: 22 32 23;
«ვინოშოკი» – თამარაშვილის ქ. 10. ტ: 39 95 36;
ჰიპერმარკეტი «გუდვილი» – ფარნავაზის გამზ. 2.
ტ: 24 36 70.

თუ ღვინო და კულინარია გიყვართ და მსგავსი ღონისძიებები გაინტერესებთ, მიმართეთ ბლოგს ღვინისა და გემოვნების შესახებ:
www.vinoge.ge. აქედანვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას და კლუბში გაწევრიანდეთ.


 

 

კომენტარები