სეპარატიზმი

სეპარატიზმი თანამედროვე მსოფლიოში

სეპარატიზმი იმ საკითხთა შორისაა, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონულ/მსოფლიო პოლიტიკას. ტერორიზმთან ერთად ის გლობალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. სეპარატიზმის კერები, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გვხვდება. მას არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები, არამედ ძლიერი სახელმწიფოებიც მწვავედ განიცდიან. დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან ბასკეთი და კატალონია - ესპანეთში, პადანია - იტალიაში, კვებეკი - კანადაში, უიღურები და ტიბეტელები - ჩინეთში. რეგიონულ თუ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის მქონე სეპარატისტულ მოძრაობათა რიცხვი ასს აღწევს.

სეპარატიზმი არის ხალხთა ჯგუფის მიერ ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური მიზეზით სხვა ჯგუფისაგან განცალკევების მოთხოვნა. თვითგამორკვევა კი საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც გულისხმობს ხალხთა ჯგუფის მიერ საკუთარი იურიდიული და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის უფლებას. ეს შეიძლება გამოიხატოს გაფართოებული უფლებების, ავტონომიის ან სუვერენიტეტის მოთხოვნით. სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურვილს შეიძლება სეცესია ანუ სახელმწიფოსგან ტერიტორიის გამოყოფა მოჰყვეს. სწორედ აქ გადის პრობლემატური ზღვარი თვითგამორკვევასა და სეპარატიზმს შორის. სეპარატიზმი ერთმანეთს უპირისპირებს თვითგამორკვევის უფლებასა და საერთაშორისო სამართლის არანაკლებ მნიშვნელოვან, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს.

თვითგამორკვევის უფლება გვხვდება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში. მათგან უმნიშვნელოვანესია: გაეროს ქარტია; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო კონვენცია. თითოეულ მათგანში განზოგადებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც თვითგამორკვევის უფლების ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შედეგად, სეპარატიზმის ცალკეულ შემთხვევებს, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ახსნა მოუძებნონ.

სეცესია ორგვარია - მხარეებს შორის მოლაპარაკებით და ცალმხრივი. პირველ შემთხვევაში მხარეები ათანხმებენ ქვეყნისგან ტერიტორიის გამოყოფის პირობებს. ასე, მაგალითად: 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის ფედერაციის წევრები - ჩეხეთი და სლოვაკეთი - შეთანხმდნენ ფედერაციის დაშლაზე და ახალი სუვერენული სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს; გაეროს აქტიური მონაწილეობით, ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორში რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობამ დამოუკიდებლობის სურვილი გამოხატა; ჩერნოგორიამ ასევე რეფერენდუმით გადაწყვიტა იუგოსლავიის ფედერაციიდან გამოსვლა, ფედერაციის მეორე წევრ - სერბეთთან შეთანხმებით. ამგვარი მოლაპარაკება წახალისებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ცალმხრივი სეცესია გაცილებით პრობლემური საკითხია. ხშირად მას ძალადობა და სამხედრო დაპირისპირება მოსდევს.

სეპარატიზმის საკითხის მოგვარებაში უმეტესწილად პოლიტიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს, თუმცა მხარეებს სამართლებრივი მხარდაჭერაც სჭირდებათ.
საერთაშორისო სამართალის მიხედვით, ცალმხრივი სეცესია დაშვებულია კოლონიურ ან უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ერთეულთათვის. ამ სამართლებრივი უფლებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკოლონიზაციის შედეგად, ასამდე სახელმწიფო შეიქმნა; ოკუპანტებისგან გათავისუფლდნენ: აღმოსავლეთ ტიმორი, ერიტრეა და ნამიბია.
ახალი სახელმწიფოს შექმნისას, თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები არ უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. გადამწყვეტია იმ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც გამოეყო ტერიტორია. თუ ქვეყანა არ აღიარებს ახალ სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოება თავს იკავებს მისი ცნობისგან - გარდა დეკოლონიზაციის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნებისა, ვერც ერთი სეცესიონისტური ქვეყანა ვერ გახდა გაეროს წევრი.

სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1) ჰყავდეს მუდმივი მოსახლეობა;
2) ფლობდეს განსაზღვრულ ტერიტორიას;
3) ჰყავდეს მთავრობა;
4) ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

ხსენებული კრიტერიუმებიდან აღსანიშნავია მესამე. „მთავრობა” მრავალფეროვნად შეიძლება განიმარტოს. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, მთავრობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის „ეფექტურობას”, რაც მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა შეეძლოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესრულება. ამ განსაზღვრებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოებამ 1930-იან წლებში არ აღიარა იაპონიის მიერ შექმნილი მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-გო, 1990-იან წლებში კი - აღმოსავლეთ სლავონია და კრაიინა.

ცალმხრივი სეცესიის სამართლებრივი თვალსაზრისით განხილვისას გასათვალისწინებელია კვებეკის პრეცედენტი, რომელიც რამდენადმე განსხვავდება თვითგამორკვევის სხვა შემთხვევებისგან. კანადის ეს პროვინცია, დანარჩენებისგან განსხვავებით, ფრანგულენოვანია. ლინგვისტური განსხვავების გამო, კვებეკს დამოუკიდებლობა სურს. კანადის ფედერალურმა მთავრობამ მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს კვებეკის ცალმხრივად გამოყოფის ლეგიტიმურობის განსასაზღვრად. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების 38-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საერთაშორისო სამართლის მეორადი წყარო. არ არის მითითებული, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო სასამართლოების მიერ უნდა იყოს მიღებული. შესაბამისად, ამ საქმემ მოგვცა მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ სეპარატიზმის სხვადასხვა შემთხვევების სამართლებრივი კუთხით განხილვისას.
კანადის უზენაესმა სასამართლომ კვებეკის სეცესიის საქმე 1998 წელს განიხილა. დადგინდა, რომ კანადის კანონმდებლობის მიხედვით, კვებეკს არ აქვს ცალმხრივად გამოყოფის უფლება. კვებეკის ცალმხრივი სეცესია ეწინააღმდეგება კანადის კონსტიტუციას, კერძოდ კი ფედერალიზმის, კანონის უზენაესობის, უმცირესობათა უფლებების და სხვა პროვინციებში დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. იგივე გადაწყვეტილება კანადის სასამართლომ დაადასტურა საქმის საერთაშორისო სამართლის მიხედვით განხილვისას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სეცესიის უფლება წარმოიშობა კოლონიური მმართველობის ან ოკუპაციის შემთხვევაში. ასევე, თუ მოცემულ ქვეყანაში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი არის დისკრიმინაციის, დომინაციის, ჩაგვრის, ექსპლუატაციის ობიექტი. თუ ხალხს არ აძლევენ თვითგამორკვევის შესაძლებლობას ქვეყნის საზღვრებში, მაშინ მას აქვს ცალმხრივი სეცესიის უფლება. სხვა შემთხვევაში ხალხთა ჯგუფმა მოცემული ქვეყნის ფარგლებში უნდა ისარგებლოს თვითგამორკვევის უფლებით. თუმცა, თუ დამოუკიდებლობის სურვილს კვებეკის მოსახლეობის უმრავლესობა რეფერენდუმზე გამოხატავს, კანადის ფედერალური მთავრობა იძულებული იქნება სეცესიის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.
შემთხვევა, რომელსაც მძაფრი და არაერთგვაროვანი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა, არის კოსოვო. მას ხშირად ადარებენ სეპარატიზმის სხვა გამოვლინებებს. 2008 წელს კოსოვო ცალმხრივად გამოეყო სერბეთს, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მისი სუვერენულობა აღიარა მსოფლიოს სამოცდაათამდე ქვეყანამ.
კოსოვოს ტერიტორია მეოცე საუკუნემდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის სამეფოში აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი - იუგოსლავიის ფედერაციაში. მეოცე საუკუნეში კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენდნენ. ამჟამად, კოსოვოს ორმილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 90% ეთნიკურად ალბანელია, 5% კი - სერბი.
დიდი ხნის მანძილზე არსებული შუღლი სერბებსა და კოსოვოს ალბანელებს შორის 1980-იან წლებში გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1998-1999 წლებში კოსოვოს ომმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. კოსოვოში იუგოსლავიის ფედერაციის განსაკუთრებულ ძალადობას მოჰყვა NATO-ს სამხედრო ჩარევა და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვა.
კოსოვოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არგუმენტი ძალადობრივი ქმედებებია. სერბებს არ მიუციათ კოსოვოს ალბანელებისთვის თვითგამორკვევის უფლება და მათ წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ. ამის გამო სერბეთმა დაკარგა უფლება ტერიტორიაზე, ხოლო კოსოვოს მოსახლეობის თვითგამორკვევის ერთადერთ გზად ცალმხრივი სეცესია იქცა.
2009 წელს სერბეთმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, რათა ამ უკანასკნელს საერთაშორისო სამართლის მიხედვით განესაზღვრა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კანონიერება. საქმის განხილვა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადს გასტანს, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი მივიღოთ.

 

კომენტარები