ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ

0 კომენტარი

ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი 8 აპრილს პრაღაში შეხვდებიან. ჩეხეთის დედაქალაქში აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. პრეზიდენტ ობამას ინიციატივით, რუსეთი და აშშ საკუთარი ბირთვული არსენალის 30%-ით შემცირებას გეგმავენ. აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, ხელშეკრულება „საფუძველს ჩაუყრის მსოფლიოს ბირთვულ განიარაღებას”. პარლამენტების მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, შეთანხმება აშშ-სა და სსრკ-ს შორის ცივი ომის დროს გაფორმებული „სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემცირების პაქტის” შემცვლელი გახდება. პაქტს 2009 წლის 5 დეკემბერს გაუვიდა ვადა.
ამ ხელშეკრულებას ობამა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის პოლიტიკის” ქვაკუთხედად მიიჩნევს. მას სურს, მაგალითი მისცეს ირანს და ჩრდილოეთ კორეას და შეცვალოს მათთან დისკუსიის ფორმატი. რუსეთთან თანამშრომლობით, ობამა ცდილობს დაარწმუნოს ბირთვული რეჟიმები, რომ აშშ მზად არის ბირთვული იარაღის სრული ლიკვიდაციისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, რუსეთ - ამერიკის ხელშეკრულებით „სახიფათო” სახელმწიფოები ბირთვული განიარაღების საკითხებში თანამშრომლობის მაგალითს დაინახავენ, რაც შემდგომში შეიძლება მათი ბირთვული გეგმების გადახედვის საფუძველი გახდეს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების ზემოქმედებით ბირთვული ამბიციები დაიოკონ.
ცივი ომის დასრულების შემდეგ როლები შეიცვალა. თუ მანამდე ბირთვული განიარაღების ინიციატივა საბჭოთა კავშირისგან მოდიოდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბირთვული განიარაღების კუთხით აშშ უფრო აქტიურობს. საბჭოთა კავშირის სამხედრო უპირატესობის პირობებში, ბირთვული იარაღი კომუნისტური ექსპანსიის შეკავების პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა. ბოლო 20 წლის მანძილზე რუსეთმა დაკარგა ეს უპირატესობა როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან. ბირთვული იარაღი ახლა უკვე რუსეთისთვის ასრულებს დასავლეთიდან ნატოს, აღმოსავლეთიდან ჩინეთის, ხოლო სამხრეთიდან ისლამიზმის შემაკავებლის ფუნქციას.
თავის დროზე გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ შმიტმა „ზემო ვოლტა ბირთვული იარაღით” უწოდა საბჭოთა რუსეთს. დღეს ბირთვული იარაღი ძლიერის სტატუსის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია რუსეთისთვის.
ობამას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბირთვული განიარაღების იდეის რწმენა მისი მხრიდან გულუბრყვილო იდეალიზმია. მათი აზრით, რუსეთის ბირთვული პროგრამების მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება, რადგან, ახალი ხელშეკრულებით, რუსეთის ბირთვული ქობინების კონტროლი მათივე მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება. აქამდე ბირთვულ რეაქტორებსა და ქობინებს რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო და ამერიკელი ინსპექტორები უწევდნენ მონიტორინგს. 2009 წლის დეკემბრის შემდეგ რუსეთმა ქალაქ ვოტკინსკის ბირთვული ქარხნის ბაზაზე ამერიკელ ინსპექტორებს მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მისცა.
რესპუბლიკელებს არ სჯერათ, რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სახელმწიფოების ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას კეთილსინდისიერად შესრულებენ. სწორედ ამიტომ ისინი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დანერგვაზე აკეთებენ აქცენტს. დემოკრატიული პარტია, რომელშიც ანტისაომარი ფრაქცია დიდი გავლენით სარგებლობს, ტრადიციულად ეწინააღმდეგება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებას. თუმცა, როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა უარყვეს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც, ბირთვული იარაღის შემცირების პარალელურად, ხელშეკრულებაში აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემებისა და გადამზიდი საშუალებების შემცირებასაც გულისხმობდა.
ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ხელშეკრულების დასამტკიცებლად ობამას და მედვედევს საკუთარი ქვეყნების კანონმდებლების მხარდაჭერა დასჭირდებათ. აშშ-ს სენატში ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის ხმათა 2/3-ია საჭირო. ჯანდაცვის რეფორმის დაკანონებისას რესპუბლიკელთა სრული იგნორირების გამო ობამას, სავარაუდოდ, გაუჭირდება ხმათა საკმარისი რაოდენობის შეგროვება. მან ბირთვული არსენალის მოდერნიზაციასა და ახალი თაობის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზეც უგულებელყო რესპუბლიკელთა აზრი. პოლიტიკური ოპონენტების შეთავაზებებს ობამამ ბირთვული განიარაღების იდეით უპასუხა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები