მოდური კვირა

0 კომენტარი
ფოტო: ონ ორა ტუ ვუ, შემოდგომა ზამთარი . 2010

ვისაც რაიმე კავშირი აქვს ქართულ მოდასთან, ემახსოვრება, რომ 90-იანი წლების ბოლოს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე, ავანგარდული მოდის ასამბლეა იმართებოდა. შარშან ჩატარდა თბილისის მოდის კვირეული (გაზაფხული/ზაფხული 2009), რომელიც სულ რაღაც სამ კვირაში ისევ გაიმართება, მაგრამ ისეთი დიდი ფინანსური მხარდაჭერა, როგორიც საქართველოს მოდის კვირეულს ჰქონდა, მოდას საქართველოში ჯერ არ ჰქონია, რაც კვირეულის პატრონის, პარლამენტის თავმჯდომარის მოეუღლის, მაკა მეტრეველის დამსახურებაა.
სხვა თემაა, თუ რატომ მოუნდა მას ამ პროექტის განხორციელება და მსგავსი სტატუსის მქონე ქალბატონებისთვის დამახასიათებელ საქველმოქმედო საქმიანობას რატომ ამჯობინა ტანისამოსის ინდუსტრიის პატრონაჟი, მაგრამ მოდის კვირეული შედგა და საერთაშორისო კრიტიკა და ადგილობრივი მოწონებაც დაიმსახურა.
მარტის შუა რიცხვებში, მრავალი ტელეანონსის შემდეგ, გაიხსნა მხოლოდ ინგლისურენოვანი საიტი (www.fashionweek.ge), რომელიც საქართველოს მოდის კვირეულის შესახებ მწირ ინფორმაციას აწვდიდა და აწვდის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც ინგლისური ენა იცის - ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ზოგიერთმა ტელეარხმა საქართველოს მოდის კვირეულს „ფეშენ ვიკი” უწოდა.
26 მარტს წითელ ხალიჩაზე, გაძლიერებული დაცვის თანხლებით, გაიხსნა საქართველოს მოდის კვირეული - დავით ბაქრაძისა და მაკა მეტრეველის ოჯახი სტუმრებს ეგებებოდა. ქალბატონმა მაკამ თავისი ქვეყნისადმი სიყვარული ავთანდილ ცქვიტინიძის ტანისამოსით გამოხატა, ბატონმა დავითმა კი აღნიშნა, რომ „ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება ისეთი ევროპული ფასეულობა, როგორიც მოდაა”.
იმ საღამოს საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობით მოეკიდა მოსაწვევებზე მითითებულ დრეს კოდს და ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე საზეიმოდ მოკაზმული გამოცხადდა. სტუმრებმა დიდი ეკლექტიკა და ენთუზიაზმი შემოგვთავაზეს - უკიდურესი სურვილი, ბრწყინავდე იქ, სადაც ამას ყველაზე მეტად აფასებენ. ქალების დიდ ნაწილს მოკაზმულობაში ყოყმანი ეტყობოდა, „მოდი, ამას ვცდი”, „ეს არ მიხდება”... რამდენიმე ქალბატონმა ვერ მოახერხა დამალვა, რომ ასეთი გრძელი კაბა პირველად ჩაიცვა, რაზეც უხერხული პლასტიკა მეტყველებდა. იყო ლუი ვიტონის ფეხსაცმელი, სონია რიკიელის ეიჩ ენდ ემისთვის შექმნილი კოლექცია, მარკ ჯაკობსისა და დიორის ერთი-ორი ჩანთა, ლანვანსაც მოვკარით თვალი და ლანვანის არაერთ ასლსაც. სტუმრების ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, უცნობი ავტორების ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
კვირეული, რომელშიც 19 დიზაინერი და 2 ქართული ბრენდი - დალოოდ და ატელიე ინფორმალი იღებდენ მონაწილეობას, პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის ჩვენებით გაიხსნა. დარბაზში სკამების დიდ ნაწილს სპონსპორების სახელები ეწერა, ასევე დიდი ნაწილი იყო წარწერით government (ისევ მხოლოდ ინგლისურად), მაგრამ ორგანიზატორებმა ჩამოსული სტუმრებისთვის სკამების დაკავება დროულად მაინც ვერ მოახერხეს და ჩვენება დიდი დაგვიანებით დაიწყო.
პრეტ-აპორტე კვირეულის მაღალი მოდის კოლექციის (ოტ კუტურის) ჩვენებით გახსნა, ეტყობა, საზეიმო განწყობის შესანარჩუნებლად გადაწყდა. ირაკლიმ სურეალისტური სამყარო გვიჩვენა: ძალიან უხეშ კომბინაციებში გადაწყვეტილი უჩვეულო ფაქტურები, ხშირ შემთხვევაში ქალებს რაღაც უცნაურ არსებებად აქცევდა და არავითარი კავშირი არ მყარდებოდა დღევანდელობასა და პოდიუმს შორის. ჩვენების ბოლოს ერთ-ერთი მოდელი კოსტიუმის დეტალებში გაიხლართა და უხერხულად დაეცა. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა სტუმარმა მოახერხა დახმარება.
მომდევნო დღიდან საქართველოს მოდის კვირეულმა უფრო საქმიანი სახე მიიღო: სამი დღის განმავლობაში, დღის 2 საათიდან, ყოველ ერთ საათში ჩვენებები იმართებოდა. პირველი ორი დღის დასკვნითი შოუები უცხოელ სტუმრებს დაეთმო. ესენი იყვნენ: კრისტოფ ჟოზე, აგატა რუიზ დე ლა პრადა (ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს მიუჩია პრადა ეგონა) და ონ ორა ტუ ვუ. სასიამოვნოა, რომ უკვე ნაცნობი სახელების გვერდით იყო ბევრი ახალი, დებიუტანტი დიზაინერი.
ირაკლი რუსაძის კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ბაზრის ლიდერმა ავთანდილმა ორი კოლექცია წარმოადგინა: მამაკაცის ახალი ხაზი და ქალის ტანისამოსის კოლექცია, რომლითაც საქართველოს მოდის კვირეული დაიხურა. თამუნა ინგოროყვას აზრით, „მოდის კვირეულმა გაამართლა, კარგი იდეაა. უნდა განვითარდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს. ეტყობა, რომ ყველამ ბევრი იშრომა.”
ჩვენების პარალელურად მოეწყო გამოფენა, რომელზეც სტუმრებს, ჟურნალისტებს ან ყიდვის მსურველებს უშუალოდ შეეძლოთ ტანისამოსის ნახვა და ავტორებთან საუბარი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები