დეცენტრალიზაცია: ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან

0 კომენტარი

დეცენტრალიზაცია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქ სკოლაში ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის ზრდა იგულისხმება, სახელმწიფოს (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება) როლის შემცირების ხარჯზე. დეცენტრალიზაცია ეხება სისტემის ფინანსურ მართვას, ადმინისტრირებასა და სასწავლო პროცესის რეგულირებას. რატომ არის მნიშვნელოვანი სისტემის დეცენტრალიზაცია და როგორი მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით?
დეცენტრალიზაციის პირობებში სკოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულია. სისტემა უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალეა, გადაწყვეტილებაში ჩართული ადამიანები მეტად კმაყოფილნი არიან. რაც ნაკლები ბიუროკრატიული რგოლი მონაწილეობს, მით სწრაფია მართვის პროცესი.

2004 წლამდე ფუნქციონირებდა სისტემა, სადაც სკოლა ხელისუფლებისგან ელოდა გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი მასწავლებელი უნდა დასაქმდეს, რამდენი მერხი შეკეთდეს, რამდენი საკონტროლო ჩატარდეს, როგორ ეცვათ მოსწავლეებს და რამდენჯერ წავიდნენ ექსკურსიაზე, რა წიგნებით შეივსოს ბიბლიოთეკა, რამდენი ცარცი, წყალი და ელექტროენერგია დაიხარჯოს, რა ფერის იყოს სკოლის ინტერიერი და როგორი იყოს ბუფეტის მენიუ. მართვის ამგვარი სისტემა სკოლაში პრობლემების გადაჭრის სურვილის დაკარგვას ან შემოვლითი, გაუმჭვირვალე, კორუფციული გზების ძებნას უწყობდა ხელს. სკოლაში დროულად რომ გამოცვლილიყო ნათურა, ხელისუფლების გადაწყვეტილების ლოდინის ნაცვლად, აგროვებდნენ ფულს. რადგან სკოლა სრულფასოვანი დაწესებულება არ იყო, მას არ ჰქონდა საკუთარი საბანკო ანგარიში. ამიტომაც ანგარიში იხსნებოდა კერძო პირის ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე. ეს იწვევდა მშობლების უნდობლობას, არამიზნობრივ ხარჯვას და სკოლის ავტორიტეტის შელახვას.

რესურსების მართვის გარდა, დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვისაც. მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა გაკვეთილების ცხრილი, სასწავლო საათების რაოდენობა, შეფასების ინტენსივობა ან დასწრების უზრუნველყოფა, სკოლის დონეზე გადაწყდეს, რადგან სკოლების საჭიროებანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთ სკოლაში სულ ოციოდე მოსწავლე სწავლობს, ზოგში კი - ათასზე მეტი. ზოგი სკოლის თემი ჩართულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ზოგ სკოლაში შედარებით მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა,ზოგან მოსწავლეების დიდ ნაწილს მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს. ზოგ სკოლაში ტრადიციულად გაძლიერებულად ისწავლებოდა რაიმე მიმართულება.

წინა წლებში, თვითმმართველობის როლის ზრდასთან ერთად, შეიქმნა ანგარიშვალდებულებათა ახალი სისტემა. ადრე სკოლის დირექტორი საკუთარი დამქირავებლის, სახელმწიფოს წინაშე იყო პასუხისმგებელი. ახლა ის სასკოლო თემის წინაშეც არის ანგარიშვალდებული. დირექტორს სკოლა ირჩევს და მისი წარმატებაც ამომრჩევლების, მასწავლებლებისა და მშობლების შეფასებაზეა დამოკიდებული. ისინი ირჩევენ სამეურვეო საბჭოებსაც, რომლებიც, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, სკოლის ბიუჯეტის შედგენაში უნდა მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს პედაგოგიური საბჭოები უნდა იღებდნენ. ამ სისტემის დანერგვა 2005 წლიდან დაიწყო და, წესით, ახლაც უნდა გრძელდებოდეს.

დეცენტრალიზებული სისტემის დანერგვა დღეს მნიშვნელოვნად ფერხდება. ეს თვალსაჩინოა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. სკოლის დირექტორების არჩევნები 2007 წელს დაიწყო. ჩატარდა არჩევნების პირველი ეტაპი. სამეურვეო საბჭოებმა საქართველოს სკოლების თითქმის ნახევარში ახალი დირექტორები დაიქირავეს. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უკვე მესამე წელია, რაც ეს პროცესი წინ არ წაწეულა. ამ პერიოდში არჩეული დირექტორების ნაწილმა თავისით დატოვა თანამდებობა, ნაწილი კი სამინისტრომ დაითხოვა. შედეგად სკოლების უმეტესობას მართავს არა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, არამედ ცენტრალიზებულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

სამეურვეო საბჭოებს ძირითადი მოვალეობების განსახორციელებლად სათანადო პირობები არ აქვთ. ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი სკოლების დაფინანსების მოცულობაა. საქართველოს სკოლების უმეტესობაში ვაუჩერული დაფინანსება გამართულად არ ფუნქციონირებს. ამ სკოლებს არ ჰყოფნით მოსწავლეების რაოდენობით განსაზღვრული თანხა და იძულებულნი ხდებიან, სამინისტროს სთხოვონ დაფინანსების გაზრდა. ეს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებას იწვევს. სკოლას არ რჩება განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი თანხა, რომლის გამოყენების გზების შესახებ სამეურვეო საბჭომ უნდა იმსჯელოს. სამეურვეო საბჭოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - სკოლის განვითარებაზე ზრუნვა - ფინანსური მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი.

დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მხრივ უარყოფითია ისიც, რომ 2009 წლიდან სამინისტრო სულ უფრო მეტად მონაწილეობს სკოლის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ დროიდან სამინისტრო სამეურვეო საბჭოში თავის წარმომადგენელს ნიშნავს. შედეგად, სამინისტრომ დაკარგა დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია.

შარშან სახელმძღვანელოების არჩევა სკოლის პასუხისმგებლობა იყო, სახელმწიფოს კი მხოლოდ სახელმძღვანელოების შეფასების ფუნქცია ჰქონდა. წელს პროცესი ხელახალი ცენტრალიზაციის მიმართულებით წარიმართა. სახელმწიფო, ისევე როგორც მანამდე, დასაშვები სახელმძღვანელოების სიას ზღუდავს. სკოლა დამოუკიდებლად ვეღარ ადგენს, რომელი სახელმძღვანელოა საკმარისად ხარისხიანი - საბჭო მხოლოდ ცენტრალიზებულად მოწონებული სახელმძღვანელოებიდან ირჩევს.

ცენტრალიზებული მიდგომის მაგალითია ისიც, რომ სკოლის წარმომადგენლებს ინტერვიუების მიცემის წინ სამინისტროსთან შეთანხმება ურჩიეს. ამგვარ მიდგომაზე ის შეზღუდვებიც მეტყველებს, რომლებიც მასწავლებელთან კონტრაქტის გაუქმებას ართულებს. ეს განათლების ხარისხზე დირექტორების პასუხისმგებლობასაც ამცირებს. კიდევ ერთი მაგალითია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის სპეციალური სტატუსის „აღდგენის” ინიციატივაც (ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და სხვა). სინამდვილეში, მოქმედი კანონმდებლობით, რაიმე მიმართულებით სასწავლო პროცესის გაძლიერება ნებისმიერ სკოლას შეუძლია თავად ამ სკოლის გადაწყვეტილებით.

ცენტრალიზაციის ტენდენცია უარყოფითად იმოქმედებს სისტემის განვითარებასა და სისტემაში ჩართული ადამიანების კმაყოფილებაზე. სკოლებში მომუშავე ადამიანებს უმცირდებათ პასუხისმგებლობა, რადგან მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სახელმწიფო იღებს. ცენტრალიზაციის პირობებში, ყოველდღიური საქმიანობის შენელების გარდა, სიახლეების დანერგვაც ფერხდება. პროფესიულ განვითარებაზე, შემოქმედებით მიდგომებზე ორიენტირებულ ადამიანებს მოტივაცია უმცირდებათ, რადგან ნაკლები გავლენა აქვთ პროცესებზე. სხვებს კი, პასუხისმგებლობის ჩამორთმევით, საუკეთესო საშუალება ეძლევათ, საკუთარი წარუმატებლობაც სახელმწიფოს გადააბრალონ. სახელმწიფოს გაზრდილი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად საჯარო მოხელეების რაოდენობის ზრდა სჭირდება. ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ფინანსები, რომელიც მოსწავლეს სკოლაში უნდა მიჰყვებოდეს და იქ იხარჯებოდეს, ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებას ხმარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები