ხავინიესტა

0 კომენტარი

ორ თვეში სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მეცხრამეტე ჩემპიონატი იწყება. და სანამ ეს მოხდება, სანამ აგარაკებზე დაგვიწყია სირბილი ალუჩა-ბალ-ალუბლებით, ნაყინით და ცივი ლუდით, სანამ კიდევ უფრო გაბუღულა ტოტალიზატორები, მე და ბიძინა ბარათაშვილი რვა ფავორიტს წარმოგიდგენთ: ბრაზილია, არგენტინა, ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. მოდი, ამ უკანასკნელით დავიწყოთ, რადგან ყველაზე დიდი შანსი, გახდეს პირველი, სწორედ მას აქვს. 

ესპანეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია და, ბუნებრივია, აფრიკაში სერიოზული ამბიციებით ჩადის. ბუნებრივი იმიტომაა, რომ ესპანელებმა შარშანწინ თითქმის იდეალური ფეხბურთი ითამაშეს. ეს კი, ამ შემთხვევაში, ტიტულზე ბევრად მნიშვნელოვანია - გავიხსენოთ ევრო 2004-ის პროლეტარი, ერთფეროვანი გამარჯვებული საბერძნეთი, რომელიც ორი წლის შემდეგ მსოფლიოზე საერთოდ ვერ მოხვდა.

ამ ფორმაციის ესპანეთს, რომლის არქიტექტორიც ლუის არაგონესია, პრინციპში, ნაკლი საერთოდ არ აქვს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. ერთად დავრწმუნდეთ:

შემადგენლობა. ერთმანეთზე უკეთესი ოთხი მეკარე: დიეგო ლოპესი, ვალდესი, რეინა, კასილასი. ასეთი მდიდარი არჩევანი ისეთი დიდი სამეკარეო სკოლის წარმომადგენლებსაც კი არ აქვთ, როგორიც იტალია და გერმანიაა. არ აქვთ და არც ჰქონიათ. დაცვის ცენტრში - შეუდარებელი პუიოლი და პროგრესის განსახიერება პიკე, მარცხნივ - კაპდევილა ან არბელოა, მარჯვნივ კი - სერხიო რამოსი.

დიდი კონკურენციაა თანამედროვე ფეხბურთის ამოსავალ წერტილზე, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე: ავსტრია-შვეიცარიაში გაბრწყინებული ბებერი სენა, ხაბი ალონსო და ახალგაზრდა ბუსკეტსი. მათ გარშემო კი, ორი ადამიანის დიფუზიის წყალობით, სამყარო ტრიალებს: ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა, ორი აკადემიკოსი, ორი ინტელექტუალური ხულიგანი, ორი მოლეკულა, რომელთა შერწყმაც გამანადგურებელ ენერგიას გამოიმუშავებს. ძალიან მაგარია ცალკე ხავი, ძალიან მაგარია ცალკე ინიესტა, მაგრამ მათი კოოპერაცია სულ სხვა კალიბრის სანახაობას ქმნის. ამიტომაც შეარქვეს ორს ერთი სახელი - ხავინიესტა.

ბეტონის ზურგის გარდა, ხავინიესტას გრანდიოზულ იდეებს ფრთებიც ესაჭიროება, ნისკარტიც და ესპანეთის ნაკრებში არც ამ მხრივაა პრობლემა - ფაბრეგასი, დავიდ სილვა, ნავასი და მატა ნახევარდაცვაში - მსგავს სუნელებს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. რაც შეეხება ნისკარტს - ვან ბასტენის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი ტორესი და პატარა ვილია დიდი საგოლე მუღამებით.

რაც მთავარია, ამ რგოლებს შორის სრული ჰარმონიაა. ბურთი წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ და დიაგონალებზე ისე დაგორავს, რომ მოწინააღმდეგე მასთან შეხებაზე იწყებს ოცნებას და ამ დაჭერობანაში იღლება, ნერვიულობს, გულისრევა ეწყება და შეცდომები მოსდის. ესპანეთთან შეცდომა კი გოლია.

მწვრთნელი. მშვიდი, ბუნჩულა ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც თავის დროზე რეალის სუპერსტარები მოათვინიერა და ორჯერ ლიგა მოაგებინა. ის მიხვდა, რომ არაგონესმა ბრწყინვალე სისტემა შექმნა და ამ სისტემას არც გაკარებია. ანუ ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა დაიტოვა - გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება.

ფსიქოლოგია. ამ კუთხით ესპანელებს ყოველთვის უჭირდათ. კი, ბრწყინვალედ ატარებდნენ საკვალიფიკაციო ციკლებს; დიდ ტურნირებზე, უმეტესად, ძალიან კარგი შემადგენლობით ჩადიოდნენ, თამაშობდნენ ლამაზად, საინტერესოდ, იგებდნენ დიდი ანგარიშებით და უცებ, რაღაც მომენტში, ყველაფერს საკუთარი ხელით (თუ ფეხით) ისროდნენ ნაგვის ყუთში. არაგონესმა კი შეუძლებელი შეძლო, ეს ნაგვის ყუთი მოხუფა და სეიფში შეინახა, სეიფში, რომელიც გარედან არ იღება, მხოლოდ შიგნიდან თუ გასკდება.

არაგონესმა საბჭოური კომპლექსი დაამსხვრია: მანამდე ესპანეთის ნაკრები იყო კატალონიელების, ანდალუზიელების, ბასკების, გალისიელების და სხვათა გაერთიანება (როგორც სსრკ-ს ნაკრები ქართველების, რუსების, უკრაინელების თუ ბელორუსების), 2008 წლიდან მოყოლებული კი ეს ერთი ქვეყნის - ესპანეთის ეროვნული გუნდია. რეალურად და არა ფორმალურად. დელ ბოსკეს წინამორბედმა თავის დროზე გარისკა, ამ კომბინაციას ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რაული და გუტი შესწირა და რისკმაც გაამართლა - ახლა დელ ბოსკეზეა დამოკიდებული, გატყდება თუ არა სეიფი შიგნიდან.

P.S. ნახეთ, როგორ გადააფურთხა რუსული არმიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ინტერის გოლის შემდეგ და მესის მორიგ ბენეფისამდე? 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი არაფერი მინახავს. არც სლუცკის ფურთხის და არც მესის მსგავსი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები