რომელ გზას მივყავართ კეთილდღეობამდე

0 კომენტარი

ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკური მოდელები განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. ევროპული ეკონომიკური მოდელი სოციალურად ორიენტირებულია, ხოლო ამერიკული - უფრო ლიბერალური.
ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკური გზების შედარება მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, თუ რომელი მათგანია მეტად წარმატებული.
შედარება შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). მშპ-ს სიდიდით აშშ დიდი ხანია უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას. 2009 წლის მონაცემებით, აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი 14,2 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირში გერმანიაა პირველ ადგილზე, 3,2-ტრილიონდოლარიანი მაჩვენებლით. გერმანიას მოსდევენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - 2,6 და 2,1 ტრილიონი დოლარით.
ამასთან, აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპიც აღემატება ევროპული ქვეყნებისას. მაგალითად, მისი მშპ-ს ზრდის ტემპი რეცესიის პერიოდში 1-2% იყო. ეს მაჩვენებელი გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ეკონომიკების წარმატების პერიოდისას უტოლდება.
აშშ-ში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 42,5 ათასი დოლარია, ხოლო ევროკავშირში - 30 ათასი დოლარი. თუ აშშ-ს მაჩვენებელს შევადარებთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისას, უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით აშშ უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გარდა ლუქსემბურგისა (118,5 ათასი აშშ დოლარი). თუმცა, ლუქსემბურგის შემთხვევაში ანგარიშგასაწევია მისი მოსახლეობის მცირერიცხოვნება და არა ეკონომიკის სიძლიერე. აშშ-ს მაჩვენებელთან ახლოს არიან ირლანდია (41,5 ათასი დოლარი) და ნიდერლანდები (41 ათასი აშშ დოლარი). მათ მოსდევს დანია (37 ათასი აშშ დოლარი) და შვედეთი (37 ათასი აშშ დოლარი).
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს იმიგრაციისა და შობადობის კოეფიციენტი. რაც უფრო დიდია ეს ორი მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად იზრდება მოსახლეობა და, შესაბამისად, მცირდება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ხვედრითი წილი. აშშ-ს მოსახლეობა მუდმივად იზრდება მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში შობადობისა და იმიგრაციის კოეფიციენტი ძალიან დაბალია.
საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების აშშ-ს ცალკეულ შტატებთან შედარება. ამ შემთხვევაშიც აშკარაა აშშ-ს ეკონომიკის უპირატესობა. ამერიკის შტატებიდან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს უმაღლესი მაჩვენებელი აქვს კალიფორნიას (64 ათასი დოლარი), დელავერს (59,3 ათასი დოლარი) და კონექტიკუტს (56,2 ათასი დოლარი). ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა აშშ-ს „ღარიბი” შტატებიდან მხოლოდ მისისიპის, არკანზასს და დასავლეთ ვირჯინიას უსწრებენ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით. იტალია, საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი მისისიპისაც კი ჩამორჩებიან. სკანდინავიის ქვეყნები ამერიკის შტატებად რომ იქცნენ, დანია, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია ყველაზე მდიდარ შტატთა სიაში მოხვდებოდნენ.
ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ევროკავშირის მშპ-ს ზრდა რომ განეგრძო, ხოლო აშშ 2000 წლის დონეზე გაყინულიყო, ევროპის ქვეყნებს რამდენიმე წელი დასჭირდებოდათ აშშ-ს მაჩვენებლამდე მისაღწევად. პირველი ქვეყანა, რომელიც ამ შემთხვევაში აშშ-ს დაეწეოდა, ირლანდიაა. ამისთვის ირლანდიას 5 წელი დასჭირდებოდა, შვეიცარიას - 7 წელი, დიდ ბრიტანეთს - 9 წელი, ფინეთი მხოლოდ 2020 წლისთვის მიაღწევდა აშშ-ს ნიშნულს, პორტუგალია და იტალია კი - 2022 წელს.
თუ გავითვალისწინებთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას აშშ-ს ეკონომიკაზე, მოვლენათა ამგვარი განვითარება შეუძლებელია - თუ ამერიკის ეკონომიკა შეწყვეტს პროგრესირებას, აღარც ევროპული ეკონომიკა გაიზრდება. აშშ-ს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ძრავაა: ევროპული პროდუქტის უმთავრეს ნაწილს ამერიკელები ყიდულობენ. თუ აშშ-ს ეკონომიკა ზრდას შეწყვეტს, ამერიკელი მომხმარებელი ვერ შეძლებს ევროპული საქონლის შეძენას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები