ისტორიული ჭრილობა, რომელიც არა და არ ხორცდება

13 აპლილი. ქალაქი ოპოლი. პოლონეთი
კატინის საქმე რუსეთ-პოლონეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. თუმცა, ბოლო დროს თითქოს იდგმებოდა ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტავად. „კატინი იქცა მტკივნეულ ჭრილობად პოლონეთის ისტორიაში და მრავალი ათწლეულის მანძილზე წამლავდა ურთიერთობას პოლონელებსა და რუსებს შორის. მაშ, მოვიქცეთ ისე, რომ ჭრილობა ბოლოს და ბოლოს მოშუშდეს და პირი შეკრას. ჩვენ უკვე ვდგავართ სწორ გზაზე. ჩვენ, პოლონელები, ვაფასებთ იმას, რაც რუსებმა ბოლო წლებში გააკეთეს. და ჩვენი ხალხების ამ დამაახლოებელ გზაზე წინ უნდა წავიწიოთ, არ უნდა შევჩერდეთ, არ უნდა დავიხიოთ უკან” - ეს სიტყვები უნდა ეთქვა პოლონეთის პრეზიდენტს ცერემონიალზე 10 აპრილს, რომ არა ავიაკატასტროფა, რომელმაც პოლონელ ერს კიდევ ერთხელ შეახსენა კატინი - 22 ათასი პოლონელის გაჟლეტა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კატინის მკვლელობის მსხვერპლთა მოსახსენიებელ ცერემონიალზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არ მიიწვია. კაჩინსკი დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდას და გაყალბებული ისტორიის გადაწერას. პუტინმა სტალინის ქმედებები შურისძიების სურვილით ახსნა. მისი მტკიცებით, 1920 წელს 32 ათასი წითელარმიელი დაიღუპა პოლონურ ბანაკებში შიმშილისა და დაავადებებისგან.
1939 წელს გერმანიასა და სსრკ-ს შორის დაიდო პაქტი, რომლითაც მათ აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენა გადაინაწილეს. პოლონეთში ორივე მხარე შეიჭრა. გერმანიამ პირველ სექტემბერს დასავლეთ საზღვარს შეუტია, მათ წინააღმდეგ მობილიზებული პოლონური არმია კი აღმოსავლეთიდან მოიერიშე საბჭოთა ჯარების ტყვეობაში აღმოჩნდა. დააპატიმრეს ასი ათასობით სარდალი და პოლიციელი. მათი ნაწილი გადააგზავნეს ბანაკებსა და სამხედრო ციხეებში. საბჭოთა კავშირში გადაასახლეს 320 ათასი პოლონელი. საიდუმლო სამსახურის - შინსახკომის - ჩანაწერების მიხედვით, თუ პატიმარი არ გამოიჩენდა პროსაბჭოურ განწყობას, მაშინ იგი ცხადდებოდა „საბჭოთა ხელისუფლების უკომპრომისო მტრად”.
სტალინის მთავარი მიზანი იყო პოლონეთის სახელმწიფოსა და არმიაზე კონტროლის დამყარება. მისი გათვლით, ჰიტლერი მაჟინოს ხაზთან შეჩერდებოდა, რის შემდეგაც ინგლისს, საფრანგეთსა და დევნილობაში მყოფ პოლონეთის მთავრობას, მასთან დაკავშირების გარდა, გამოსავალი აღარ დარჩებოდათ.
1940 წელს გაცხადდა ვერდიქტი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიას შემოთავაზებას, პოლონელების დახვრეტის შესახებ, ხელს აწერს საბჭოთა პოლიტბიუროს ოთხი წევრი - სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, კლიმენტ ვოროშილოვი და ანასტას მიკოიანი. დახვრიტეს 14 გენერალი, 24 პოლკოვნიკი, 79 პოლკოვნიკ-ლეიტენანტი, 258 მაიორი, 654 კაპიტანი, 17 საზღვაო კაპიტანი, 3420 უმცროსი ოფიცერი, 7 კაპელანი. სამხედროებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს ცნობილი პროფესორები, მასწავლებლები, დიპლომატები, ინჟინრები, მწერლები, პოლიტიკოსები.
განაჩენი რამდენიმე ადგილას აღასრულეს, თუმცა კატინი ამ მკვლელობათა სიმბოლოდ ითვლება.
მას შემდეგ, რაც გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს და კატინის ტყეს უკვე ჰიტლერის ჯარები აკონტროლებდნენ, საბჭოური დანაშაული გამოაშკარავდა. ეს ფაქტი ადოლფ ჰიტლერს ხელს აძლევდა პოლონეთს, დასავლეთის მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის შუღლის ჩამოსაგდებად. 1943 წელს ბერლინის რადიომაუწყებელმა გადმოსცა კატინის სასაფლაოს შესახებ და ამ ყოველივეში სსრკ დაადანაშაულა. იყო მცდელობები გამოძიებაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ.
კითხვები გაუჩნდა ლონდონში მყოფ პოლონურ მთავრობასაც. განსაკუთრებით აქტიურობდა გენერალი ვლადისლავ სიკორსკი, რომელიც გიბრალტარზე გარდაიცვალა, ავიაკატასტროფაში. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს არ სურდათ სტალინის გაღიზიანება კატინის გამოძიების მოთხოვნით. სწორედ ამიტომ ბევრი პოლონელი კატასტროფას მკვლელობად მიიჩნევს.
სსრკ-მ კატინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შემდეგ შექმნა ე.წ. „ბურდენკოს კომისია”, რომელმაც გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ეს დანაშაული სსრკ-მ კი არა, გერმანიამ ჩაიდინა. თუმცა, კატინის ხსენება მაინც იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ.
1990 წელს პოლონეთის სახელმწიფო მეთაურად ლეხ ვალენსა აირჩიეს. მან ჯერ კიდევ 1980 წელს შექმნა წინააღმდეგობის ორგანიზაცია „სოლიდარობა”. მასში გაწევრიანდნენ გაფიცული მუშები, რომლებიც იბრძოდნენ სოციალური და დემოკარტიული რეფორმებისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოჭრა თავიდან კატინის საკითხი, ისარგებლა რა საბჭოთა რეჟიმის შერბილებით. შეიქმნა საერთო პოლონურ-საბჭოთა კომისია, რომელიც იძიებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებში მანამდე ცენზურადადებულ საკითხებს. საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მონაწილეობა კატინის ტრაგედიაში. ამას მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა პოლონელებისთვის, მაგრამ რუსი პოლიტიკოსებისა და პუბლიცისტების ნაწილი მაინც უარყოფდა საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობას კატინთან დაკავშირებით.
მიხეილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი შედარებით დამთმობნი იყვნენ, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკა შეიცვალა. რუსეთმა ზოგიერთ დოკუმენტში სახელმწიფო საიდუმლოებების არსებობა მოიმიზეზა და არქივები ბოლომდე არ გახსნა. 2005 წელს, გამოძიების შედეგად, რუსეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ დაიღუპა მხოლოდ ორი ათასი პოლონელი, რის გამოც ფაქტი გენოციდად არ შეაფასა. რაკი დამნაშავეები უკვე გარდაიცვალნენ, პასუხისმგებლობა არავის დაეკისრა. ახლა ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლო არჩევს.
კატინის ტრაგედიიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალს, რომელიც 7 მარტს გაიმართა, ისტორიაში პირველად რუსი და პოლონელი პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. პუტინი ირიბად შეეცადა მსხვერპლსა და ჯალათს შორის ტოლობის ნიშნის დასმას, როცა კატინის ჟლეტა ტოტალიტარიზმის შედეგად წარადგინა, რაც, მისივე თქმით, თანაბრად განიცადეს პოლონელებმა და რუსებმა. რუსეთის პრემიერის მტკიცებით, არასწორია რუსი ხალხის დადანაშაულება დახვრეტის გამო. მან ასევე ისაუბრა შერიგების აუცილებლობაზეც, თუმცა, თავი აარიდა ბოდიშის მოხდას.
კატინში დაღუპულთა შთამომავლები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ რუსული სახელმწიფოსაგან დარღვეული უფლებების აღდგენას. ამჟამად საქმეს სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს, მაგრამ რუსეთის ოფიციალური პირები სტრასბურგისთვის დოკუმენტების გადაცემაზე უარს ამბობენ.


 

კომენტარები