ჰოლიფილდი დაბრუნდა!

ევანდერ ჰოლიფილდი და ფრანსუა ბოთა
„29 წლის ვიყავი და სატიტულო ორთაბრძოლაში 42 წლის ჯორჯ ფორმენს შევხვდი. აწონვაზე ჯორჯს გავეხუმრე, ბაბუ, რამდენი წლის ხარ-მეთქი, მერე კი ქულებით ძლივს მოვუგე. დღეს იგივეს თქმა ჩემზეც შეიძლება”, - იტყვის ფრანსუა ბოთას დამარცხების მერე 47 წლის ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი.
მსოფლიოს ყოფილი ორგზის ჩემპიონი, ერთადერთი პროფესიონალი მოკრივე, რომელიც რინგზე არასოდეს არ დავარდნილა, ლას ვეგასში WBF-ის (მსოფლიოს კრივის ფედერაცია) ვერსიით ჩემპიონი გახდა. მერვე რაუნდში ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით მოუგო სამხრეთაფრიკელ ბოთას, რომელსაც იმ მომენტისთვის, სამიდან ორი მსაჯის აზრით, ქულებით დიდი უპირატესობა ჰქონდა.
ჰოლიფილდი ვლადიმირ კლიჩკოსთან ჩხუბს აპირებს და, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელი წინააღმდეგი არ არის. ბოთასთან ორთაბრძოლამდე ევანდერი ბოლოს 2008 წლის 20 დეკემბერს გავიდა რინგზე. მაშინ ამერიკელი ლეგენდა ქულებით რუს ნიკოლაი ვალუევთან დამარცხდა.
ვალუევი კი მორიგ სკანდალშია გახვეული. სვერდლოვსკში რუს გიგანტს ავტოსადგომზე გასაღების მიტანა დაუგვიანეს და მანაც ავტოსადგომის თანამშრომელი გალახა.
კრივის მიმოხილვა კი სამწუხარო ამბით უნდა დავასრულოთ. 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული რეფერი არტურ მერკანტე, რომელსაც სხვადასხვა დონეზე 145 სატიტულო ორთაბრძოლა ჰქონდა განსჯილი. 1971 წლის 8 მარტს მერკანტემ იმსაჯა საუკუნის ორთაბრძოლად ცნობილი მუჰამედ ალისა და ჯო ფრეიზერის დაპირისპირება.


 

კომენტარები