უფრთხილდით რუსებს, გაზის მომძღვნელთა

პრემიერი პუტინი და ავსტრიის კანცლერი ფეიმანი
24 აპრილს ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რეინჰოლდ მიტერლენერმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმადკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გაზპრომის მიერ რუსული მილსადენის გაყვანას ავსტრიის ტერიტორიაზე. სამხრეთის ნაკადის მეშვეობით, ავსტრია, რომელიც 60% რუსულ გაზს მოიხმარს, დამატებით ყოველწლიურად 2 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
მოგვიანებით, 26 აპრილს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა იტალიელ კოლეგა სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მილსადენის მშენებლობაში შესაძლოა ჩაერთოს ფრანგული კომპანია Electricite de France. საბოლოო შეთანხმებას ხელს მოაწერენ სანკტ-პეტერბურგში, 17-19 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე. ჩანს, რუსეთი კვლავაც აგრძელებს ენერგეტიკული რესურსების გამოყენებით ევროპაში საკუთარი გავლენის განვრცობას. ავსტრია უკვე მეშვიდე ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ნაკადის პროექტს შეუერთდა.
სამხრეთის ნაკადის ისტორია 2006 წლიდან იწყება - რუსულ გაზპრომსა და იტალიურ ენის შორის გაფორმებული მემორანდუმით. მილსადენი რუსეთს დააკავშირებს ბულგარეთთან - შავი ზღვის გავლით - საიდანაც გაზი გავა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ორი განშტოებით. პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში, მილსადენის საშუალებით ევროპას ყოველწლიურად მიეწოდება 63 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს გაზრდის რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ევროპაში. პროექტში ჩართულ და მილსადენის მარშრუტის გარშემო არსებულ ქვეყნებში მოხმარებული გაზის 63% რუსულია. სამხრეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ ეს მაჩვენებელი 85%-მდე გაიზრდება (იტალიის გამოკლებით). რუსეთს საშუალება ექნება თავი აარიდოს კონკურენციას და ერთპიროვნულად დააწესოს ფასები. ენერგეტიკული მონოპოლია გააძლიერებს კრემლის პოლიტიკურ ბერკეტებს. მისი სტრატეგია ცბიერია. რუსეთი ხელშეკრულებას დებს არა მთლიანად ევროკავშირთან, არამედ მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და, ამგვარად, შეუძლია სხვადასხვა პირობა წაუყენოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს კი, თავის მხრივ, ევროკავშირში შუღლის მიზეზი ხდება, რაც უარყოფითად მოქმედებს საერთაშორისო არენაზე ამ გაერთიანების, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის როლზე.
თუმცა, პროექტი დაბრკოლებებსაც აწყდება: სამხრეთის ნაკადის ამოქმედება დიდ ხარჯებს უკავშირდება (მინიმუმ 25 მლრდ ევრო). თანაც, რუსეთს არც გამოცდილება აქვს საკმარისი და არც აღჭურვილობა შავი ზღვის ფსკერზე მილის ასაშენებლად.
სამხრეთის ნაკადის კონკურენტი პროექტი, რომელსაც ევროკავშირიც უჭერს მხარს, არის ნაბუკო. იგი განიხილება ევროპაზე რუსული ენერგოგავლენის შევიწროების ერთ-ერთ საშუალებად და ენერგოუსაფრთხოების გარანტად. მართალია, ევროპელი ლიდერები უარყოფენ ამ ორი პროექტის ურთიერთდაპირისპირებას, თუმცა, ცხადია, რომ ერთის აშენება შეაფერხებს მეორეს, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც. ორივე მილსადენი გამიზნულია ერთსა და იმავე ქვეყნებზე. გარდა ამისა, ორივე მათგანი, ძირითადად, კასპიის ზღვის რესურსებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ორივე პროექტი დღის წესრიგში დგას. 2011 წლისთვის იგეგმება მშენებლობების დაწყება, ამიტომაც სწორედ 2010 წელი იქნება გადამწყვეტი.



 

კომენტარები