გამარჯვებულთა ქედმაღლობა

0 კომენტარი

ამ მომცრო სტატიას რიტორიკული კითხვით დავიწყებ - ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში? ისტორიის მსოფლიო შემსწავლელთა შეთანხმებული აზრით, მოვლენების მცირეოდენ სათავისოდ ახსნის მიუხედავად, გაიმარჯვა ანტიჰიტლერულმა კოალიციამ. თავს უფლებას მივცემ, საყოველთაოდ მიღებულ დებულებაში ეჭვი შევიტანო და დავძინო, რომ ის სიმართლეს არ შეეფერება. ჩემს დასკვნას ამყარებს პარადოქსული კითხვა - საერთო გამარჯვების შემდეგ ვინ დარჩა გამარჯვებული? სიმართლე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გამარჯვება არა ანტიჰიტლერულ კოალიციას, არამედ სსრ კავშირს დარჩა და შედეგებიც ამაზე მეტყველებს.
პირველი. მთლიანად გაკომუნისტდა ევროპის აღმოსავლეთი, სადაც საბჭოთა ჯარმა (უხეშად თუ ვიტყვით, საბჭოთა ჩექმამ) გაიარა (ოკუპაციას გადაურჩა ჩრდილო-ევროპული ფინეთი, ხოლო, ოკუპაციის მიუხედავად, გაკომუნისტებას - ცენტრალურევროპული ავსტრია, თუმცა, ამ სახელმწიფოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ სტატუსად სოციალ-დემოკრატიული ნეიტრალიტეტი გამოაცხადა). გადარჩა ევროპის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც დასავლელმა მოკავშირეებმა დაასწრეს შესვლა მოკავშირე „საბჭოელებს”.
მეორე. რადიკალმა მემარცხენეებმა მყარად მოიკიდეს ფეხი (და დღემდე წარმატებით) ინდო-ჩინურ აღმოსავლეთში. მართალია, მათი რადიკალიზმიდან დღეს აღარაფერი დარჩა (მცირეოდენი გამონაკლისის გარდა), მაგრამ მემარცხენეობამ სისტემური ფუნქცია ბოლომდე შეინარჩუნა.
შენიშვნა. ლათინურამერიკული, აფრიკული და აზიური სოციალიზმ-კომუნიზმი (პირველი - ტერორიზმის, მეორე - კანიბალიზმის, ხოლო მესამე - ისლამურ-დესპოტური მმართველობის თანხლებით) მოგვიანო პერიოდის თანამდევი პროცესების შედეგი იყო და არის დღესაც.
ვიდრე მკითხველს კიდევ ერთ რიტორიკულ კითხვას შევთავაზებ, საჭიროა გავარკვიოთ, რა მიმართება ჰქონდა სსრ კავშირს რუსეთთან. „ნაციონალური პარტიის ფუნქციას რუსეთში, რომელიც სსრ კავშირად იქცა, ახორციელებს საკავშირო კომუნისტური პარტია (ბ); სსრკ საბჭოები, დღევანდელი, ახალგაზრდა რუსული ინტელიგენციის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხდებიან ნაციონალურები. ასე რომ, მითური „რუსი ერის სახელმწიფო” არსით სწორედ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირია”. ეს გახლავთ ამონარიდი რუსული ფაშისტური პარტიის თავმჯდომარის კონსტანტინ როძაევსკის წერილიდან (22.08.1945), რომელიც მან მისწერა „ხალხთა ბელადს”, „წითელი არმიის გენერალისიმუსს”, „სსრ კავშირის სახალხო კომისართა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს” ანუ ამხანაგ სტალინს (წერილის სტილი დაცულია, ხოლო ვისაც სრული ტექსის გაცნობა სურს, ვურჩევ იხილოს ჟურნალი Отечественная история, №3, 1992, გვ. 92-100).
თუ საბოლოოდ დავაზუსტებთ, ვინ დარჩა გამარჯვებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პასუხი ნათელი იქნება და გარკვეული - სსრკ-რუსეთი.
გასული საუკუნის 40-იანი წლების დასასრულს კომუნისტური წარღვნისგან მსოფლიო იხსნა „ცივი ომის” დოქტრინამ, დროებით (?!) მაინც. დოქტრინის საჯაროდ გაცხადებამ, საბოლოოდ კი მისმა პოლიტიკურმა აღიარებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის (!) ადმინისტრაციიდან სტალინიზმით შეპყრობილი (!) და მისი მხარდამჭერი პოლიტმოხელეები თადარიგის გზას გაუყენა; დასავლეთ ევროპა გონს მოიყვანა; გადარჩენის მოსურნე სახელმწიფოებს შეაქმნევინა ევროსაბჭო; საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს; ევროპულ სახელმწიფოებს დაადებინა რიგი უსაფრთხოების ხელშეკრულებებისა; ხელი შეუწყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩამოყალიბებას; შექმნა ევროკავშირი.
მეორე რიტორიკული კითხვა და კითხვა-პასუხს ამით დავასრულებ: ვინ გაიმარჯვა „ცივ ომში”? ოპტიმისტები მიპასუხებენ, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ. ჩემი პასუხი პროვოკაციული იქნება - არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ. ჩემს სიმართლეში დარწმუნდებით, თუ მორიგ პარადოქსულ კითხვას მოისმენთ - ვინ დარჩა გამარჯვებული „ცივი ომის” დასრულებიდან? გამარჯვებული ამჯერადაც რუსეთია, ოღონდ არა „საბჭოური”, არამედ „ევრაზიული”.
საქმე ის არის, რომ სსრ კავშირის დაშლამ მის ყოფილ (თუმცა, არასრულ) ტერიტორიაზე გაშალა საბჭოთა სისტემიდან ნგრევის შემდეგ ენერგიაგამოთავისუფლებული ევრაზია-რუსეთი, რომელიც დღეს კიდევ უფრო დიდ სივრცეებში ცდილობს შეღწევას. ასე რომ, დასავლურ სახელმწიფოთა ზარ-ზეიმი „ცივ ომში” სსრკ-ს დამარცხების გამო მოკლევადიანი აღმოჩნდა. შევეცდები, მოკლე თეზისებად ავხსნა ზემოთქმული.
თეზისი პირველი. მითი, თითქოს ევრაზია-რუსეთი ცდილობს გავლენის სფეროს აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მოკლებულია რეალობას. მას ეს გავლენა უკვე აქვს და არც არასოდეს დაუკარგავს - მოლდოვა (დნესტრისპირეთი), უკრაინა (ყირიმი, ქვეყნის აღმოსავლეთი და გაზ-ბაზური შეთანხმება მომავალი სტრატეგიული პარტნიორობის იმედით), საქართველო (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთად წოდებული ირონ-ქართლი), აზერბაიჯანი (მთიანი ყარაბაღი), სომხეთი (ისევ მთიანი ყარაბაღი-არცახი და სტრატეგიული პარტნიორობა). არაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა შუა აზიის სახელმწიფოებზე. ამასთან, ისჯება ყველა, ვინც გავლენის სფეროდან გასვლის სურვილს გამოთქვამს. სასჯელი მით უფრო მკაცრდება, თუ რომელიმე ბედგამწყრალი პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს.
თეზისი მეორე. მსოფლიო პოლიტიკის ლიბერალური ნაწილი დღეს დიდად განიცდის, რომ სსრ კავშირის ნგრევის შემდეგ რუსეთის იმპერიული ამბიციები (რაც მას მემკვიდრეობით უნდა რგებოდა) არ გაითვალისწინეს და წაართვეს სივრცე, რომელშიც ისტორიულად (?) მის სტრატეგიულ ინტერესებს ითვალისწინებდნენ (ამგვარ მოსაზრებებს სადაც გნებავთ იქ გაიგონებთ, ამერიკულ თუ, განსაკუთარებით, ევროპულ ინტელწრეებში).
თეზისი მესამე. „მსოფლიო ინტელექტუალების” ასეთმა პოზიციამ იმდენად გააყოყოჩა „დავაჟკაცებული რუსეთი” და მისი პოლიტელიტა, რომ რუსულ პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ держава-ს გავლენის სფეროს გაფართოებაზე აფრიკისა და ლათინური ამერიკის მიმართულებით (აზიაში ძალზე დიდი საპირწონე უწევს მეტოქეობას - ჩინეთი). რაც შეეხება ევროპას, რუსეთმა შეძლო, დასავლეთი მასზე დამოკიდებული გაეხადა, ჯერჯერობით მაინც, საკუთარი ენერგორესურსული პოლიტიკის გამოისობით - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების პროექტები ამოქმედდა, რამაც ნაბუკო ჩრდილში მოაქცია. ევროპული ენერგორესურსული ფახიფუხის შემდეგ საქართველოს შერჩა გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი.
ეს პროექტი საქართველოსთვის სასიკეთო იქნებოდა, რომ არა მოსალოდნელი უმძიმესი პრობლემა - ევროპული რუკის გადასინჯვა. პრეცედენტი შედგა კოსოვოს დამოუკიდებლობის სანახევრო აღიარების სახით. ახლა რუსეთი ცდილობს განავრცოს პროცესი და ბუშის პრეცედენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა „წაუმატოს” მედვედევ-პუტინის პრეცედენტის სახით. რაც შეეხება ევროპის სახელმწიფოთა გაუთავებელ ვერბალურ-რეზოლუციურ „სიყოჩაღეს” საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის თაობაზე, ის თანდათან პოლიტიკურ ვოდევილს ემსგავსება.
იქნებ ყოველივეს, რაც მოგახსენეთ, ცუდი სიზმრიდან გამოყოლილი შთაბეჭდილების დაღი აზის და სხვა არაფერი? ღმერთმა ქნას, ასე იყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები