მარიხუანას ლეგალიზაცია

არა რა არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი;
არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.
მარკოზი 7:15


 გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ოფისის 2006 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევის შედეგებს ემყარება, რამდენიმე საინტერესო ფაქტია მოყვანილი:
• ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, დედამიწის მოსახლეობის 4% მოიხმარს ე.წ. მარიხუანას, იგივე კანაფს. ამ ადამიანებს ერთ ქვეყანაში რომ მოვუყაროთ თავი, ის მოსახლეობის მიხედვით მე-4 ადგილზე იქნება ჩინეთის, ინდოეთისა და აშშ-ს შემდეგ და გაასწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, რუსეთი.
• მარტო ყაზახეთში 400,000 ჰექტარ ფართობზე კანაფი იზრდება ველურად. ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც კვიპროსის ან პუერტო რიკოს ტერიტორია და 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლუქსემბურგის.
• კანაფის შავი ბაზარი მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, სავარაუდოდ, შეადგენს 60 მილიარდ აშშ დოლარს. 2006 წლის მონაცემებით, ეს ციფრი დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა ბულგარეთის მთლიან შიდა პროდუქტს, 3-ჯერ - აზერბაიჯანის და 8-ჯერ - საქართველოს.
მარიხუანის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგენი ასახელებენ რამდენიმე არგუმენტს, რომელთა გამოც, მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს კანაფის მოყვანა-შენახვა-მოხმარება-რეალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნა: მარიხუანა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე; ის მავნეა ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით აზიანებს სასუნთქ სისტემას და გონებრივ ფუნქციებს); აქვეითებს შრომისუნარიანობას; შესაძლოა განვითარდეს ნარკოდამოკიდებულება; კანაფი არის ე.წ. „კარიბჭის” ნარკოტიკი, საიდანაც მომხმარებლები გადადიან უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე; ლეგალიზაციის შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება; კრიმინალები, რომლებიც დიდი ოდენობით ფინანსებს აგროვებენ ნარკოვაჭრობით, შეძლებენ ამ ფულის „გათეთრებას” და სხვა.

ცხადია, ლეგალიზაციის მომხრეებს ყველა ამ არგუმენტზე აქვთ, მათი აზრით, დასაბუთებული (მათ შორის, მეცნიერულადაც) კონტრარგუმენტები: მართალია, გასულ წლებთან შედარებით მარიხუანაში გაიზარდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, მაგრამ THC-ის შემცველობის ზრდა არ ცვლის მოხმარების ეფექტს; მარიხუანის მოხმარება გაცილებით უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ალკოჰოლის ან ნიკოტინის (მაგ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2003 წლის მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით დაიღუპა 20,000-ზე მეტი ადამიანი და არც ერთი მარიხუანის მოხმარებისგან); შრომისუნარიანობის დაქვეითება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მრავალი ფაქტორითაც; არ ვითარდება ნარკოდამოკიდებულება, რაც დასტურდება არაერთი სამეცნიერო კვლევით; „კარიბჭის” სინდრომი სტატისტიკური მისტიფიკაციაა, რადგან კვლევებით ცალსახად დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ მოიხმარს მძიმე ნარკოტიკებს, თუმცა, ჰეროინისა თუ კოკაინის თითქმის ყველა მომხმარებელს გასინჯული აქვს მარიხუანაც, რადგან ის რჩება ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად მსოფლიოში; ლეგალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მოკლევადიანი ზრდა მომხმარებელთა რაოდენობაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა რაოდენობა დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს; კრიმინალები დაინტერესებული არიან კანაფის ბიზნესით მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო აწესებს აკრძალვას, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ფასების ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებებს აქცევს შავი ბაზრის ფაქტობრივ მონოპოლისტებად. შესაბამისად, ლეგალიზაციის შემთხვევაში, კონკურენტული ბაზარი თავისთავად განდევნის კრიმინალებს, რადგან მოგების მარჟა აღარ იქნება მათთვის საინტერესო. ლეგალიზაციის მომხრეები უფრო შორსაც მიდიან და საუბრობენ ამ საკითხის ეკონომიკურ შემადგენელზეც – კანაფის ლეგალიზაცია გაზრდის დასაქმებას და გააჩენს დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს გადასახადების სახით (2008 წლის მონაცემებით, ჰოლანდიამ გადასახადების სახით 730 ე.წ. „კოფი შოპიდან” მიიღო 400 მილიონი ევრო, მთლიანმა გაყიდვებმა კი შეადგინა დაახლოებით 2 მილიარდი ევრო. გაყიდული 265 ტონა კანაფიდან 60% ექსპორტზე მოდიოდა). ბოლო წლებში აქტიურად საუბრობენ მარიხუანის გამოყენებაზე სამედიცინო დანიშნულებით, მათ შორის, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ალცჰეიმერის დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, დიაბეტი, დისტონია, ფიბრომიალგია, გასტროენტერალური დაავადებები, გლიომა, ჰეპატიტი C, ჰიპერტენზია, სკლეროზი, ოსტეოპოროზი, რევმატიული ართრიტი და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომიც (შიდსი) კი. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ბრიტანეთში, აშშ-სა და ირლანდიაში პოლიტიკური პარტიებიც კი შეიქმნა, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვა „მარიხუანა”.
არგუმენტების ამ ჭიდილში ხშირად უპასუხოდ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა.

შესაძლებელია თუ არა მარიხუანასთან „ბრძოლა”? ალკოჰოლთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს ბრძოლას უარყოფითი ეფექტის მეტი არაფერი მოაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწაზე ყოველ 25 ადამიანში, სულ მცირე, ერთი მოიხმარს მარიხუანას, კანაფის მოყვანა იმდენად დეცენტრალიზებულია, რომ მასთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია, და ისეთი ქვეყნების პრეზიდენტებიც კი, როგორიც აშშ-ა, აღიარებენ, რომ ახალგაზრდობაში გასინჯული აქვთ მარიხუანა (ზოგს ნაფაზით, ზოგს ნაფაზის გარეშე) – ცხადი ხდება, რომ ამ ნარკოტიკთან ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა რესურსების ფლანგვა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა: ვინ უნდა „ებრძოლოს” მარიხუანას - მშობელი, სკოლა, ეკლესია, თემი თუ სახელმწიფო? არავინ უშლის მშობელს, მასწავლებელს, სასულიერო პირს, მეზობელს თუ ნათესავს ესაუბროს ახალგაზრდებს მარიხუანის მოხმარების მავნე შედეგებზე (მიუხედავად იმისა, რამდენად დასაბუთებულია ესა თუ ის ნეგატიური ეფექტი). მაგრამ როდესაც კანაფის მოხმარებასთან „ბრძოლაში” ერთვება სახელმწიფო, ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემიდან იქცევა მორალურ პრობლემად. ადამიანებს, რომელთა საქციელი შესაძლოა არ მოგვწონდეს, მაგრამ რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, სახელმწიფო აქცევს კრიმინალებად, იჭერს მათ, სვამს ციხეში და ანგრევს მათ ცხოვრებას. კანაფის მოხმარება მათი არჩევანია. ამიტომ მორალურად გაუმართლებელია, უამრავ ადამიანს გადაახდევინო გადასახადი იმისთვის, რომ დაიცვა მარიხუანის მომხმარებლები საკუთარი არჩევანისგან (პოლიცია, სასამართლო, ციხე ხომ გადასახადებით არსებობს). და თუ დავუშვებთ სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვას მსგავს შემთხვევებში, მაშინ სად გადის ზღვარი - რა ტიპის ზიანის მიყენება შეიძლება საკუთარი თავისთვის და რა ტიპის ზიანის არა? ყავა შეიძლება? ტელევიზორი? ბევრი კითხვა? ინტერნეტი?

კომენტარები