26 მაისიდან 25 თებერვლამდე:

0 კომენტარი

ქრონოლოგია
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მსოფლიოს ახალი სახელმწიფოს დაბადება ამცნო. პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნას წინ უძღვოდა ერთწლიანი პერიოდი, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებით იყო აღსავსე.
პირველმა მსოფლიო ომმა შეიწირა რუსეთის იმპერია და 1917 წლის თებერვალში რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. ცარ ნიკოლოზ II-ის გადადგომას იმპერიის თვალუწვდენელ სივრცეში ცენტრიდანული ნაციონალისტური ძალების გააქტიურება მოჰყვა, რასაც დაერთო სოციალური მღელვარება. რუსეთის დროებითმა მთავრობამ სამხრეთ კავკასიაში დააფუძნა განსაკუთრებული კომისარიატი, რომელსაც ხელისუფლების ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მისი ფაქტობრივი შესაძლებლობები იმდენად სუსტი იყო, რომ რეალურ მმართველობასაც ვერ ახერხებდა.
1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა ეროვნული ყრილობა მოიწვიეს. 1917 წლის 22 ნოემბერს კი ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც ფაქტობრივად მთავრობის მოვალეობას ასრულებდა.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში, რუსეთის გავლენა საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო შემცირდა. კავკასიის გავლენიანი პოლიტიკური წრეები და მოსახლეობა იმთავითვე მტრულად განეწყვნენ ვლადიმირ ლენინის მთავრობისადმი, რომელიც არც კანონიერი იყო, არც ლეგიტიმური და არც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავდა.
სწორედ ამ მოცემულობის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების სამხრეთკავკასიელი დეპუტატებისაგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო, სეიმი, აირჩია. ეს გარემოება გარკვეულ ლეგიტიმურობას სძენდა ამ ორგანოს. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ბოლშევიკური მმართველობის დამყარებას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელშიც ერთ მხარეს ლენინის რეჟიმი იყო, ხოლო მეორე მხარეს კი - დაქსაქსული ოპოზიციური პარტიები, მონარქისტებით დაწყებული და ანარქისტებით დამთავრებული. ისინი ბოლშევიკებსაც ეომებოდნენ და ერთმანეთსაც გამეტებით ებრძოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ცენტრალურ რუსეთში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტასთან შედარებით სამხრეთ კავკასიაში ხელისუფლების დაფუძნებისა და განხორციელების ერთობ ცივილიზებული პროცესი მიმდინარეობდა და ამ მხრივ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი შესაშურად გამორჩეული იყო.
1918 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში იარსება ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ. ამიერკავკასიის კომისარიატს დაქვემდებარებული ფედერაცია მოიცავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებს, მაგრამ შიდა ანტაგონიზმის გამო იგი უსუსური აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ჯერ დასუსტებამ, ხოლო შემდეგ კი მოსპობამ, სხვა რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშეების გააქტიურება გამოიწვია. ისარგებლა რა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების წასვლით, თურქეთმა გადაწყვეტილება ექსპანსიის სასარგებლოდ მიიღო და მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
იმის გამო, რომ კავკასიურმა ფედერაციამ უძლურება გამოიჩინა და თურქეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ სათანადო ზომები არ მიიღო, იგი დაშლილად გამოცხადდა და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ახალშექმნილ სუვერენულ სახელმწიფოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. ამ მოქმედებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა სომხებისა და აზერბაიჯანელების მხრიდან და რამდენიმე დღის შემდეგ მათაც გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოში ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელი გახდა, მმართველობის პოლიტიკურ ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დადგინდა, ხოლო საერთაშორისო ომიანობაში მოქცევის ნორმად კი „მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს” სტატუსი იქცა. დამოუკიდებლობის აქტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო ის, რომ სახელმწიფო ფუძნდებოდა არა ეთნიკურ ნიადაგზე, არამედ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე. ის, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა „ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს - განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა”, იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო ევროპული ტიპის ნაციონალური სახელმწიფოსკენ (nation-state) ისწრაფოდა.
ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი პირველივე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც აირჩიეს „პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით, ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ”. არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა უმრავლესობა, 60%, რაც ახალ სახელმწიფოს დამატებით ლეგიტიმურობას ანიჭებდა შიდა და გარე სუვერენიტეტის განხორციელებაში.

რესპუბლიკის პოლიტიკა
პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ დაახლოებით სამი წელი იარსება. მიუხედავად დროის სიმცირისა, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო აღმშენებლობის გზაზე. აღსანიშნავია: შეიარაღებული ძალების შექმნა, სასამართლო რეფორმის განხორციელება, ქართული ენის გამოცხადება სახელმწიფო ენად, სახელმწიფო საზღვრების დადგენა, ადგილობრივი მართვის ორგანოების ჩამოყალიბება და ბოლოს, თავისი არსებობის მიწურულს, რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება. სხვათა შორის, მაშინდელი საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქცია 107,6 ათას კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდებოდა (შედარებისათვის: დღევანდელი საქართველოს ფართობი 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრია).
გარკვეულ დრომდე ახალგაზრდა სახელმწიფო საკმაოდ ეფექტიანად უმკლავდებოდა ბოლშევიკებისა და მათი თანამზრახველების მიერ მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებებსა და ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღების მცდელობებს (კერძოდ, შიდა ქართლსა და აფხაზეთში) და თითქმის შეუფერხებლად ახორციელებდა სუვერენულ უფლებებს მთელ თავის ტერიტორიაზე. ეს კი იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ თავიდან აიცილა რუსეთის სამოქალაქო ომის გადმოსვლა საქართველოში.
გაცილებით დიდ პრობლემებს წააწყდა ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელმა მამებმა ზედმიწევნით დაიცვეს ყველა საერთაშორისო ნორმა - როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ასევე მის შემდეგ. სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში ქვეყნის შიგნით იმ დროისათვის აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს იცავდნენ, ხოლო ქვეყნის გარეთ კი დიდი სახელმწიფოების მიმართ ფრთხილ და შეძლებისდაგვარად არაგამაღიზიანებელ პოლიტიკას ატარებდნენ. მაქსიმალურად ერიდებოდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ახალ საერთაშორისო სისტემას რამე უხერხულობას შეუქმნიდა ან ძალთა ბალანსს დაემუქრებოდა. ამ მიზნებს ემსახურებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება და თავშეკავებული დიპლომატიური ურთიერთობები.
ერთმანეთთან დაპირისპირებული დიდი ძალები ანტანტისა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და, 1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, რუსეთი) და ცენტრალური სახელმწიფოები (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთის იმპერია) აქამდე არნახული მასშტაბის მქონე ომის ქარცეცხლში ჭედდნენ ახალ მსოფლიო წესრიგს.
პირველ მსოფლიო ომში ლიბერალური და დემოკრატიული წყობილების დიდმა სახელმწიფოებმა გაიმარჯვეს და ჯერ დეკლარაციულ დონეზე, ხოლო შემდეგ კი პრაქტიკულადაც (ვერსალის ზავი, ერთა ლიგის შექმნა და იმ დროს მიღებული სხვა საერთაშორისო აქტები) გამოცხადდა იმპერიათა ეპოქის დასრულება და ნაციონალური სახელმწიფოების ხანის დასაწყისი. სუვერენული სახელმწიფოები გახდნენ უწინ ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი ერები, ხოლო ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოები კი ახლო აღმოსავლეთში მანდატის სახით, ომში გამარჯვებულმა ბრიტანელებმა და ფრანგებმა მიიღეს. მათ, მანდატთან ერთად, ის ვალდებულებაც აიღეს, რომ დროთა განმავლობაში თავიანთი მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ნაციონალურ სახელმწიფოთა ჩამოაყალიბებას შეუწყობდნენ ხელს, რაც სინამდვილეში ასეც მოხდა.

საქართველოს დილემა
ერთი შეხედვით, საქართველოს დროც დადგა. თუ უნგრეთს ჰქონდა სუვერენიტეტის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონოდა საქართველოს? საქმე ისაა, რომ მაშინდელი საერთაშორისო ანტიიმპერიალისტური მოძრაობის ლიდერის, ამერიკის „იდეალისტი” პრეზიდენტის, ვუდრო უილსონის სამიზნე მხოლოდ ევროპული ცივილიზაცია იყო. მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მისეული პროექტი გულისხმობდა იმპერიული ეპოქის დასრულებას ევროპაში და, მაგალითად, უნგრეთის თავისუფლებას, მაგრამ არამც და არამც არ ითვალისწინებდა საქართველოს მსგავსი, მოუმწიფებელი” და „პერიფერიული ქვეყნების” უპირობო თავისუფლებას.
ახალი მსოფლიო წესრიგის მამები საქართველოს ევროპის ნაწილად არ მოიაზრებდნენ, რაც უნდა დასავლურად განსწავლული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული მთავრობა მჯდარიყო თბილისში.
რა თქმა უნდა, იყო მეორე გამოსავალიც: ერაყის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის მანდატის დამყარება საქართველოში და ქვეყნის წაყვანა მოდერნიზაციისა და მომწიფების გზაზე, რისი დასკვნითი ნაწილიც ერთა ლიგაში გაწევრიანება გახდებოდა. მაგრამ აქაც იყო ერთი „მაგრამ”: ვინ ითავებდა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მისგან დე-ფაქტო დამოუკიდებელი საქართველოს დე-იურე ჩამოცილებას?
1920 წლის 7 მაისს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა ხელშეკრულება გააფორმეს. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ ჩვენი უსაფრთხოება, წესითა და რიგით, უნდა გაზრდილიყო და ამის კვალდაკვალ ის პერსპექტივაც უნდა გაგვჩენოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის ქვაკუთხედის, ერთა ლიგის, წევრიც გავხდებოდით. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა: ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა რუსეთის მე-5 კოლონის მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე კი ჩვენს იზოლაციას შეუწყო ხელი.
მოსკოვის მზარდმა ამბიციებმა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით განხორციელებულმა წარმატებულმა ოპერაციებმა იმდროინდელი მსოფლიოს დომინანტი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, მეტისმეტად დააფრთხო, რამაც გამოიწვია დასავლეთის „დაცვის ხაზის” დაწევა ბაქო-ბათუმიდან სპარსეთ-ერაყამდე და ავღანეთ-ინდოეთამდე. შეტევაზე გადასული რუსების შეკავების მიზნით, ლონდონის სტრატეგიული ჩანაფიქრი და, მასთან ერთად, შეიარაღებული ძალები კონცენტრირებული გახდა დიდი ბრიტანეთისათვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან” რეგიონებზე, რამაც ბუნებრივად გამოიწვია კავკასიური ფრონტის დატოვება.
ჩვენი იზოლაცია რომ კიდევ უფრო გაეღრმავებინა და დავემარტოხელებინეთ, რუსეთი ინტენსიურ დიპლომატიურ მანევრებს ახორციელებდა თურქეთთან და სომხეთთან და მათ საქართველოს წინააღმდეგ აქეზებდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ლორეს რეგიონში კონფლიქტების გაჩაღებას მოსკოვის მუხანათობაც უწყობდა ხელს.

თავისუფლების აღსასრული
მოხდა ისე, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის თითქმის ყველა არაპირდაპირი ხერხი ჩაუვარდა. მან ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი ამბოხის ინსპირირება, რაც გაუადვილებდა საქართველოს დამორჩილებას; ვერც თურქეთ-საქართველოსა და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიულმა დავამ და კონფლიქტმა მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ მოსკოვს სხვისი ხელით გაეკეთებინა თავისი საქმე. ერთადერთი რამ, რაც რუსეთს ძალიან კარგად გამოუვიდა, ჩვენდამი დასავლეთის ინტერესის განელება და საერთაშორისო იზოლაციაში ჩვენი მოქცევა იყო. ამასთან, მოსკოვმა ეს მოახერხა არა იმდენად ანგარიშგასაწევი ძალის დემონსტრირების ხარჯზე, რამდენადაც დასავლეთის დაფრთხობითა და დაშინებით.
საბოლოო ჯამში, რუსეთმა პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ხანმოკლე ომი, რომელიც მას მოჰყვა, საქართველოს მარცხით დამთავრდა. ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ნაციონალური რესურსების მობილიზება და შემოჭრილი მტრისათვის საკადრისი პასუხის გაცემა.
კონტრფაქტუალური მსჯელობა („რა იქნებოდა, რომ...”) უმადური საქმეა როგორც პოლიტიკური მეცნიერების თვალსაზრისით, ასევე ისტორიული პერსპექტივიდანაც. მიუხედავად ამისა, მოდით, ერთი წამით ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის აგრესია მოვიგერიეთ და 1921 წელს დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განვითარების ეს სცენარი მხოლოდ ძლიერი, დასავლური ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პატრიოტული შემართებით აღვსილი მოქალაქეების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს უსათუოდ ბევრად უკეთესად ვიქნებოდით.
რუსული ზეწოლა და შემოსევა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტი არ იქნებოდა და 1921-45 წლების განმავლობაში არაერთი პროვოკაცია მოხდებოდა ჩვენ წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე თუ გადავრჩებოდით, მხოლოდ გავძლიერდებოდით და საქართველოს მოქალაქე და მისი სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს ძლევამოსილების იმ ზღვარს მიუახლოვდებოდნენ, როცა რუსეთი შემოტევაზე უარს იტყოდა და ჩვენს თავისუფლებას შეეგუებოდა. მეტიც, თუ გავუძლებდით და გავუძალიანდებოდით, ჩვენს მაგალითს დროთა განმავლობაში კავკასიელი მეზობლებიც მიჰბაძავდნენ და რუსეთს, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კავკასია დაეტოვებინა კიდეც...

ერთა ლიგა, მანდატი,
თუ თავისუფლებისათვის ბრძოლა?
1918 წლის 26 მაისი დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში. გამოვაცხადეთ თავისუფლება და, დეკლარაციის დონეზე მაინც, შევუდექით დასავლური ტიპის ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობას. სამ წელს გასტანა ჩვენმა თავისუფლებამ, გარკვეული წარმატებაც გვქონდა, მაგრამ უფრო მეტი იყო წარუმატებლობა, მარცხი და მცდარი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
ქვეყნის შიგნით თავისუფალი ბიზნესის წახალისების ნაცვლად ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია ვაქციეთ პრიორიტეტად, საერთაშორისო საქმეებში კი ერთობ დიდ იმედებს ვამყარებდით ცივილიზებული დასავლეთის მაშინდელ წამყვან სახელმწიფოებზე და მათ ინსტიტუტებზე. მეტიც, მაშინაც არ ვაქციეთ არმიის მშენებლობა ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად, როცა მივხვდით, რომ დასავლეთის მოიმედეობა ჩვენი თავისუფლების შენარჩუნებაში ყოვლად უპერსპექტივო იყო.
ერთა ლიგა და კოლექტიური უსაფრთხოება კარგი რამ არის, მაგრამ გაწევრიანებაზე უარი მივიღეთ, რუსეთის შიშით კი არცერთი დიდი სახელმწიფო არ დაგვთანხმდა აქ თავისი მანდატის განხორციელებაზე. ამას დაემატა ის, რომ 1920 წელს რუსეთთან შეთანხმების დადებამ, ნამდვილი უსაფრთხოების ნაცვლად, უსაფრთხოების ილუზია შეგვიქმნა, კიდევ უფრო დაგვაშორა მთავარ მიზანს და დასავლეთისაგან ჩვენს იზოლაციას შეუწყო ხელი.
რა სჯობია უფასო უსაფრთხოებას, მაგრამ საკუთარ თავზე, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გვეზრუნა. ალბათ, მართალია ის, რომ აგრესიული მეზობლის შეკავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსიც და საერთაშორისო ინსტიტუტებიც, მაგრამ პატარა სახელმწიფოსათვის ფუჭი ოცნებაა მხოლოდ მათზე დაყრდნობა. ეს მხოლოდ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმია, რადგან ბუნებაში არ არსებობს საკუთარ ინსტიტუტებზე, შეიარაღებულ ძალებსა და პატრიოტ მოქალაქეებზე უფრო საიმედო თავდაცვა. ასეულ ათასობით ქართველმა იომა რუსეთის საქმისათვის პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ხოლო საკუთარი თავისუფლებისათვის კი ამის მეათედის მობილიზებაც ვერ შევძელით 1921 წელს.

წლევანდელი 26 მაისი
არავინ იცის, ზუსტად რა მიზნები ამოძრავებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ზუსტად ვერ ვიტყვით საბჭოთა კავშირის მსგავსი მონოლითის აღდგენა სურს თუ მხოლოდ გავლენის სფეროების „დაკანონებას” დაჰყაბულდება. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენი თავისუფლება დღევანდელი რუსეთის ინტერესებში არ შედის, რადგანაც თავის საზღვრებთან დასავლური ტიპის სუვერენული და წარმატებული ნაციონალური სახელმწიფოს არსებობა კარდინალურად აბრკოლებს რუსეთის ნებისმიერ იმპერიულ გაფართოებას.
დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ როგორც მაშინ, ისე ახლა, ნგრევის ეპოქის თანმდევი ქაოსიდან გამოსული რუსეთი გაფაციცებით მიილტვის სასიცოცხლო სივრცისაკენ. დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ როგორც მაშინ, ახლაც სახეზეა დასავლეთის მზარდი აპათია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ. დასავლეთის თავდაცვითი ხაზი ხანმოკლე გაფართოების შემდეგ ისევ ინაცვლებს „სასიცოცხლო ცენტრებისაკენ”, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოსგან უფრო დასავლეთით და უფრო სამხრეთით მდებარეობს. ვინ იცის, რა არის ამის მიზეზი? შესაძლოა დასავლეთი დაიღალა რუსეთთან კონფრონტაციით. ანდა შესაძლოა, რუსეთი უფრო ჯიუტია თავისი სტრატეგიის შესრულებისას, ვიდრე დასავლეთი. ან იქნებ რუსეთთან თანამშრომლობა - ირანის საკითხზე - დასავლეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური მომავალი.
დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ სახელმწიფო აღმშენებლობის პრიორიტეტებში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს სოციალური საკითხები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაციონალური პროექტების წინა პლანზე წამოწევის ნაცვლად. ეს კი, შეიძლება ითქვას, არანაკლებ დამაფიქრებელია, ვიდრე დასავლეთის წასვლა ჩვენი რეგიონიდან.
რუსეთს რეგენერაციის უზარმაზარი უნარი აქვს, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ იგი პატივს სცემს ძალას და ჩერდება იქ, სადაც წინააღმდეგობას წააწყდება. თუ გვსურს, რომ 26 მაისი ისევ არ შეგვეცვალოს 25 თებერვლით, აწმყოსა და მომავლის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა ისეთი სამხედრო და პოლიტიკური ძლევამოსილების მიღწევა, რომელსაც რუსეთი ანგარიშს გაუწევს, რადგან მნიშვნელოვნად გაუძვირებს ჩვენს დამორჩილებას. ამ ამოცანის შესრულებას, საშუალებებთან ერთად, გულანთებული ნებაც სჭირდება - ნება თავისუფლების დაცვისა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები