კოლუმბიის გზა დემოკრატიისა და კეთილდღეობისაკენ

ანტანას მოკუსის მხარდამჭერთა აქცია
30 მაისს კოლუმბიური დემოკრატია უმნიშვნელოვანეს გამოცდას ჩააბარებს. ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ხმათა 36%-ით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტის, ალვარო ურიბეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ხუან სანტოსი. სანტოსი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. იგი მაღალ თანამდებობებზე კოლუმბიის სამ მთავრობაში მუშაობდა. ურიბეს პრეზიდენტობისას სანტოსს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. მან პარტიზანული ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით გამოიჩინა თავი, გაანადგურა რა ნარკო-ტერორისტული ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი. კოლუმბიამ ტერორიზმს სამხედრო ძალა და რადიკალური ინსტიტუციონალური რეფორმები დაუპირისპირა. შედეგმაც არ დააყოვნა. ურიბეს მთავრობის დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ამერიკული კოლუმბიის გეგმის განხორციელებით, პარამილიტარების რიცხვმა ქვეყანაში 18 ათასიდან 8-9 ათასამდე იკლო. 70%-ით შემცირდა მკვლელობები და მოტაცებები. კოლუმბია გახდა რეგიონის ლიდერი ნარკობიზნესთან ბრძოლაში. გაპრეზიდენტების შემთხვევაში სანტოსი ურიბეს „დემოკრატიული უსაფრთხოების” პოლიტიკას გააგრძელებს. მისი მთავარი საზრუნავი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა იქნება.
ხუან სანტოსის მთავარ კონკურენტად მწვანეთა პარტიის კანდიდატი - ანტანას მოკუსი მიიჩნევა, რომელსაც გამოკითხულთა 29% უჭერს მხარს. მოკუსი ბოგოტას ყოფილი მერია. კონსერვატორების წრეებში მოკუსს პაციფისტად იცნობენ. მასში ხედავენ ურიბეს წინამორბედი პრეზიდენტის, ანდრეს პასტრანას აჩრდილს. პასტრანამ ნარკო-ტერორისტები სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩართო. იმის მიუხედავად, რომ ტერორისტებმა მაშინდელი მთავრობისგან, დემილიტარიზაციის სანაცვლოდ, შვეიცარიის ფართობის ტერიტორია მიიღეს, მათ მალევე დაარღვიეს შეთანხმება; ტერიტორია კოკაინის მოსაყვან და ტყვეების დასამალავ ალაგად იქცა.
მართალია, მოკუსი ნარკო-ტერორისტულ დაჯგუფებებთან დიალოგის სურვილს უარყოფს, თუმცა მეზობელ ვენესუელასთან ურთიერთობის დათბობა მისი კამპანიის ნაწილია. ეს ორი მიზანი კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვენესუელა ტერორისტულ ორგანიზაცია კოლუმბიის რევოლუციურ არმიასთან (FARC) თანამშრომლობს აშშ-ს, ევროპისა და დასავლეთ აფრიკის რეგიონების ნარკოტიკებით მოსამარაგებლად. FARC-თან ჩავესის ადმინისტრაციის ფინანსური კავშირი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო დაზვერვის ბიურომ 2008 წლის სექტემბერში დაადასტურა.
კოლუმბიის და ვენესუელის პოლიტიკური ორიენტაცია განსხვავებულია. ჩავესს სურს, „დიდი კოლუმბიის” სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ გააერთიანოს ვენესუელა, კოლუმბია, ბოლივია, ეკვადორი, პანამა და პერუ. ეს მის ქვეყანას მე-19 საუკუნის სახეს დაუბრუნებდა. ჩავესს სჯერა, რომ შესწევს ძალა ბოლომდე მიიყვანოს ვენესუელელი განმათავისუფლებლის, სიმონ ბოლივარის მიერ მე-19 საუკუნეში დაწყებული საქმე - „21-ე საუკუნის სოციალისტური რევოლუციით”.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე კოლუმბია აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება. შარშან, ნოემბერში აშშ-სა და კოლუმბიას შორის სამხედრო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო პერსონალს უფლება აქვთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად კოლუმბიის საერთაშორისო აეროპორტები და სამხედრო ბაზები გამოიყენონ. ვენესუელამ ეს ომის დაწყებასთან გააიგივა, კოლუმბიელი დევნილების დეპორტაცია დაიწყო და საზღვრებთან 15-ათასიანი ჯარი განათავსა.
სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარდა კოლუმბიამ დემოკრატიზაციისკენაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კოლუმბიურმა დემოკრატიამ გამოცდა ამა წლის თებერვალშიც ჩააბარა: მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა მისი მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის სურვილი გამოთქვეს. პარლამენტმა რეფერენდუმზე გაიტანა საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციის შესაცვლელად. იდეას საზოგადოებაც უჭერდა მხარს, თუმცა სამთავრობო და საპარლამენტო წნეხის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ ინიციატივა გააუქმა და კოლუმბიის დემოკრატია დაიცვა.
მიმდინარე რეფორმებმა ეკონომიკური რეაბილიტაცია ერთიორად დააჩქარა. ურიბეს პრეზიდენტობის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის ტემპი საშუალოდ 5.7% იყო, მაშინ როცა რეგიონული მშპ-ს ზრდის ტემპმა დაახლოებით 4-5% შეადგინა.
მსოფლიო ბანკის 2010 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიადვილით, კოლუმბია რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია. იგი უპირველესია რეგიონში უცხოელი ინვესტორების დაცვის კუთხით; ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისთვის, კონტინენტის მასშტაბით, ყველაზე ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოა შექმნილი. ურიბეს პრეზიდენტობისას კოლუმბიაში უცხოურმა ინვესტიციებმა 3-ჯერ მოიმატა; გასამმაგდა ექსპორტიც.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა” და „უოლ სთრით ჯურნალის” ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, კოლუმბია მეთორმეტე ადგილზეა, სამხრეთ ამერიკის 29 ქვეყანას შორის. ურიბეს პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანამ 3 საფეხურით წაიწია წინ, ხოლო ჯამური ქულა, წინა წელთან შედარებით, 3.2-ით გააუმჯობესა. ფონდის შეფასებით, კოლუმბიაში ცხოვრების დონემ ბოლო 8 წლის მანძილზე აიწია და უმუშევრობა შემცირდა. გარდა ამისა, სავაჭრო და ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმებით, კოლუმბია 100-დან 83.2 და 72.5 ქულას იმსახურებს. თუმცა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება სახელმწიფოს ინსტიტუციონალური სისუსტე და კორუფცია.
ნავთობრესურსებით უმდიდრესი ვენესუელა იმავე რეიტინგით რეგიონში 28-ე ადგილზეა და მხოლოდ კუბას უსწრებს. ამის მიზეზია ქვეყანაში არსებული მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, მზარდი სამთავრობო ინტერვენციონიზმი და კორუფციის მაღალი დონე. ვენესუელაში სასამართლო სისტემას მთლიანად აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ხშირია მთავრობის მიერ ქონების კონფისკაცია, არ არის დაცული საკუთრების უფლებები. აღსანიშნავია, რომ საკუთრების დაცვის კრიტერიუმით, „ჰერითიჯი” ქვეყანას 100 შესაძლოდან - 0 ქულას უწერს. საინვესტიციო თავისუფლების კრიტერიუმით, ვენესუელა 5 ქულით ფასდება. „ფრეზერის ინსტიტუტის” ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში კოლუმბია 121-ეა, ხოლო ვენესუელა 138-ე. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით (Global Competitiveness Index), კოლუმბია 69-ე პოზიციაზეა, ვენესუელა კი 113-ზე. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ბრაზილია - 56-ე, პერუ - 78-ე და ჩილე - 30-ე ადგილებზე.
კოლუმბიის ეკონომიკური პროგრესი მეტწილად აშშ-სთან თანამშრომლობამ უზრუნველყო. 2008 წლისთვის აშშ-ს კონგრესში შევიდა კოლუმბია-ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ინიციატივა, რომლის რატიფიკაციასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, პროფკავშირების უფლებების დაცვის კუთხით, კოლუმბიაში არასახარბიელო სიტუაციაა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სახიფათოა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება.




 

კომენტარები