საქართველოსთვის წართმეული დემოკრატია

საზეიმო აღლუმი. თბილისი 1920
სახელმწიფოებრიობის შთამბეჭდავი ისტორიის მიუხედავად, ხშირად გვიჭირს ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის გამოცდილება მეტად მწირი გვაქვს. როგორც ცნობილია, თანამედროვე ერი-სახელმწიფო ძირითადად მე-19 საუკუნის მოვლენაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება ფეოდალური სახელმწიფოსგან. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა გვაზუთხინონ ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორია (ისიც ზღაპარივით გადმოცემული), სახელმწიფოს განცდა ვერ გაძლიერდება, თუ, ერთი მხრივ, არ იქნა ახსნილი, თუ მაინც რა არის თანამედროვე სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, - სათანადოდ შესწავლილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
არსებობის მცირე დროის მიუხედავად, პირველი რესპუბლიკა მრავალი ღირსების გამო იმსახურებს მეტ ყურადღებას. ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ საგარეო პოლიტიკაში და სამხედრო სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა და სახელმწიფოს დაკარგვით გამოწვეულმა ტრაგედიამ გადაფარა რესპუბლიკის მთავარი მიღწევა - ეფექტურად მომუშავე დემოკრატიული სისტემა.
თანამედროვე გადასახედიდან საქართველო-რუსეთის იმდროინდელი ურთიერთობა რამდენიმე მიზეზითაა საინტერესო. ფაქტი ფაქტად რჩება: მოხდა კლასიკური ინტერვენცია, ანექსია და ოკუპაცია. ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისგან განსხვავებით, რუსებს არც უცდიათ მეტ-ნაკლებად გამართული სამართლებრივი ლეგენდის შეთხზვა: პირდაპირ შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. დაყვავების პოლიტიკის თანამედროვე აპოლოგეტები უდავოდ მოიწონებდნენ ომის თავიდან აცილების სურვილით ნაკარნახევ სასოწარკვეთილ (მაგრამ უგუნურ ნაბიჯს) - საქართველოს ჯარის დიდი ნაწილის ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე - 1920 წლის დეკემბერში დემობილიზაციას. უკვე ემიგრაციაში სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეები იგონებდნენ, რომ ნოე ჟორდანიას უჭირდა კრემლის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის დაჯერებაც კი.
აღიარების სანაცვლოდ, საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ბრიტანეთის ჯარს ქვეყნიდან გასვლა მოსთხოვა. რამდენიმე თვეში წითელი არმია საქართველოში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა. ზუსტი ციფრების დადგენა შეუძლებელია, თუმცა, ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიცია გვამცნობს, რომ 1921-დან 1954 წლამდე საქართველოში დახვრეტილ იქნა 200, 000-მდე ადამიანი, ამდენივე გადასახლებული, საიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა. ფაშიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი დისპროპორციულად მაღალი აღმოჩნდა - 300,000 ადამიანი. საერთო ჯამში, საქართველომ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ სამი მილიონი იყო, მისი მეათედი დაკარგა. უცნაურია, მაგრამ თანამედროვე ქართულ ცნობიერებაში ეს ფაქტი უმნიშვნელო როლს ასრულებს - ალბათ იმის გამო, რომ დიდი დრო გავიდა და რუსეთის არქივებში არსებული დოკუმენტები მიუწვდომელია.
საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით პირველმა რესპუბლიკამ ბევრს მიაღწია. მოგვიანებით აღიარებული ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გამოკლებით, საქართველო იყო საბჭოთა იმპერიაში შეთრეული ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავად ბოლშევიკურმა რუსეთმა ცნო. საქართველო ასევე აღიარა 20-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის ყველაზე დიდმა მოთამაშეებმა. თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად, ოკუპაციის დროისთვის საქართველო უკვე დაუშვეს ერთა ლიგის კომიტეტში, რაც ამ ორგანიზაციაში მის გარდაუვალ გაწევრიანებას მოასწავებდა.
და მაინც, პირველი რესპუბლიკის ყველაზე დიდი მიღწევა რეალურად მომუშავე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის უაღრესად მოკლე დროში შექმნაა. რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა ქართული დემოკრატია? მოხდებოდა თუ არა მისი შემდგომი კონსოლიდაცია თუ ეროზია, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ახალ სახელმწიფოებში მოხდა? სამწუხაროდ, დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება იმის მტკიცება, რომ ქართული დემოკრატია ნამდვილად იყო კონსოლიდირებული, ანუ, თანამედროვეობისგან განსხვავებით, პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონაწილე შეთანხმებული იყო თამაშის წესებზე და მათი დარღვევა, უბრალოდ, ვერ წარმოედგინა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატია, როგორც პოლიტიკური წყობილების ფორმა, სულაც არ იყო „მოდაში” არათუ მსოფლიოში, ევროპაშიც კი. სწორედ ამ დროს საქართველომ ჩაატარა ზედიზედ ორი არჩევნები (1919 წელს - საპარლამენტო და 1920 წელს - ადგილობრივი, „ხმოსნების”) რომელთა სამართლიანობაში მის არც ერთ მონაწილეს ეჭვი არ შეუტანია (მაგალითად, საყოველთაო ხმის უფლება დიდ ბრიტანეთში შემოიღეს მხოლოდ 1928 წელს, ხოლო საფრანგეთში - 1945 წ). ქვეყანაში მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, მოკლე დროში გადაიდგა დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობისთვის აუცილებელი ნაბიჯები, მათ შორის, არჩევითი მაგისტრატი მოსამართლეებისა და ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება, ხელი ეწყობოდა თავისუფალ ვაჭრობას და დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა დასავლური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების წასახალისებლად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებს აგვირგვინებს 1921 წელს ზარბაზნების გრუხუნის თანხლებით მიღებული მაშინდელი ევროპის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დემოკრატიული კონსტიტუცია.
მმართველ სოციალ-დემოკრატიულ და ოპოზიციურ მემარჯვენე პარტიებს ხშირად რადიკალურად განსხვავებულად ესმოდათ მრავალი საკითხი, მათ შორის, სახელმწიფოს როლი ქვეყნის განვითარებაში. ამის დასტურია იმდროინდელ პარლამენტში გამართული ცხარე დებატები, რომელთა ხარისხი გაგაკვირვებთ და, ამავე დროს, სიამაყისა და სინანულის გრძნობით აღგავსებთ. მაგრამ უდავოა, რომ, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულ პარტიებს ნამდვილად აერთიანებდა საქართველოს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების სურვილი და განცდა. ის ფაქტი, რომ არც ოკუპაციამდე და არც ოკუპაციის შემდეგ მტრის მხარეზე არც ერთი პოლიტიკური მოღვაწე არ გადასულა, თანამედროვე პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკოსებს შეუძლიათ მხოლოდ შეშურდეთ. „არის ერთი საკითხი, გარდაუვლად ყველასთვის სავალდებულო საკითხი, უზენაეს სავალდებულო კატეგორია - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხი და ამ საკითხში ყველა მთავრობასთან ვიქნებით გასაჭირის დროსა,” - აღნიშნავდა ოპოზიციის ლიდერი სპირიდონ კედია პარლამენტში სოციალ-დემოკრატების შეურიგებელი კრიტიკისას 1919 წელს.
ის, რომ საქართველოს ჰქონდა ფუფუნება, ჰყოლოდა მრავალრიცხოვანი და მაღალი დონის პოლიტიკური კლასი, სახელმწიფოს დაკარგვას კიდევ უფრო დასანანს ხდის. როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წევრთა ბიოგრაფიებისთვის თვალის გადავლება საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ქვეყნის აგება სწადდათ და შეეძლოთ იმ დროს. საზოგადოებრივ ცხოვრებას წარმართავდა ევროპული პოლიტიკური დისკურსის წვენში მოხარშული, პარტიული მუშაობისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ათწლეულებით გამობრძმედილი ხალხი. ბოლშევიკურმა ოკუპაციამ ქართული რეალობიდან მთლიანად ამოძირკვა პასუხისმგებლობით და პატრიოტიზმით გამსჭვალული პოლიტიკური კლასი. ამ კლასის არარსებობამ და სახელმწიფოებრიობის განცდის არქონამ დიდწილად განაპირობა კიდეც 1991 წლის შეცდომები და ჩვენი დიდი ხნით უკან დახევა.
„ბოლშევიკები ვერ მოითმენდნენ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უშუალოდ თავიანთ საზღვარზე,” - გვამცნობს 1954 წლის აშშ-ს კონგრესის სპეციალური ანგარიში საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა - საკმარისია მხოლოდ ბოლშევიკები პუტინით ჩავანაცვლოთ. მაშინაც და დღესაც, რუსეთის მმართველთა წარმოდგენით, დემოკრატიული საქართველოს წარმატება მათ პოლიტიკურ სისტემას ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის. იქნებ საქართველოს მიერ შესასრულებელი მისია სწორედ ამ განცდაში იმალება, რომელიც მე-20 საუკუნიდან მემკვიდრეობით გვერგო. როგორც პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი (ნკვდ-ს აგენტმა მოკლა პარიზში 1930 წელს) წერდა 1924 წელს, „უნდა მოხდეს ორში ერთი - ან ევროპა გაბოლშევიკდეს, ან რუსეთი გაევროპელდეს.”


 

კომენტარები