მეშინია ყველა რელიგიის, რომელიც ფანატიზმს შობს

მეშინია ყველა რელიგიის, რომელიც ფანატიზმს შობს

„ბოჰემური მზეთუნახავისთვის” რთული აღმოჩნდა დიასახლისობა, მით უმეტეს, 17 წლის ასაკში. მცირეწლოვანი ჯეინ ბირკინი „ბ თანრიგის” ცნობად სახეს, „ჯეიმს ბონდის” კომპოზიტორ ჯონ ბერის გაჰყვა ცოლად. ჯონისგან გოგონა - ქეიტი შეეძინა. გათხოვებიდან მალევე მან ეპიზოდური როლი შეასრულა ანტონიონის მიერ 1966 წელს გადაღებულ სკანდალურ ფილმში - Blow Up (აფეთქება). ბრიტანეთი შოკში ჩავარდა - ბირკინი პირველი ქალბატონი აღმოჩნდა, რომლის სხეულმაც სრული და დაუფარავი მშვენიერებით გაიბრწყინა კინოთეატრების ეკრანებზე.

ბერი-ბირკინის წყვილის განქორწინება ფრანგულ კულტურულ რევოლუციას დაემთხვა. ამომავალმა ვარსკვლავმა 1968 წელს ადუღებულ პარიზს მიაშურა. ენის არცოდნას მისთვის ხელი არ შეუშლია, სათამაშოდ მიეწვიათ ფრანგულ ფილმში - „სლოგანი”. 20 წლის ჯეინს პარტნიორობას უწევდა საფრანგეთის სექსსიმბოლო, გაუპარსავი, უხეში, არც ისე სიმპათიური, მაგრამ სახასიათო, დროდადრო მსახიობი, ხანდახან მომღერალი, ზოგჯერ რეჟისორი - სერჟ გინსბურგი. ჯეინზე ოცი წლით უფროს სერჟს გადასაღებ მოედანზე ტირილამდე მიჰყავდა ახალგაზრდა მსახიობი ქალი. ბირკინმა ჭირვეულის მორჯულება განიზრახა და ფილმის რეჟისორი დაიყოლია, განმარტოებული ვახშამი მოეწყო მათთვის. პაემანზე ბირკინმა სერჟი საცეკვაოდ გაიწვია. თავდაპირველად გინსბურგმა სასტიკად იუარა, თუმცა აბა რომელი კაცი გაუძლებდა ბოლომდე ჯეინის დაჟინებულ მზერას...

პარიზის გლამურული პრინცი საშინელი მოცეკვავე აღმოჩნდა, ლამის ფეხები დაამტვრია ჯეინს. „სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მაგ ყოყოჩის მიღმა გასაოცრად მორცხვი მამაკაცი იმალებოდა,” - იხსენებს დღის გმირი.

ეს საღამო იქცა სერჟ გინსბურგისა და ჯეინ ბირკინის ერთობლივი ცხოვრების ათვლის წერტილად. გინსბურგმა ყოფილი საყვარლისთვის - ბრიჯიტ ბარდოსთვის დაწერილი სიმღერა - Je T’aime… Moi Non Plus (მე შენ მიყვარხარ... არც მე) - ჯეინთან ერთად ჩაწერა. ბირკინმა სიმღერაში ისე განასახიერა ორგაზმი, რომ „იგი სულაც აღარ ჰგავდა გათამაშებულს”, - წერდნენ გაზეთები. შედეგმაც არ დააყოვნა: ვატიკანმა სინგლი მკრეხელობად შერაცხა, ესპანეთსა და იტალიაში იგი უბრალოდ აკრძალეს, BBC-მ კი „რადიოეთერისთვის შეუფერებლად” გამოაცხადა. ცენზურის მიუხედავად, სერჟის და ჯეინის ალბომი მილიონობით დაიტაცეს. ჯეინი სამშობლოშიც დააფასეს. არა უბრალოდ სამშობლოში, არამედ ეპოქის განმსაზღვრელი მუსიკის შემქმნელ სამშობლოში. Je T’aime… Moi Non Plus პირველი უცხოენოვანი სიმღერაა, რომელსაც ბრიტანულ ჰიტ-ლისტში პირველი ადგილი არგუნეს.

ასე იქცნენ გინსბურგი და ბირკინი ფრანგული ანდერგრაუნდის ლეგენდად. ისინი 60-იანი წლების პოსტლიბერტარიანულ ბოჰემას განასახიერებდნენ. მათ რამდენიმე ალბომი ჩაწერეს ერთობლივად; გადაიღეს ფილმები. განუყრელი წყვილი ურიცხვი ცნობილი გამოცემის გარეკანზე იწონებდა თავს. ისინი ამის ყველა პირობას იძლეოდნენ. ისეთ დრამებს აწყობდნენ რეალურ ცხოვრებაში, გოდარისა და ტრიუფოს ფილმების გმირებს რომ არც დაესიზმრებოდათ. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სერჟი და ჯეინი რესტორანში სადილობისას შეკამათდნენ. სერჟმა ჯეინს ხელჩანთა ამოუტრიალა და პირადი ნივთები ამოუყარა. ჯეინის რეაქცია მყისიერი, მაგრამ გრაციოზული იყო - თავის კავალერს ყველას თვალწინ სახე შეულამაზა კრემიანი ნამცხვრით. სერჟმა რესტორანი უსიტყვოდ დატოვა და სენას სანაპიროზე ჩაისეირნა. ჯეინი მას აედევნა. არ იცოდა, როგორ შემოერიგებინა ჭირვეული საყვარელი და, სასოწარკვეთილი, სენაში გადაეშვა. ჰო, მართლა, ჯეინმა ცურვა არ იცოდა.

1971 წელს გინსბურგს და ბირკინს შეეძინათ ქალიშვილი - შარლოტი.

წლები გადიოდა. გინსბურგი სულ უფრო მეტს სვამდა, ეწეოდა უფილტრო ჟიტანს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სასტიკად ეპყრობოდა ჯეინს. ბირკინი დროდადრო, ქალიშვილებთან ერთად, სახლიდან მიდიოდა. 1981 წელს რეჟისორ ჟაკ დილონისგან ექვსი თვის ფეხმძიმე ჯეინმა სამუდამოდ მიატოვა სერჟი. მისთვის მესამე სიყვარულიც უიღბლო გამოდგა.

ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ემიგრანტი უკვე 40 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ითამაშა 50-მდე ფილმსა და მრავალ სპექტაკლში. გაშორების შემდეგ ჯეინი და სერჟი ახლო მეგობრებად დარჩნენ. ყოფილი შეყვარებული მას სიმღერებს უძღვნიდა. გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გინსბურგი სინგლით - Amour des Feintes (მკვდრების სიყვარული) - თავის მუზას გამოემშვიდობა.

ბირკინის მთავარი გატაცება დღეს ჰუმანიტარული საქმიანობაა. ის აქტიურად თანამშრომლობს Amnesty International-თან. მისი მხარდაჭერით განებივრებულნი არიან რუანდაში, ჩეჩნეთში, ბოსნიაში, ბირმასა და ჰაიტიში. საქველმოქმედო საქმიანობისთვის მან ბრიტანეთის დედოფლისგან ჯილდოც მიიღო 2001 წელს.

25 მაისს ჯეინ ბირკინი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის, SOS Racism-ის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა. 26 მაისს მან, ქართველი დევნილების მხარდასაჭერად, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ტაბულას ბირკინთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.

როგორ აღმოჩნდით ზუგდიდში, რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა?

უწინარესად იმან, რაც 2 წლის წინ ვიხილე ტელევიზორში რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ აქციაზე, რაფაელ გლუქსმანის რეკომენდაციით, SOS Racism-მა მომიწვია. რაფაელი ჩემი კარგი მეგობრის, ანდრე გლუქსმანის შვილია. ანდრემ და მე მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ჩეჩნების დასახმარებლად. ამას გარდა, ერთად ვმონაწილეობდით ანა პოლიტკოვსკაიასა და რუსეთში მოკლული სხვა ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიაში.

თვითონ რაფაელს საკმაოდ უცნაურ გარემოში შევხვდი. 10 წლის წინათ ერთად დავესწარით ჩეჩენი მოცეკვავე ბავშვების წარმოდგენას. მოხიბლული დავრჩი მათი ოსტატობით. ახლაც მახსოვს ბავშვების მიერ ცერებზე შესრულებული ცეკვა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეხერხებინა, ისინი პარიზის საუკეთესო სცენაზე ენახათ. ბავშვები მეორე დღეს რუსეთში ბრუნდებოდნენ, ამიტომ სწრაფად უნდა მემოქმედა. ამ დროს ავინიონის ფესტივალი მიმდინარეობდა და ბევრი ჩემი ნაცნობი იქ იყო. ტელეფონით ვერავინ გამოვიჭირე. რაფაელმა მომაწოდა იდეა, დავკავშირებოდი ცნობილ რეჟისორს, არიან მუშკინს, ტეატრ დუ სოლეის (მზის თეატრის) დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. არიანი სიხარულით დამთანხმდა - მოცეკვავე ბავშვებს მთელი პარიზი უკრავდა ტაშს ორი საღამოს განმავლობაში.

ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. თუ ჩემი მორალური მხარდაჭერა იოტისოდენა შვებას მაინც მოჰგვრის იმ 350 000 ადამიანს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს, მზად ვარ, ამისთვის ბევრი გავიღო - ადამიანი ერთხელ ცხოვრობს.

რის მიღწევას ცდილობთ ამ და სხვა კამპანიებით, გჯერათ, რომ მსგავსი აქციები გავლენას იქონიებს ამა თუ იმ მთავრობის ქმედებებზე? ვიცი, რომ მოსკოვში, კონცერტზე, თქვენ ორი წუთით დაადუმეთ აუდიტორია ანა პოლიტკოვსკაიასთვის პატივის მიგების ნიშნად. რა მიიღეთ შედეგად?

უშედეგოც რომ იყოს ჩემი ძალისხმევა, მაინც ვცდიდი. თუნდაც ერთ ადამიანზე რომ ვიმოქმედო პოზიტიურად, უკვე შედეგია. მახსოვს, მოსკოვის კონცერტის შემდეგ, რუსი გოგონა, რომელიც კულისებში ტანსაცმლის გამოცვლაში მეხმარებოდა, ატირდა და ბოდიშს მიხდიდა. რუსეთშიც ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას არ უშინდებიან და თავს საფრთხეში იგდებენ. ასეთები არიან ორგანიზაცია მემორიალის წარმომადგენლები. აღფრთოვანებული ვარ მათი სიმამაცით. მჯერა, რომ ისინი, ადრე თუ გვიან, შეძლებენ ბოროტების დაძლევას.
ხშირად ადამიანების გულგრილობის მიზეზი ფულია. ფინანსური ინტერესი უმეტესად მორალზე მაღლა დგება. მაგალითისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ტოტალი - ავიღოთ. მათ უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ ბირმაში. შევხვდი კომპანიის ხელმძღვანელს, ავუხსენი, რა ხდება ბირმაში და ისიც მოვახსენე, რამხელა ბოროტებას ხმარდება მისი ფული. მან ყურიც არ შეიბერტყა და ისევ აგრძელებს ფულის დაბანდებას იქ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები არაფრად მიაჩნიათ.

ვთვლი, რომ ინგლისელები ამ მხრივ უფრო თამამები არიან, ვიდრე ფრანგები. ინგლისში პერიოდულად ქვეყნდება შავი სია იმ კომპანიებისა, რომლებსაც კაპიტალი დაბანდებული აქვთ ტოტალიტარულ ქვეყნებში. ამ სიაში ტოტალიც მოყვა. ბენზინი მათ სადგურზე აღარასოდეს ჩამისხამს. ტოტალის აქციონერებს შორის ამოვიცანი ადამიანები, რომლებიც პარიზში რესტორნებს ფლობენ. აღარც ამ რესტორნებში შევსულვარ. ამის შესახებ არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია და ბევრი ადამიანი ამიყოლიებია.

ვთვლი, რომ პერსონალურ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ცნობილი ვარ, ჩემთვის ადვილია მაგალითის მიცემა. ეს ის შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. შეიძლება მიამიტად ჩამთვალოთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ასე მჯერა.

გაგრძელება ექნება თქვენს ვიზიტს საქართველოში?

იმედი მაქვს, ექნება. ამისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, დღევანდელი კონცერტი მედიის ყურადღებას მიიქცევს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. სამწუხაროდ, მედიას მოკლე მეხსიერება აქვს. მსგავსი აქციები ხელს უწყობს მის გამოღვიძებას.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ხანდახან ვშიშობ - იმდენ კამპანიაში ვარ ჩართული, ეფექტი იკარგება. საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ სულ ვიღაცის დასახმარებლად ვმღერი, შესაბამისად, ნაკლებად საინტერესო ვარ, იმ ცნობილ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც სიცოცხლეში ერთხელ მონაწილეობენ მსგავს აქციებში. ხანდახან ჩემი საუკეთესო მეგობრებიც მირჩევენ, რომ გავჩერდე, რომ ეს ყველაფერი უკვე ბანალური გახდა. არ გავჩერდები და არც დავიღლები. იმას გავაკეთებ, რასაც სინდისი მიკარნახებს.

ვხედავ, ჰერმესის თქვენივე სახელობის ჩანთა გიჭირავთ. ის აჭრელებულია სტიკერებით, რომელზეც გამოსახულია ბირმელი ოპოზიციის ლიდერი, ანგ სან სუ ჩი. მომიყევით ამ ქალის შესახებ.

ამ ქალს 12 წლის წინათ შევხვდი. იგი ბირმის დემოკრატიული პარტიის ლიდერია და უკვე 14 წელია ხან შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, ხან - ციხეში ზის. სამწუხაროდ, ბევრი ხალხი ვერ ავიყოლიე. მის მხარდასაჭერ აქციებზე ხან ხუთნი ვართ, ხან - ათნი. კამპანიაში კატრინ დენევი, შარლოტ რამპლინგი და მიშელ პიკოლიც ჩაერთვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობა მეტ ადამიანს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბირმაში ვერ ჩავდივარ, არ მიშვებენ, მხოლოდ საზღვართან შემიძლია მისვლა და ბირმელი ლტოლვილების მონახულება. ეს ქალი მალე მოკვდება, თუ რამე არ შეიცვალა. უკვე სამჯერ იყო მძიმედ ავად. მხოლოდ იმიტომ, რომ მას მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში, ბირმის ხელისუფლებამ კანონმდებლობა შეცვალა და არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობა აკრძალა, რომლებიც უცხოელებზე არიან დაქორწინებულნი, ანგ სან სუჩის მსგავსად, რომლის მეუღლეც ინგლისელია. არჩევნებში მონაწილეობა ვერც მისმა პარტიამ მიიღო.

გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, ბოლო პერიოდში ფილმის გადაღებაც სცადეთ. აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას?

ფილმის გადაღება დიდ თანხებს უკავშირდება. ჩემი ფილმები ინვესტორებს არ აინტერესებთ - ისინი მოგებიანი არ არის. ბოლო ფილმში ჯერალდინ ჩაპლინმა, მიშელ პიკოლიმ და ჩემმა ქალიშვილმა ლუმ ითამაშეს უსასყიდლოდ.

ცოტა რამ ოჯახზე და ქალიშვილებზე, რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს ჰუმანიტარულ საქმიანობასთან?

ჩემი გმირი მამაჩემია. ის თავგამოდებით ებრძოდა ფაშისტებს და ვიშის მთავრობას. ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი იყო. ეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯას. მან გამაწევრიანა Amnesty International-ში, როდესაც 15 წლის ვიყავი.

უფროსი შვილი ჯონ ბარისგან მყავს. ის ცნობილი კომპოზიტორია. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმებისთვის: მგლებთან მოცეკვავე, ჯეიმს ბონდი. ქეიტი შემდგარი ფოტოგრაფია. ის თავადაც ჩაბმულია საქველმოქმედო საქმიანობაში. ეხმარება ნარკომანებსა და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს.
შარლოტ გინსბურგი ოქროს პალმის ლაურეატი მსახიობია. მის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ. ის მღერის კიდეც. მისი ბოლო ალბომის 600 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

უმცროსი ქალიშვილი თეატრის რეჟისორია. ამჟამად ლუ ბეკეტის პიესას დგამს საფრანგეთის ნაციონალური თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან.

კეიტი და ლუ აქტიურად მეხმარებიან ადამიანთა უფლებების დამცველ საქმიანობაში. შარლოტი ჯერჯერობით თავს იკავებს - ფიქრობს, რომ ზედმეტად აქტიური ვარ.

სიმღერა „Je T’aime…Moi Non Plus”, თქვენი და სერჟ გინსბურგის შესრულებით, 60-იანი წლების ბოლოს ვატიკანმა მკრეხელობად შერაცხა. ეს თემა საქართველოში დღეს გახდა აქტუალური. საქართველოს საპატრიარქო უხამსობის ამკრძალავი კანონის მიღებას ითხოვს. რა შედეგით დამთავრდა ვატიკანის ეს ნაბიჯი?

მსგავს ინიციატივებს იუმორით უნდა შეხედო. ვატიკანის განცხადების შესახებ ინფორმაცია მთელ კათოლიკურ სამყაროს მოედო, იმიტომ რომ მათივე გამოცემაში დაიბეჭდა. ასეთი პიარი ჩემთვის, ალბათ, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. აკრძალვამ სიმღერით უზარმაზარი დაინტერესება გამოიწვია. მისდა უნებურად, ვატიკანმა იმ სიმღერის წარმატებას შეუწყო ხელი, რომელიც თავადვე დაიწუნა. სიმღერის შექმნიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ ბრიტანულმა გარდიანმა ახლახან ის ყველაზე წარმატებულ სასიყვარულო სინგლად აღიარა. მსგავსი შეზღუდვები კონტრპროდუქტიულია, აკრძალული ხილი გემრიელია.

როდესაც ეს სიმღერა შევასრულეთ, სკანდალს უკვე ნაზიარები ვიყავი. მიქელანჯელო ანტონიონის, ჩემი აზრით, ერთ-ერთმა საუკეთესო ფილმმა, Blow Up-მა, არანაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია ინგლისში.

პედოფილიასთან დაკავშირებულ აურზაურს თუ გავითვალისწინებთ, არ მგონია ვატიკანს უფლება ჰქონდეს ვინმეს მორალი უკითხოს. მეშინია ყველა რელიგიის, რომელიც ფანატიზმს შობს. ხვალვე ქუჩაში გამოვიდოდი, თუ ჩემი რელიგია სხვას პრობლემებს შეუქმნის: თუ ის ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გაილაშქრებს ან დაწყევლის ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო. მჯერა იმის, რასაც ქრისტე ამბობს და არა მისი ინტერპრეტაციების. მე პროტესტანტი ვარ, ეს გარკვეულწილად სიამაყითაც მავსებს. მომწონს, პროტესტი რომ ფიგურირებს ამ სიტყვაში. ჩვენ, პროტესტანტები, ქედს არ ვიხრით ვატიკანის წინაშე. მიგვაჩნია, რომ ღმერთთან შუამავალი არ გვჭირდება.

მე თვითონ ეკლესიაში მივდივარ ან პანაშვიდზე, ან სანთლის დასანთებად. მხოლოდ ეს მაკავშირებს რელიგიასთან. სანთელს ყველგან ვანთებ, სინაგოგაშიც, ტაძარშიც - იმის მიუხედავად, კათოლიკურია ის, მართლმადიდებლური თუ პროტესტანტული. მჯერა ქრისტეს სიბრძნის. ცოცხალთა შორის ყველაზე ბრძენი კი დალაი ლამა მგონია.