მეხუთე მთავრობა 4 წელიწადში

ყოფილი პრემიერი იუკიო ჰატოიამა
4 ივნისს იაპონიის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ ახალი ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი ნაოტო კანი აირჩია. ჰატოიამას მთავრობაში კანს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის პარტიის წევრებს „ახალ დასაწყისს დაპირდა”. 1990-იან წლებში იგი ჯანმრთელობის მინისტრი იყო და მის რეფორმებს გავლენიანი ბიუროკრატები შეეწირნენ. განსხვავებით ჰატოიამასგან, კანი არ არის ელიტური პოლიტიკური საგვარეულოს შთამომავალი.
იაპონიის აწ უკვე ყოფილი პრემიერი იუკიო ჰატოიამა თანამდებობიდან გასულ ოთხშაბათს გადადგა. ეს განცხადება მან პირდაპირ ეთერში, პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ჰატოიამა ბოლო 4 წლის მანძილზე ქვეყნის მეოთხე პრემიერი იყო, რომელმაც სულ რვა თვე გაძლო თანამდებობაზე.
ჰატოიამას წარუმატებლობის მიზეზად იქცა კუნძულ ოკინავაზე არსებული ამერიკული ბაზა და ფინანსური სკანდალი. სამხედრო ბაზის გადატანა მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. საბოლოოდ, გადაწყდა ბაზის გადატანა კუნძულის ნაკლებად დასახლებულ ადგილზე, რამაც გამოიწვია სოციალ-დემოკრატიული პარტიის გასვლა საპარლამენტო კოალიციიდან და დემოკრატიული პარტიის რეიტინგის 20 პროცენტზე დაბლა დაწევა.
ფინანსურმა სკანდალმა, რომელშიც პარტიის გენერალური მდივანი იჩირო ოძავა იყო გარეული, მთავრობას მხარდამჭერები დაუკარგა. გამოსათხოვარ მიმართვაში ჰატოიამამ ამ თემას საგანგებო პუნქტი დაუთმო და იჩირო ოძავასაც მოუწოდა გადადგომისკენ. მისი განცხადებით, პარტიის რეაბილიტაციისათვის საჭიროა გამჭვირვალობა და ნაკლები კავშირი ფულთან.
ჰატოიამა მიიჩნეოდა კარგ დიპლომატად; პოლიტიკოსად, რომელსაც შეეძლო კონსენსუსის მიღწევა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, როგორც შიდა პარტიულ, ისე საერთაშორისო დონეზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას არ ეყო ძალა რეფორმების გასატარებლად. ვერ მოხერხდა სამთავრობო ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება, პოლიტიკურ პროცესში ბიუროკრატიის გავლენის დათრგუნვა. ჰატოიამამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დაკისრებისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შეამცირებდა იაპონიის დამოკიდებულებას ამერიკაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანასწორუფლებიან საფუძვლებზე დამყარდებოდა. მისმა მთავრობამ სცადა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ აღმოსავლეთ აზიაში იაპონიამ ვერაფერი შეცვალა: ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთკორეული სამხედრო გემის ჩაძირვამ ნათლად წარმოაჩინა, რომ იაპონიის უსაფრთხოება ამერიკაზეა დამოკიდებული. ჩინეთის გავლენის ზრდა კი იაპონიისთვის პასუხგაუცემელ გამოწვევად რჩება.
ივლისში დიეტის ზედა პალატის არჩევნებია. მასში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიულ პარტიას რეფორმების გასატარებლად სჭირდება. ქვედა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა ჰყავთ, შესაბამისად, პარტიის ახალი ლიდერი ნაოტო კანი პრემიერ-მინისტრის პოსტსაც დაიკავებს. ახალ პრემიერს ძველი პრობლემა დახვდება - ეკონომიკური კრიზისის სახით, მაგრამ უპირველესი გამოწვევა პარტიის რეაბილიტაცია და ივლისის არჩევნების მოგება იქნება. დემოკრატების რეიტინგი მთავრობის პოპულარობის კლებასთან ერთად მცირდებოდა და ივნისის დასაწყისისთვის მხოლოდ 20% იყო. ნაოტო კანის ფიგურა შესაძლოა დაკარგული პოზიციების აღდგენის უკანასკნელი შანსი აღმოჩნდეს პარტიისთვის.


 

კომენტარები