მონეტარული ინცესტი

საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%-ია. ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, ეს მაჩვენებელი ნახევარზე - 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ხელს უწყობს ბიუჯეტის ინფლაციურ დაფინანსებას. დიდი სახელმწიფო ვალის პირობებში, მსგავსი თამაში სახიფათოა.
საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვა მთავრობას თეორიულად რამდენიმე გზით შეუძლია: ეროვნული ბანკისგან ფულის სესხებით (მონეტარული პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც ხშირად ფულის ბეჭდვასაც უწოდებენ), გადასახადების გაზრდით (მოქალაქეების დაბეგვრით) და საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე.
2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება ეკრძალება. თუმცა, მან მაინც მიაგნო გასესხების სქემას: კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემა და შემდეგ მათ მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვა. კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს დაბალ პროცენტად იღებენ და შემდეგ, უფრო სარფიანად, მთავრობაზე ასაღებენ.
საბიუჯეტო დეფიციტის ამგვარი დაფინანსება ინფლაციის რისკს განსაკუთრებულად ზრდის. ეს, პრაქტიკულად, ფულის ბეჭდვის მეთოდია. ხაზინის განკარგულებაში ჩნდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. სხვა სიტყვებით, ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ჰქონდა, ხოლო ხაზინას - მეტი. ახალი ფული, მიმოქცევაში შემოსვლისას, თანაბრად არასდროს ნაწილდება: ამ შემთხვევაში, „პირველი მხარჯველის” პრივილეგია კომერციულ ბანკებს აქვთ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ შეეცდებიან კომერციული ბანკები დეპოზიტები მოიზიდონ ათზე მეტ პროცენტად, როცა ეროვნული ბანკი მათ ამ ფულს 6-7%-ში ასესხებს.
მეორე მხრივ, არ არსებობს ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა. შედეგად, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 1.88 ნიშნულამდე დაეცა. ლარის გაუფასურებამ 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. დაახლოებით 1.89 ნიშნულზე ლარი ბოლოს 2004 წლის აპრილში იყო.
საქართველოს მოქალაქისთვის ეს ციფრები იმას ნიშნავს, რომ იმ ფულით, რაც ჯიბეში აქვს, სულ უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენა შეუძლია. ეს ტენდენცია უკვე აისახა სავაჭრო დახლებზე.
ფქვილის საბაზრო ღირებულება ქართულ ბაზარზე 32-34 ლარს შორის მერყეობს. როგორც „ლიტვური საცხობის” წარმომადგენელმა ელენე ჩიკვილაძემ განმარტა, ფქვილის ფასის მკვეთრი მატების მთავარი მიზეზი ლარის კურსის დაცემაა. გარდა ამისა, ჩიკვილაძის თქმით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტია: „ამ ეტაპზე ძველი ხორბლის მარაგი პრაქტიკულად გამოლეულია. ახალი კი, ლარის გაუფასურების გამო, ძვირი ღირს.”
რამდენიმე პროდუქტზე ფასმა მოიმატა პოპულის მაღაზიათა ქსელშიც. ყველაზე მეტად გაძვირდა ხახვი, რომელიც 1.80 ლარი ღირდა და ახლა 2.80 ლარი ღირს. ასევე, გაძვირდა ნიორი. თუ ადრე ერთი კილო ნიორი 5 ლარი ღირდა, ახლა 9.90 ლარი ღირს. წიწიბურას ფასმა 1.70 ლარიდან 1.90 ლარამდე მოიმატა. ლობიოს ფასიც თითქმის გაორმაგდა: 2.20 ლარიდან 3.80 ლარამდე.
პოპულის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ცხვარიაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის დაცემა აშკარად აისახა პროდუქციის ფასებზე: მიმწოდებლებმა ქსელს პროდუქტი მნიშვნელოვნად გაუძვირეს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა აისახება როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ მწარმოებლებზე. ქართული საწარმოების 95% უცხოურ ნედლეულზე მუშაობს, ნედლეულის შეძენა კი საზღვარგარეთ დოლარებში ხდება.
გაძვირდა გამაგრილებელი სასმელებიც. მაღაზიებში 2-ლიტრიანი კოკა-კოლა, რომელიც 2 ლარი ღირდა, ახლა 2,50 ლარი ღირს. კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მარკეტინგის მენეჯერმა, გიორგი ახალაძემაც, პროდუქციაზე ფასების ზრდა ლარის კურსის ვარდნას დაუკავშირა. მათ ნედლეულის 90% საზღვარგარეთიდან შემოაქვთ.
პროდუქციის გაძვირებაზე მომხმარებელს თავდაცვის რეაქცია აქვს: ფულის მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით, ის ფულის დაგროვებას იწყებს. ამდენად, დეფიციტის ინფლაციური მეთოდებით დაფინანსება ავტომატურად იწვევს ფულზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენას. დამატებითი ფული მთავრობამ შეიძლება მოიტანოს გადასახადების ან საგარეო ვალის გაზრდის ხარჯზე.
ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, უკვე გაზრდილია ორივე გადასახადი - აქციზი და ქონება - რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული რეფერენდუმი არ ვრცელდება.
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ გაზრდილი გადასახადები უარყოფითად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში და გაართულებს ეკონომიკურ განვითარებას. მით უმეტეს, რომ იმ ცვლილებების ვადამ, რომლებიც ინვესტორთათვის განსაკუთრებით მიმზიდველია, 2 წლით - 2013 წლამდე გადაიწია. 2011 წლის პირველი იანვრისთვის იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირება და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%-ით იბეგრება - გათავისუფლება გადასახადისგან.
ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციები საქართველოში ყველაზე მცირე მოცულობით 2010 წლის პირველ კვარტალში შემოვიდა. საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციები დროის ამ მონაკვეთში, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 42%-ით შემცირდა და მხოლოდ 76 მილიონი აშშ დოლარია.
დანაკლისის ასანაზღაურებლად მთავრობას ვალის აღება მოუწევს.
2010 წლის მარტის ბოლოსთვის მთლიანი სახელმწიფო ვალი, წინა წლის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით, 6.5%-ით ანუ 478 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა: საგარეო ვალდებულებები გაიზარდა 411 მილიონი ლარით, ხოლო საშინაო ვალდებულებები - 67 მილიონი ლარით. პირველი კვარტლის ბოლოსთვის მთლიანი სახელმწიფო ვალი 2009 წლის მშპ-ს 44%-ს შეადგენს და 2.5 %-ული პუნქტით აღემატება 2009 წლის ბოლოს არსებულ მონაცემს.
ივნისის დასაწყისში გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ - Fitch - საქართველოს, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა - ნეგატიური ქვეყნებიდან მოხსნა და სტაბილურ ქვეყანათა ნუსხაში გადაიყვანა. სააგენტოს ანალიტიკოსები მაშინ ამბობდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობის ნიშნებია, თუმცა ქვეყნის მყარი მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასაბრუნებლად საჭირო იქნება მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გაგრძელება.
ივნისის შუა რიცხვებში მთავრობამ ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით გაზარდა. საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა ეკონომიკის 2%-დან 4.5%-მდე ზრდით ახსნა. თუმცა, თუკი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მომავალშიც დაიკლებს, მთავრობას პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
შესაბამისად, თუ ეკონომიკური ზრდა ვერ დააფინანსებს გაზრდილ ბიუჯეტს, მთავრობას კიდევ უფრო მეტი ვალის აღება მოუწევს.
2013 წლისთვის საქართველოს ყველაზე მეტის - 800 მილიონი ლარის გადახდა უწევს. ვალის მომსახურებაზე სახელმწიფო დღეს შემოსავლების 4%-ს ხარჯავს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ მეტი - 14% იქნება.
ვალის გადავადება ან ახალი ვალის აღება თუ ვერ მოხერხდა, ისევ გადასახადები გაიზრდება. ამდენად, ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შემუშავებისას, მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი:
რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ფული საქართველოში, თუ სხვაგან უფრო ნაკლებს რისკავს და მეტი მოგება რჩება?
რატომ უნდა შექმნან პროდუქცია მეწარმეებმა, თუ მათი მოგების დიდ ნაწილს მთავრობა წაიღებს?
რატომ უნდა შეეცადონ ბანკები დეპოზიტების მოზიდვას, როცა მათ ეროვნული ბანკი ფულს უფრო დაბალ პროცენტად ასესხებს?
თუ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩება, საქართველოს ეკონომიკაში მალე შეიძლება მხოლოდ ერთი სექტორი დარჩეს: ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკები - სახელმწიფო ბიუჯეტი.


 

კომენტარები