ბრძოლა სიცოცხლისათვის

ნატო აგლაძის დას თხუთმეტი წლის წინ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპიის ჩატარება უკვე დაგვიანებული იყო. სხივური თერაპიის გასაკეთებლად რუსეთში წავიდნენ. სამწუხაროდ, კიბოს ბოლო სტადიას ვერც იქ უშველეს. ერთი წლის წინ თავად ნატომ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევა ჩაიტარა. დის მსგავსად, მასაც ძუძუს კიბო აღმოაჩნდა, საწყისი სტადია. დაავადების დროულად აღმოჩენამ მას სიცოცხლისთვის ბრძოლის საშუალება მისცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა მიხედვით, კიბოთი ყოველწლიურად მსოფლიოში საშუალოდ 10 000 000 ადამიანი ავადდება. აქედან 6 000 000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. საქართველოში ამ დაავადებას სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილი უკავია (გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ). ავთვისებიანი სიმსივნით საქართველოში ყოველწლიურად 4600-ზე მეტი ადამიანი იღუპება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სათანადო პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარების ნაკლებობაა. ავადობის მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს შვეიცარია, შვედეთი, გერმანია, იტალია. ავადობის მაჩვენებელი საქართველოზე დაბალია აზერბაიჯანში, თურქეთსა და ყირგიზეთში. სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის, ფილტვისა და საშვილოსნოს ყელის კიბო.
ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას რამდენიმე რისკ ფაქტორი უწყობს ხელს: ასაკის მატება, თამბაქოს მოხმარება, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, მემკვიდრეობაში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები, ალკოჰოლის ჭარბი მიღება. კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კანცეროგენები. ბიოლოგიური კანცეროგენები - ესენია სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ორგანიზმში ანთებით პროცესს იწვევს (მაგ. პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მამაკაცის სასქესო ორგანოს კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორია); ქიმიური კანცეროგენები - შესაძლოა შეიცავდეს საკვები პროდუქტი (მრავალჯერადად ადუღებულ ზეთში მომზადებული საჭმელი ან ის საკვები, რომელსაც ქიმიური ნივთიერებები ემატება ხანგრძლივად მოხმარების მიზნით ან პროდუქტის შეფერილობისთვის); ორგანიზმის ენდოგენური ფაქტორები - ხანგრძლივად არსებული ანთებითი პროცესები. კანცეროგენულ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია თამბაქოს. სიგარეტის კვამლში შედის 4 000-ზე მეტი ნივთიერება, მათ შორის, 100-ზე მეტი კანცეროგენი აზიანებს უჯრედის დნმ-ს და მის გადაგვარებას იწვევს. დაზიანებული ბრონქული უჯრედები საუკეთესო „მასალაა” ავთვისებიანი დაავადების განვითარებისთვის.
საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალი ავადდება, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოთი - 350. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები მაინც იმატებს. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კი მნიშვნელოვნად ზრდის სრულად განკურნების შანსს. საქართველოში აღმოჩენილ პაციენტთა ნახევარზე მეტს კიბოს მესამე და მეოთხე სტადია უდგინდება, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს, ახანგრძლივებს, უფრო ძვირად ღირებულს ხდის. რაც მთავარია, დადებითი შედეგის მიღება ნაკლებად შესაძლებელია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორის პაპილომა ვირუსისგან თავის დაღწევა უკვე შესაძლებელია - ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის და ევროპის მედიკოსები. ეს არის ვირუსის წინააღმდეგ ჩატარებული ნებაყოფლობითი აცრა, რომელიც გოგონებს უკეთდებათ 9-13 წლის ასაკში. მართალია, მის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს 24 ქვეყანაში (ბრიტანეთი, ამერიკა, ავსტრია და სხვ.) პაპილომა ვირუსის ნებაყოფლობითი აცრა აქტიურად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ ეს სიახლე საქართველოსაც შეეხო. ამერიკის მთავრობისგან ჩამოვიდა 4 მლნ ღირებულების ვაქცინა, რომელიც მსურველებს თბილისის სკრინინგ ცენტრებში 15 ივლისიდან ჩაუტარდებათ. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, სულ მალე ამუშავდება სპეციალური ცხელი ხაზიც, რომელიც მოსახლეობას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა სკრინინგია. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოთი გარდაცვლილთა რიცხვი 35%-ით შემცირდა.
სწორედ ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFA) თანადაფინანსებით და პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა. დღეს თბილისში ხუთი სკრინინგ ცენტრია. 2009 წლიდან პროგრამა მუშაობს კახეთში, აჭარაში, იმერეთში, 2010 წლიდან - ქვემო ქართლსა და რუსთავში. თუმცა, რეგიონებში ჯერჯერობით მხოლოდ ძუძუს სკრინინგი ხდება. სკრინინგ ცენტრში ამბობენ, რომ თავდაპირველად ქალები ნაკლებად მიდიოდნენ და ახლა დღეში 40-50 ქალი იტარებს გამოკვლევას. დროული სამედიცინო ჩარევის გამო გამოვლენილი შემთხვევების 83% საწყის ეტაპზე იქნა აღმოჩენილი, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. ერთი თვის წინ, ამავე პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოპერაცია უფასოდ ჩატარდა.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ სფეროში მოქმედებს, ძალიან მწირია. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტით, ონკოლოგიური მკურნალობის მხოლოდ ნაწილი უნაზღაურდება, დაახლოებით 8 000 ლარამდე, მაშინ როდესაც ამ დაავადების მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთლის თქმით, გამოდის, რომ ონკოლოგია, თავისი სიძვირის გამო, ისევ სუსტ წერტილად რჩება ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებებისა და პროგრამების ხელშეწყობაა საჭირო, რადგან პირველ ეტაპზე მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული პაციენტებისთვის. დღეს, მცირე ბიუჯეტის პირობებში, სახელმწიფო სრულად აფინანსებს 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკას და მკურნალობას; სტაციონარული პალიატიური მკურნალობის 70%-ს. ასევე პრიორიტეტულია ყველაზე დაუცველი ფენებისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი პაციენტების მკურნალობა.
მკურნალობა უმეტესად კომბინირებული მეთოდით სრულდება. ქირურგიული ჩარევით სიმსივნე მთლიანად ამოიკვეთება, შემდეგ კი ორგანიზმზე მოქმედება ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის (ლოკალურად) საშუალებით მიმდინარეობს, რაც რეციდივისა და მეტასტაზების განვითარებას უშლის ხელს. მხოლოდ ოპერაცია 1000-5000 ლარამდე ჯდება, ხოლო სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც, შესაძლოა, ექვსჯერ დასჭირდეს პაციენტს, 30 000 ლარამდე ღირს.
გარდა ამისა, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძუძუს მოკვეთის შემთხვევაში სახელმწიფო პაციენტს მაშინვე პროთეზით უზრუნველყოფს, რადგან, ესთეტიკურობას რომ თავი დავანებოთ, იწყება სხეულის დეფორმირება, რაც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია საქართველოში. ერთი წლის წინ პოლონეთის სახელმწიფომ ნაოპერაციევ ქართველ ქალებს 40 პროთეზი გამოუგზავნა. რა თქმა უნდა, პროთეზის მსურველი ქალების რიცხვი გაცილებით მეტი იყო, თუმცა, ეს ერთჯერადი „საჩუქარი” ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბევრი მათგანისთვის.
და ბოლოს;
2009 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სკრინინგ ცენტრისა და ამერიკელ ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის „ჯოინთის” თანამშრომლობით, დაარსდა „გამარჯვებულ ქალთა” კლუბი, რომელშიც ნაოპერაციევ ქალბატონებს ფსიქოლოგიურ დახმარებას და ფიზიკურ ვარჯიშს უტარებენ. ნატო აგლაძე ასზე მეტ გამარჯვებულ ქალს შორის აღმოჩნდა. ამ კლუბში კვირაში ორჯერ მიდის. სხვებთან ერთად ჯდება და საუბრობს ყველაფერზე: სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, მომავალზე. 46 წლის ნატო ერთ-ერთი გამარჯვებულია.

 

 


 

 

კომენტარები