ვის ეშინია ქართული გახმოვანების?

 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენება კანონით აიკრძალება. საზღვრებს გარეთ შექმნილ ყველა ფილმს ან ქართულად გადათარგმნიან, ან ორიგინალურ ვერსიას სუბტიტრებით შესთავაზებენ მაყურებელს.
ქართული გახმოვანება რა ხილიცაა, ყველა კინომოყვარულს საკუთარ ტყავზე გამოუცდია -„ზვიოს ნიღაბი”, „ფორმულა 51”, „ევროტური” - ზვიოს, შონზოს, დრუპისა და „ძმათა მათთა” უგემოვნებოდ, არასწორად გახმოვანებული ფილმებით დაიწყო ის მარაზმი, რომელსაც სხვანაირად კინოთეატრებში ფილმის ქართულად დუბლირება ეწოდება.
ის, რომ საქართველოს კინოთეატრებში ფილმები რუსულ ენაზე არ უნდა გადიოდეს, სადავო არ არის. ქვეყანა, რომელიც, სულ ცოტა, პატივს სცემს თავის სუვერენიტეტს, ან ახმოვანებს ფილმს, ან ორიგინალ ენაზე სუბტიტრებით უშვებს. საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ორივე სახის სეანსი არსებობს და მაყურებელი თვითონ ირჩევს სასურველ ვარიანტს. „რუსული ყველას ესმის”, „რუსები კარგად ახმოვანებენ” - არგუმენტები არ არის. რუსული ენის ცოდნის მაღალი დონეც არაფერ შუაშია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თბილისის კინოთეატრებმა გადაწყვიტეს, რუსულ გახმოვანებაზე უარი ეთქვათ და ქართულად ეთარგმნათ ყველა ფილმი. მაშინდელ სპონტანურ გადაწყვეტილებას საშინელი შედეგი მოჰყვა. მაყურებელმა არ მიიღო ქართული „ჯეიმს ბონდი”, „ვალკირია” და სხვა ფილმები. მართალია, დუბლირება ტექნიკურად (ხმა, მუსიკა) ნორმალურად იყო შესრულებული, მაგრამ მსახიობების გახმოვანება ისეთი მდარე ხარისხის იყო, რომ ერთხელ მოსმენილი სამუდამო კოშმარად რჩებოდა მეხსიერებაში: უემოციო, უსიცოცხლო დიალოგები, რომელიც ორიგინალს საერთოდ არ შეესაბამებოდა. სწორედ მაშინ კინოთეატრების მფლობელებმა „პატრიოტიზმზე” უარი თქვეს და კინოში კვლავ რუსულად დუბლირებული ფილმები გაუშვეს. ახალი კანონის მიღების შემდეგ ფილმები იმავე გზით - რუსეთის გავლით შემოვა ჩვენთან, უბრალოდ, რუსული ხმის ბილიკი მოიხსნება და ქართული დუბლირებით შეიცვლება.
კინოთეატრების რუსთაველისა და ამირანის მარკეტინგის მენეჯერის ნიკა აფრიაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ჟანრის ფილმების დუბლირებაზე სხვადასხვა ხმის რეჟისორი და მსახიობები იმუშავებენ, ყველა ფილმი გახმოვანდება და, სავარაუდოდ, ნებისმიერი ნამუშევრის ნახვა მაყურებელს ორიგინალში სუბტიტრებითაც შეეძლება.
კინოთეატრებს ექვსი თვე აქვთ, რათა ფილმების სუბტიტრებით გასაშვებად ან ფილმების მაღალი ხარისხით გასახმოვანებლად მოემზადონ. ეს მათ ინტერესში შედის, რათა მაყურებელი არ დაკარგონ და კინომოყვარულებისაც, რომლებსაც ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა სურთ. სუბტიტრების სისტემა ბევრისთვის მიუღებელია, რადგან დიალოგების კითხვა და თან ვიზუალით ტკბობა მათთვის შეუძლებელი ან ნაკლებად სასურველია. კარგ გახმოვანებას კი კარგი დუბლირების რეჟისორი სჭირდება და არა 105-ელების „ღადაობა”. მსგავსი ვანდალიზმის შედეგად ორიგინალის მაგიური, მხიარული, ლამაზი სანახაობა სრულიად უძრავი, უმოქმედო, ემოციისგან დაცლილი ხდება. გამხმოვანებელმა უნდა გაიაზროს, რომ ის დენიელ დეი ლუისის დენიელ პლეინვიუს ახმოვანებს, უნდა იგრძნოს ხავიერ ბარდემის ანტონ ჩიგური, თუნდაც თაგვი რემი რატატუიდან ისე უნდა წარუდგინოს მაყურებელს, როგორც ეს ორიგინალშია.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა წაგებული დარჩება - კინოინდუსტრიაც და მაყურებელიც.

კომენტარები