ტრამპი საქართველოში მოგებას ეძებს

T rump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი აპირებს საქართველოში ინვესტირებას უძრავი ქონების, მათ შორის, კაზინოებისა და გოლფის მოედნების კუთხით. ინვესტიციები ძირითადად თბილისსა და ბათუმში იგეგმება. კოენი საქართველოში 13 ივლისს, სამდღიან „დასაზვერ” ტურზე ჩამოვიდა და ინვესტირებისთვის პოტენციურად საინტერესო 13 ადგილი მოინახულა. EurasiaNet.org-თან საუბრისას კოენმა აღნიშნა, რომ უკვე შეარჩია პოტენციური ადგილი 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის, ტრამპ თაუერისთვისაც. ბათუმის მონახულების შემდეგ კოენმა აღფრთოვანება ვერ დამალა, საქართველოს პრეზიდენტს ქალაქის განვითარების ხედვა მოუწონა და აღნიშნა, რომ სააკაშვილ-ტრამპის ტანდემს შეუძლია, ბევრი კარგი რამ გააკეთოს საქართველოში. მართალია, კოენი ტრამპის ინვესტიციების მოცულობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მილიარდერი ამერიკელი დაინტერესდება ყველა სფეროთი, რომელიც მას მოგებას მოუტანს; საინვესტიციო თანხა კი აუცილებლად ბევრი ნულით დაბოლოვდება. ამ გადაწყვეტილებამდე, კოენის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაცია უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კლასი დაინტერესებულია, ტრამპის ქონებას ფლობდეს. კოენი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ გეგმავს. 

 

კომენტარები