ჯაზში ქართველებიც არიან

ჯაზ ფესტივალი აღწერა
ჯაზ ფესტივალი
შავი ზღვის მეოთხე საერთაშორისო ჯაზფესტივალი ბექა გოჩიაშვილის ქართულ-ამერიკულმა ტრიომ გახსნა და ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Brand New Heavies განაგრძო.
პირველი საფესტივალო დღე დაიხურა After Party - ით, რომელიც პრეზიდენტის სტუმრობის გამო პრესის ჟურნალისტებისთვის დახურული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენში არის რაღაც ტერორისტული, რომლის ამოცნობა მხოლოდ ორგანიზატორებმა შეძლეს.
ამ მცირე გაუგებრობას და კიდევ რამდენიმე მცირე ხარვეზს თუ არ ჩავთვლით, გახსნა შთამბეჭდავი გამოდგა. ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ ფესტივალზე მხოლოდ ახალი ტანსაცმლის გამოსაფენად მოსული საზოგადოებაც მოხიბლა, სტაჟიანი მსმენელი კი, უბრალოდ, იძულებული იყო, ხშირ-ხშირად მოეწყო ოვაცია.
მისი გამოსვლა ფანკის და სტანდარტჯაზის გემოვნებიანი ნაზავი იყო. ტრიომ შეასრულა რამდენიმე ცნობილი კომპოზიციის თავისებური ინტერპრეტაცია და გოჩიაშვილის საავტორო ნაწარმოებები. ჟანრებისა და, შესაბამისად, ტემპის ხშირი ცვლა პირველი ორი წუთი ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ მალევე გვავიწყდებოდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ენერგიულ ფანკს ვუსმენდით და ბოლომდე მივყვებოდით შედარებით მდორე სტანდარტის რიტმს.
ფესტივალის დასრულების შემდეგ ბექა ჯულიანის სასწავლებელს უბრუნდება და სწავლას განაგრძობს. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. მალე თამამად ვიტყვით, რომ ჯაზში, ქალიშვილებთან ერთად, ქართველებიც არიან.
ბრიტანული ეისიდ ჯაზის პიონერებმა, ბრენდ ნიუ ჰევისის წევრებმა, მსმენელი სცენაზე გამოჩენისთანავე დაიჭირეს. პირველივე კოპოზიციაზე ყველა სცენას მიაწყდა და საცეკვაოდ მოემზადა.
ჯგუფის გამოსვლა უწყვეტი ენერგიული სეტი იყო. ალბათ ამიტომაც ბევრი მსმენელი მალე დაიღალა და უკანა რიგებისკენ გადაინაცვლა. უკანა რიგებში – სცენის სინათლეებისგან მოშორებით – არანაკლებ საინტერესო და ჯაზური ამბები ხდებოდა, რაც უფრო ვრცელი სტატიის თემაა. მომდევნო ნომერში ასევე გაიგებთ პასუხს კითხვაზე, იკბინებიან თუ არა ჟურნალისტები!



 

კომენტარები