ლავროვის ქარაგმა ეთნიკური შუღლის გაღვივების შესახებ საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საქართველოში რეჟიმის შეცვლის შესწორებული და განახლებული სტრატეგიის კონტურები მოხაზა. ტელეკომპანია „მირისთვის” 8 ივლისს მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა დაუშვა შუღლის გაღვივების შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ ეთნიკურ უმცირესობათა შორის.
ლავროვმა მოუწოდა საქართველოს, „აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები იმ რეგიონში მცხოვრებ ოსებსა და აფხაზებთან და, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან - სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვებთან”. იგი ადანაშაულებს საქართველოს „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების საკმაოდ სერიოზულ დარღვევებში” და უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის საბჭო ამას უგულებელყოფს, ან ხმას არ იღებს ამ დარღვევების შესახებ (იტარ-ტასი, 8 ივლისი).
ამრიგად, ლავროვი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელმაც ღიად მიუთითა, რომ მოსკოვს შეუძლია, გააღვივოს შუღლი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა შორის. მოიხსენია რა საქართველოს ხელისუფლება როგორც არალეგიტიმური, ლავროვმა გაფრთხილება ეთნიკური დაძაბულობის შესახებ აშკარად მოაქცია საქართველოში რეჟიმის შეცვლის რუსული სტრატეგიის კონტექსტში. ამ გზავნილის შემტყობინებლად ლავროვის გამოყენებას ორმაგი დატვირთვა აქვს - ლავროვი წარმოშობით, ნაწილობრივ, თბილისელი სომხების ოჯახიდან არის. მედიასაშუალებაც საგანგებოდ იყო შერჩეული - ტელეკომპანია „მირი” დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში მაუწყებლობს.
ამ განცხადებით ჩანს, რომ თბილისში პრორუსული პოლიტიკოსების დამარცხების შემდეგ მოსკოვი საქართველოს რეგიონებში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტებს ეძებს. 30 მაისს ქვეყანაში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა ხელისუფლებას ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა, სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფები და კონსტიტუცია სისტემაში მოაქცია და რუსული პოლიტიკის პროტეჟეების მარგინალობას გაუსვა ხაზი.
მოსკოვი ამას საჯაროდ ვერ აღიარებს. ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ „სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს ხალხს არ წარმოადგენს, ეს ანომალიაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას არ უშვია, იგი გარედან შემოიტანეს” (ეს იყო დარტყმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ).
და მაინც, აშკარაა, რომ იმედგაცრუებულმა მოსკოვმა შეუჩერა ან შეუწყვიტა მხარდაჭერა თავის ქართველ პოლიტიკურ პროტეჟეებს. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე, პრაქტიკულად, გავიდა პოლიტიკიდან; ზურაბ ნოღაიდელმა 7 ივლისს განაცხადა, რომ მისი გუნდი წყვეტს მოლაპარაკებებს მოსკოვთან, თითქოსდა იმიტომ, რომ ნახოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის უპირობოდ დაწყებას (იტარ-ტასი, 7 ივლისი).
ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ეს მოსკოვის მესამე წარუმატებელი მცდელობაა საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ბანაკის შექმნისა. 1990-იანი წლების ბოლოს КГБ-ს მემკვიდრე ქსელმა (პერსონიფიცირებული იგორ გიორგაძის სახით), მომდევნო წლებში რადიკალური ფრთის ქუჩის აქციების მონაწილეებმა და, ბოლოს, 2008 წლის ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ გადაბირებულმა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფიგურებმა ერთიმეორის მიყოლებით განიცადეს წარუმატებლობა, რადგან არ ჰქონდათ სერიოზული მხარდაჭერა ქართველებისგან. სწორედ ამის გამო მოსკოვმა გადაწყვიტა, ახლა მოკავშირეები საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში ეძებოს.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, რუსეთის ხელისუფლება აქამდე არ ცდილობდა საქართველოში ეთნიკური დაძაბულობის სისტემატურად პროვოცირებას. სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი), როგორც წესი, ხმებს ძირითადად ხელისუფლებას აძლევენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. ამრიგად, რუსეთის სახელით, ლავროვმა ადრიანად გაკეთა სასტარტო გასროლა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით, ანუ იმ ვადისთვის, რომელიც რუსეთმა ხელახლა დააწესა საქართველოში რეჟიმის შესაცვლელად.
სიტუაცია უმცირესობებთან დაკავშირებით არ არის უპრობლემო - არსებობს უკმაყოფილება უმცირესობებისთვის ქართული ენის არასათანადო სწავლების (და არა ასიმილაციის), ანდა ზოგიერთი სომხური ეკლესიის მრევლისა და შენობის სტატუსის გამო. თუმცა, არ მოიძებნება არც ერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაადასტურებდა ლავროვის ბრალდებებს საქართველოში „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის” შესახებ. ამ სფეროში მოსკოვის მოულოდნელი ჩარევა, სავარაუდოდ, გამიზნულია ეთნიკურ უმცირესობათა საკითხის პოლიტიზებისა და მათ შორის შუღლის გაღვივებისთვის (იტარ-ტასი, 8 ივლისი).
თუ მოსკოვი ასეთ პოლიტიკას გაატარებს, დესტაბილიზაცია შეიძლება მთელ რეგიონს მოედოს და ზეგავლენა იქონიოს სომხეთსა და აზერბაიჯანზე. უკვე მრავალი წელია, რაც ერევანი და ბაქო ხელს უწყობენ საქართველოში სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში სტაბილურობის შენარჩუნებას.
აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს სტაბილური საქართველო, პროდასავლური მთავრობით. ოფიციალური ბაქო, ისევე, როგორც აზერბაიჯანის მუსლიმური იერარქია, მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, დარჩნენ ლოიალურ მოქალაქეებად. აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით სოციალურ დახმარებასაც უწევს აზერბაიჯანულ სოფლებს საქართველოში.
თავის მხრივ, სომხეთს სჭირდება გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი სტაბილური და საიმედო გზა, საქართველოს გავლით. სომხეთის ექსპორტ-იმპორტის უდიდესი ნაწილი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით მოძრაობს. სომხეთის ყველა მთავრობა თავს იკავებს საქართველოში მცხოვრები სომხების რეალური თუ ხელოვნური უკმაყოფილების წახალისებისგან. ამ უკმაყოფილებაზე საუბრობენ მხოლოდ ნაციონალისტური წრეები ერევანში. სომხეთის მთავრობები კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ საქართველოსთან, მიუხედავად რუსეთის მტრული დამოკიდებულებისა ჩვენი ქვეყნისადმი და უარისა, ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან. მაგრამ თუ მოსკოვი ჩაერია ჯავახეთში მცხოვრები სომხების საკითხებში, სომხეთის მთავრობა, შესაძლოა, ნაციონალური წნეხის ქვეშ მოექცეს და მოსკოვს აჰყვეს.
ამრიგად, ლავროვის გაფრთხილება გამოწვევაა არა მარტო თბილისისთვის, არამედ ერევნისა და ბაქოსთვისაც. თუ მოსკოვი დაიწყებს ეთნიკური შუღლის გაღვივებას საქართველოში, ეს იქნება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის ექსპორტი, ვიდრე აქამდე გაუკეთებია სამხრეთ კავკასიაში.


 

კომენტარები