რუსეთის ფარული ომი

იმამი შამილი
ჩრდილოეთ კავკასია ნელი მოქმედების ნაღმია, რომლის განეიტრალებას რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა ვერ ახერხებს. ეთნიკური და ლინგვისტური მრავალფეროვნება, კავკასიელ ხალხთა კულტურული თავისებურებანი გადაულახავი დაბრკოლებაა რუსეთის იმპერიული მმართველობის სისტემისათვის.
ჩრდილოკავკასიელთა სახელი უკანასკნელ წლებში ტერორიზმთან ასოცირდება. მათი ბრძოლის მეთოდის შეცვლას დაერთო რუსული მედიის მიზანმიმართული მუშაობაც ტერორიზმისა და, ზოგადად, კრიმინალის დასაკავშირებლად „კავკასიური გარეგნობის ადამიანებთან”.
2009 წელს კრემლმა ჩეჩნეთის მეორე ომი, უფრო სწორად, კონტრტერორისტული ოპერაციები დასრულებულად გამოაცხადა. რუსეთის ფედერალური საჯარისო ნაწილების გასვლის შემდეგ ჩეჩნეთში გაიზარდა მკვლელობებისა და აფეთქებების რაოდენობა. თუმცა, თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნეები არიან არა რუსი სამხედროები ან თანამდებობის პირები, არამედ რუსეთის ფედერაციის სამსახურში ჩამდგარი ჩეჩნები.
რუსეთის ხელისუფლება ვერ პოულობს ახალ გზებს ვითარების განსამუხტავად. დაძაბულობა გადაედო მეზობელ რეგიონებს: დაღესტანს, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს. ჩეჩენ ტერორისტებს აპატიმრებენ, კლავენ, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ჩეჩნეთის სრულად გაკონტროლების საქმეში კრემლი უძლურია, რასაც რუსი ოფიციალური პირებიც არ მალავენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში „ტერორისტულ დანაშაულებათა” რიცხვი 2008-დან 2009 წლამდე 60%-ით გაიზარდა. რუსეთის ტერიტორიის ამ პატარა ნაწილზე ტერორისტული ინციდენტების 80% მოდის. პუტინს სჯერა, რომ პრობლემას უშიშროების სამსახურებისა და საზღვრების გაძლიერებით მოაგვარებს. უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ერთი რესპუბლიკიდან მეორეში მოგზაურობის დროს, სასაზღვრო კონტროლის გავლისას გგონია, სხვა ქვეყანაში გადადიხარ. რუსეთი ცდილობს, ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩარაზოს.
კრემლის არსენალში ანგარიშსწორების ახალი მეთოდი გაჩნდა - ე.წ. „ჩეჩენიზაცია”. მიდგომა ძველია, ცარისტული პერიოდიდან იღებს სათავეს და დამყარებულია ადგილობრივ ელიტებზე.
გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში ვერაფრით დაინერგა მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტები. ჩრდილოკავკასიელი ლიდერების გავლენა ვერ სცდებოდა რამდენიმე ხევს; არასოდეს არსებობდა ერთი ლეგიტიმური ხელისუფალი. იმ დროიდან მოყოლებული, რუსეთი ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების გაძლიერებას ცდილობს, არ იშურებს ცოცხალ ძალასა თუ სხვა რესურსებს, სანაცვლოდ კი სტაბილურობას მოელის. თუმცა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ლიდერები ყოველთვის ორ ცეცხლს შორის ექცეოდნენ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი აღნიშნავს, რომ შამილის უპირველესი მეტოქე იყო არა რუსეთი, არამედ ადგილობრივი კორუმპირებული და მოღალატე ფეოდალები. დღევანდელი ვითარებაც იგივეა. რუსეთი მხარს უჭერს და უხვად ამარაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს, თუმცა „წყალობის” დიდი ნაწილი გზაში იკარგება. სტაბილურობისთვის კი კადიროვი რადიკალურ ზომებს მიმართავს. ჩეჩნეთში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანების გატაცება, უგზო-უკვლოდ გაქრობა და ქონების ჩამორთმევა. ჭუჭყიან საქმეს რუსეთის ფედერალური სტრუქტურების ამუნიციაში გამოწყობილი ჩეჩნები აკეთებენ. ამგვარი ქმედებანი პრეზიდენტ კადიროვს ერთ ჩვეულებრივ მაფიოზად წარმოაჩენს. საერთაშორისო ასპარეზზე თავნება პროტეჟეების გამო პასუხისგება კი კრემლს უწევს.
ადგილობრივი კორუმპირებული მოხელეების ჩანაცვლება ადვილი როდია. ჩრდილოეთ კავკასიაში კლანურ ურთიერთობებს მყარად აქვს ფესვი გადგმული. თითოეული კლანი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს და სისხლისღვრასაც არად დაგიდევს. ხელისუფლებაც ამ კლანურ პრინციპს ემყარება. კადრების გადარჩევისა თუ ძალაუფლების მონოპოლიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველთვის ძალადობით სრულდება. ასე მოხდა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაპოპულარული ვალერი კოკოვი უფრო ზომიერი არსენ კანოკოვით შეცვალა. მალევე, რესპუბლიკას ამბოხებულთა ტალღამ გადაუარა. შეტაკებანი ფართომასშტაბიანი იყო. ინგუშეთშიც იგივე განმეორდა. კორუფციითა და მმართველობის სასტიკი მეთოდებით ცნობილი მურატ ზიაზიკოვი მოსახლეობაში უფრო პოპულარული იუნუს-ბეკ იევკუროვით შეცვალეს, რასაც ავტომანქანების აფეთქებებისა და მკვლელობების სერია მოჰყვა.
რუსეთის პოლიტიკა აწყდება დილემას, რომელთანაც ყველა იმპერიას ჰქონია საქმე: როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს ადგილობრივი ელიტის ხელით ტერიტორიული ერთეულის გაკონტროლებას, ავიწყდება, რომ ელიტებს საკუთარი ინტერესები აქვთ. ნაჩუქარ ძალაუფლებასა და ფინანსებს ისინი პიროვნული მიზნებისათვის იყენებენ. ჩრდილოკავკასიური ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის 60-80% დამოკიდებულია ცენტრალურ საბიუჯეტო სუბსიდიებზე, თუმცა უკვე წლებია, ვერ გვარდება უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა. 2010 წელს რუსეთმა შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი. ამ წარმონაქმნის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი და მათი ლოიალურობის შენარჩუნება. ამგვარად, გაცოცხლდა მეფის რუსეთის დროს არსებული კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა.
ჩეჩენიზაციის შედარება შეიძლება ვიეტნამიზაციასთან. ნიქსონის ადმინისტრაციამ ვიეტნამის ომის დროს (1955-1975) შეიმუშავა მიდგომა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ვიეტნამის ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებას. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობასთან სამხედრო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობათა განაწილება ამერიკას საშუალებას მისცემდა, შეემცირებინა საკუთარი სამხედრო პერსონალი ვიეტნამში. ჩეჩენიზაციისა და ვიეტნამიზაციის სტრატეგიათა მთავარი მიზანი საერთოა - საკუთარი ძალების გამოყვანა კონფლიქტიდან. რუსეთის ფედერალური ძალების ადგილობრივი შენაერთებით ჩანაცვლება მოსახლეობაში დაპირისპირებას მხოლოდ აღრმავებს. რუსეთს სურს პრობლემის იზოლირებაც, რათა მღელვარება სხვა რეგიონებსაც არ მოედოს.
თუმცა, ჩეჩენიზაცია გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის. მარტში კადიროვმა მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს ფედერალური ძალების გაგზავნა ჩეჩნეთში და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა მთლიანად ადგილობრივ ძალებს მიანდოს. კადიროვის ჩეჩნეთი შეიძლება ავტონომიის მოდელად გამოდგეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის. ადგილობრივი ელიტისათვის ძალაუფლების დელეგირებით, შესაძლოა, რუსეთმა მიიღოს სახელმწიფო სახელმწიფოში.
ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მისწრაფებანი განსხვავებულია. ჯოჰარ დუდაევი, რომლის მშობლებიც სტალინმა გადაასახლა შუა აზიაში, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. 1994 წელს, დაძაბული მდგომარეობის განსამუხტავად, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, ჩეჩნეთში ფედერალური ძალები შეიყვანა. კონფლიქტი გაღრმავდა და, საბოლოოდ, ომში გადაიზარდა. ომის შემდეგ კი ჩეჩნების ნაციონალიზმი ისლამიზმით ჩანაცვლდა. მომდევნო ლიდერები - მაგალითად, შამილ ბასაევი - რელიგიურ ნიადაგზე ცდილობდნენ კონფლიქტის გადატანას და მეზობელი ხალხების მიმხრობას. კონფლიქტის ისლამიზაციას მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთისათვის, სადაც 15 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, აქედან 2 მილიონი - მხოლოდ მოსკოვში. ისლამიზაციას დაქსაქსული ჩრდილოკავკასიელი ხალხების გაერთიანება შეუძლია. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არაბული სამყარო. ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდნენ ისლამისტი მეომრები სხვადასხვა ქვეყნიდან. რელიგიური ომიდან ტერორიზმამდე მანძილი შორი არ არის. მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები ტერორიზმისთვის სათბურის როლს შეასრულებს. მსგავსმა პრობლემებმა გამოიწვია საბჭოთა კავშირის მარცხი ავღანეთში. მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩეჩნეთი რუსეთისთვის ახალ ავღანეთად იქცეს.
კრემლის თავისტკივილი ჩეჩნეთით არ შემოიფარგლება. ჩერქეზები მოითხოვენ რუსეთის მიერ მე-19 საუკუნეში განხორციელებული გენოციდის აღიარებას. ჩერქეზთა კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მურატ ბერგეზოვი, რუსეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ერთი მხრივ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოკავკასიელი ხალხების უფლებათა შეზღუდვა, არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ბერგეზოვის თქმით, ჩერქეზები არ ითხოვენ პრივილეგიებს. მათი მიზანია სხვადასხვა ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელოვნურად გაფანტული ჩერქეზების ერთ ტერიტორიულ ერთეულში გაერთიანება და გადასახლებულთა რეპატრიაცია. ბერგეზოვი მიიჩნევს, რომ მათი უფლებების უგულებელყოფა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმისათვის, რადგანაც მრავალი ახალგაზრდა ბრძოლის რადიკალურ ფორმას არჩევს.
ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის როლი რუსეთის ფედერაციაში ისევე ვირტუალურია, როგორც ჩერქეზების სამშობლო. რუსეთის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ პოლიტიკურ გარემოში ამ რეგიონის ადგილი არ ჩანს. კრემლის პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ჩრდილოკავკასიელთა ინტეგრაციას. რუსეთის ეს ნაწილი იზოლირებულია დანარჩენი ქვეყნისგან. როგორც რუსი ექსპერტი ალექსეი მალაშენკო აღნიშნავს, ჩრდილოკავკასია რუსეთისთვის არის „საზღვარგარეთი ქვეყნის ფარგლებში”.
ეს რეგიონი რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშინაო პრობლემაა. თუმცა, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ახერხებს მისგან სარგებლის მიღებას. ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, მკაცრდება კონტროლი მთელ რუსეთზე: რაც უფრო მეტია ძალადობა, მით მეტი პრივილეგია ენიჭება ცენტრალურ ხელისუფლებას და მით მეტად იზღუდება ადამიანის უფლებები.

 

 

კომენტარები