ძეგლთა დაცვა დღევანდელი პოლიტიკისა და მეცენატობის ფონზე

ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარით დაფინანსებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა მთელი საქართველო მოიცვა, მაგრამ, ცხადია, ამ სფეროში შესაბამისი ინსტიტუციონალური, პროფესიული და მაკონტროლებელი ორგანოების ანუ გამართული სისტემის არარსებობის გამო ყოველივე ეს მხოლოდ გამოუსწორებელ შეცდომებსა და დიდ ზიანს გვიქადის. საერთაშორისო აუდიტი უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფების გამოსწორებასაც დასაშვებად განიხილავს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, მისი დაზიანება ან განადგურება ერთმნიშვნელოვნად გამოუსწორებელ მოვლენად არის შეფასებული და, შესაბამისად, სირთულის არანაირი დონე თუ კატეგორია არ გააჩნია.
სამწუხაროდ, გამოუსწორებელი მოვლენა უკვე ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ მათ შორის უახლესი, სულ რამდენიმე დღის წინ ნანახი, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება 1046 წელს არქიტექტორ ჰარაბაისა და ერისთავთ ერისთავ გიორგის მიერ აგებულ ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს - საჩხერის რაიონის სოფელ სავანის წმინდა გიორგის ეკლესიას. მე-19 საუკუნეში რუსებმა ეკლესია შიგნიდან მთლიანად ზეთის საღებავით შეღებეს; თავდაპირველი სახე დაუკარგეს ძეგლის თანადროულ თაბაშირის კანკელსაც. ამჟამად ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მისი ხელგაშლილობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის საქმეში დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ასევე ცნობილია ივანიშვილის ფულით შესრულებული სამუშაოების ცუდი ხარისხი, რაც საბოლოოდ ძეგლთა სერიოზულ დაზიანებას იწვევს. სავანის ეკლესიაც ამის საუკეთესო მაგალითია.
ცხადია, ძეგლთა დაცვის საქმე სისტემურად გამართული რომ იყოს და მაკონტროლებელი ორგანოებიც კარგად მუშაობდნენ, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ დამფინანსებელი, რა, დაინტერესებული არ უნდა იყოს საკუთარი ფულით განხორციელებული საქმის შედეგებით? გასაგებია, რომ პირადად ბოლომდე ენდობა იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საქმეს ავალებს, მაგრამ ნახოს იმერეთში, საკუთარი სახლის სიახლოვეს მყოფი სავანის ეკლესია და ჩვენ თუ არ გვენდობა, უცხოელ ექსპერტებს მაინც ჰკითხოს მისი რესტავრაციის ავკარგიანობა. მაშინ მაინც დარწმუნდება, რომ მის მიერ დაფინანსებულ სარესტავრაციო პროექტებს და ასევე მიმდინარე სამუშაოებს ნამდვილად სჭირდება მუდმივი ზედამხედველობა. ჩვენი ძველი მეცენატების უახლოესი წარსული მაინც გაიხსენოს - ისინი, პირველ რიგში, სწორედ ჩაფიქრებული საქმის შესრულების საორგანიზაციო სტრუქტურას და კონტროლს უზრუნველყოფდნენ და მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ დაფინანსებას; მცირე რისკსაც კი არ ტოვებდნენ იმისთვის, რომ მათი გაკეთებული საქმე უხარისხოდ განხორციელებულიყო ან უსარგებლო და ფუჭი გამხდარიყო.
არსებული კანონმდებლობით, დღეს ძეგლთა რესტავრაციაზე ნებართვები და ზედამხედველობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება, რომელსაც დაუყოვნებლივ ვაცნობე სავანის ეკლესიის შესახებ, მაგრამ სათანადო რეაგირება არც მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ანთიძეს, არც სააგენტოს უფროს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს თუ სამუშაოების დამფინანსებელს, ივნიშვილის ფონდის ხელმძღვანელ მამუკა ჩხაიძეს არ გამოუჩენია.
ქართული კულტურის ეს შესანიშნავი ძეგლი ჯერ რუსებმა დაასახიჩრეს და ახლა ჩვენი ხელით ზიანდება, რაც ლამის ტრადიციად იქცეს საქართველოში, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. სამწუხაროდ, ამ დარგის სპეციალისტებსა თუ მეცნიერებს ეს პრობლემა სრულიად არ აღელვებთ და ძეგლების რეალური მდგომარეობაც თითქმის არასდროს არ ხდება მათი ზრუნვის საგანი. ცხადია, მსხვილმასშტაბიანმა საბიუჯეტო დაფინანსებამ ბევრი ჩვენი კოლეგის შემოსავალი ბევრად გააუმჯობესა, მაგრამ ძეგლთა დაცვასა და გადარჩენაში სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. ამ პროცესმა კარგად დაგვანახა, სადამდე წავალთ მსგავსი გაუაზრებელი და გაუანალიზებელი ქმედებით, მაგრამ ეს ისევ ჩვენ დავინახეთ და არა მათ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია და ჩვენი ფულით იღებს ხელფასს იმისთვის, რომ მთავრობას სწორი სტრატეგია და მეთოდოლოგია შესთავაზოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.
ამ სფეროს წარმომადგენელთა სრული უპრინციპობა, შესაბამისად, მთავრობის მთელ რიგ შეცდომებს იწვევს, რადგან პროფესიული მეთოდოლოგიის ცოდნა ხელისუფლების წარმომადგენლებს ნამდვილად არ ევალებათ. რესტავრაციის, როგორც სამეცნიერო დარგის სწორად წარმართვა მისმა სპეციალისტებმა უნდა ითავონ და არა პოლიტიკოსებმა. გავიხსენოთ, ცნობილმა მეცნიერმა ვახტანგ ბერიძემ როგორ გადაარჩინა კომუნისტური რეჟიმის დროს ძველი თბილისი გლდანის მსგავს განაშენიანებად გადაქცევისგან. მან თავისი პრინციპულობითა და სიმამაცით შეძლო მაშინდელი მთავრობის დაყოლიება, რომ ძველ უბნებს სახელმწიფო დაცვის ოფიციალური სტატუსი მინიჭებოდა. შედეგად, ძველი თბილისიც შეგვინარჩუნა და იმდროინდელი ხელისუფლებაც კიდევ ერთი მძიმე ცოდვისგან იხსნა.
ჩემი აზრით, არქიტექტურისა და რესტავრაციის ტოტალური პოლიტიზების მიზეზი ჯერ კიდევ ცოცხალი საბჭოური აზროვნებაა, რაც ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებსა და მათ მორჩილ სხვადასხვა დარგის ჩინოვნიკებსა თუ „პროფესიონალებში” უფრო იგრძნობა. ნიშანდობლივია, რომ გარემოს შეცვლაში ისინი ძალიან ჩქარობენ და აქტიურობენ, საზოგადოების სწრაფი განვითარება და კრიტიკა კი ძალიან აწუხებთ და სულ ბუნტი და ღალატი ელანდებათ. პროფესიულად გამართული და დასაბუთებული, მაგრამ საწინააღმდეგო აზრი, თუნდაც ისეთ არაპოლიტიკურ საკითხში, როგორიც ძეგლთა დაცვაა, მათთვის სრულიად მიუღებელია.
ოდესმე ეს მთავრობაც და ძეგლთა დაცვის ახლანდელი სტრუქტურებიც შეიცვლება, მაგრამ მომავალში ვინ აგებს პასუხს თუნდაც სავანის ეკლესიის დაზიანებაზე? ცხადია, მასზე მომუშავე სპეციალისტები თუ თანამდებობის პირები შემდეგ ყველაფერს ახლანდელ ხელისუფლებას მიაწერენ, ისევე როგორც ადრე კომუნისტებს გადააბრალეს საკუთარი უპრინციპობა, უუნარობა და პროფესიული მოუმზადებლობა. ამიტომ, თუ მთავრობას უნდა, რომ ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით მართლაც ეროვნული საქმე გააკეთოს და მომავალი თაობების წინაშეც პირნათლად წარდგეს, რესტავრაციის დარგი სისტემურად სწორად უნდა გამართოს და მაქსიმალურად ეფექტური გახადოს რისკების თავიდან აცილების თვალსაზრისით. დაზიანების სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფ სავანის ეკლესიას კი დღესვე აღმოუჩინოს რეალური და სათანადო დახმარება.

კომენტარები