ზაფხულის თამაშები

 ზაფხულის სიცხე პიკს აღწევს. შუადღისას გარეთ გასვლა თვითმკვლელობაა. ვინც უკვე შვებულებაში ან არდადეგებზეა, მათთვის საუკეთესო გასართობი შუადღის ხვატში შინ ჯდომა და იმ თამაშებით გართობაა, რომლებსაც დროის ნაკლებობის გამო ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმეს.
ტაბულა წარმოგიდგენთ 2010 წლის პირველი ნახევრის ორ საუკეთესო ორიგინალ თამაშს და ორ სიქველს. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მათ აქვთ ერთი საერთო თვისება, თუ რატომ უნდა ითამაშოთ მაინცდამაინც შუადღის ხვატში.


Heavy Rain
პლატფორმა: playstation 3
2005 წელს სტუდია Quantic Dream-ს უკვე შექმნილი ჰქონდა Fahrenheit / Indigo Prophecy. თამაში ჰიტების სიაში არ შესულა, თუმცა, გემოვნებიანი მოთამაშეების ყურადღება ნამდვილად მიიქცია. რამდენიმე ხნის შემდეგ სტუდიის დამფუძნებელმა, სცენარისტმა და რეჟისორმა დევიდ ქეიჯმა ფარენჰეიტს მოსამზადებელი ეტაპი უწოდა მორიგი გენიალური ქმნილებისთვის. სონის ბოსები ენდნენ ქეიჯის ამბიციებს და მომავალ თამაშზე ექსკლუზივის უფლება იყიდეს.
მოლოდინი გამართლდა. უკვე ადრეული სქრინშოტებიდან და დემოებიდან Heavy Rain წლის ყველაზე დიდ მოვლენად იქცა.
სიუჟეტი სერიული მკვლელის ირგვლივ ვითარდება. Origami Killer, როგორც მას უწოდებენ, გარკვეული პერიოდულობით, თავსხმა წვიმის დროს, უსწორდება მორიგ მსხვერპლს.
მანიაკის წინააღმდეგ ოთხი ადამიანი იბრძვის. მამა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მანიაკის ახალი მსხვერპლი მისი ვაჟი იქნება, ინსომნიით გატანჯული ჟურნალისტი ქალი, ფედერალური ბიუროს აგენტი და კერძო დეტექტივი. მოთამაშეს მოუწევს, ოთხივე პერსონაჟი მართოს. შემქმნელების გენიალური გადაწყვეტილებების წყალობით მოთამაშე, უბრალოდ, იძულებული ხდება, რიგრიგობით შეძვრეს ოთხივე მათგანის ტყავში და ღრმად ჩაიხედოს მათ ბნელ წარსულში.


Alan Wake
პლატფორმა XBOX 360
ბევრს ეგონა, რომ ალანმა სამუდამოდ დაიძინა. 2001 წელს დაანონსებული თამაშის შესახებ 2005 წლამდე არაფერი ისმოდა. 2005-დან უკანასკნელ დრომდე კი ძალიან მწირი ინფორმაცია მოჟონავდა შემქმნელთა ლაბორატორიიდან. როცა გეიმერულ სამყაროში Heavy Rain-ის ისტერია დაიწყო, მაიკროსოფტი მიხვდა, რომ XBOX-ისთვის სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ანალოგიური ჟანრის თამაში, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა Heavy Rain-ს.
და ალანმა გამოიღვიძა. მის გამოფხიზლებაზე საკულტო შუთერის - მაქს პეინის შემქმნელებმა იმუშავეს.
ალანი მწერალია. მისი გახმაურებული თრილერები და დეტექტივები ბევრს უყვარს, მაგრამ ორი წელია არაფერი დაუწერია. შთაგონების გასაღვიძებლად ალანი მეუღლესთან ერთად დაბა Bright Falls-ში მიემგზავრება.
სტუმართმოყვარე ადგილობრივები გულღიად შეხვდებიან სახელგანთქმულ სტუმარს. ალანი მანქანას იქირავებს და ტბისპირა სახლისკენ გაემართება. მან არ იცის, რომ სახიფათო თამაშში ჩაერთო და, საკუთარი სისულელის წყალობით, სხვა სახლის გასაღები წამოიღო ბიუროდან.
სახლში მცირე ოჯახური დრამა თამაშდება. ალანი გაბრაზებული გამოიხურავს კარს. დარწმუნებულია, რომ ცოლი უკან არ გაჰყვება, რადგან მეუღლეს სიბნელის ეშინია. რამდენიმე წამის შემდეგ შემზარავი კივილი მიახვედრებს, რომ მეუღლე ტბაში იხრჩობა. ალანი მის კვალს მიჰყვება. ის რამდენიმე საათის შემდეგ გონს მოდის და წარმოდგენაც იწყება. ალანს რთული, იდუმალი გზის გავლა მოუწევს მეუღლის დასაბრუნებლად. მოწინააღმდეგეები კი მისი პერსონაჟები აღმოჩნდებიან სხვადასხვა წიგნიდან.
მიმომხილველები მიიჩნევდნენ, რომ ეპოსი ალანზე მაქს პეინი იქნებოდა, საილენთ ჰილის არომატით. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შემქმნელებმა წარმატებით აუარეს გვერდი კლიშეებს და სრულიად ახალი თაობის თამაში შექმნეს.


Bioshock 2
პლატფორმები: Xbox 360 / PlayStation 3/ PC
თქვენ კვლავ გელიან შეშლილი მეცნიერის, ენდრიუ რაიანის უტოპიურ ქალაქ Rapture-ში. ეს ქალაქი ერთ დროს წყალქვეშ გაშენებული სამოთხე იყო, რომელსაც გარესამყაროსგან ზეგამძლე მინის კედლები იცავდა. დროთა განმავლობაში კორუფციის, კლასთა შორის ბრძოლისა და რევოლუციების ველად იქცა. იდეა დაემხო. ენდრიუ ყველა საშუალებით ცდილობს, დაიბრუნოს დაკარგული ძალაუფლება.
ბიოპანკ ოდისეის მეორე ნაწილი შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პირველი ნაწილი არ უთამაშია, რადგან მოთამაშეს მოუწევს, მართოს არსება, სახელად „დიდი მამიკო”.
„დიდი მამიკოები” პირველ ნაწილში მინორულ, მაგრამ საინტერესო როლს თამაშობდნენ. ისინი იცავდნენ „პატარა დაიკოებს” მოძალადეებისგან. და ვინ არიან პატარა დაიკოები? ისინი ერთგვარი ცოცხალი ფაბრიკები არიან, რომლებსაც მკვდარი სხეულიდან შეუძლიათ მოიპოვონ „ადამი”. რა არის „ადამი”? ვინ არიან გენური ნარკომანები?
ალბათ, სჯობს, ბიოპანკის ბოლომდე დასაგემოვნებლად ჯერ პირველი ნაწილი ითამაშოთ და შემდეგ სიქველს ჩაუსხდეთ. აღტაცება გარანტირებულია!


Mass Effect 2
პლატფორმები: Xbox 360 / PlayStation 3/ PC
როგორც ამბობენ, რეი ბრედბერის რომანები ცდება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს და მაღალი ლიტერატურის გვერდით იკავებს ადგილს. როგორც ამბობენ, Mass Effect ცდება, უბრალოდ, თუნდაც კარგად გაკეთებული თამაშის ჩარჩოებს და გეიმერში უფრო ღრმა ფიქრებს აღძრავს, ვიდრე მავანი მოწინააღმდეგის მოკვლის მეთოდია.
Mass Effect-ის პირველ ნაწილში ვხედავთ, რომ ადამიანები სულაც არ ვართ დომინანტი რასა გალაქტიკაში. ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ რასათა საბჭომ ჯეროვნად დაგვაფასოს და ჩვენი შესაძლებლობები გაითვალისწინოს.
კომანდორი შეფარდი - თამაშის მთავარი გმირი - იღებს ვალდებულებას, დაამტკიცოს ადამიანთა მოდგმის უნარიანობა. მისი თანამგზავრები იქნებიან ექვსი სხვადასხვა რასის თითო წარმომადგენელი. მათი შერჩევა მოთამაშეზეა დამოკიდებული. როლური თამაშების ტენდენციიდან გამომდინარე, მისიის შესრულება გაადვილდება, თუ მოთამაშე კარგად დაბალანსებულ ჯგუფს შეკრებს, რადგან ყველა რასას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
სიქველი პირველ ნაწილში დაწყებული ეპიკური ისტორიის გაგრძელებაა. შემქმნელებმა სიტყვა შეასრულეს და მოთამაშეებს მისცეს საშუალება, პირველ ნაწილში შექმნილი პერსონაჟი მეორე ნაწილში უცვლელად გადმოეყვანათ.
სხვა მნიშვნელოვანი არაფერია შეცვლილი. დეველოპერებმა თავი აარიდეს ზედმეტ ექსპერიმენტებს და ატმოსფერო ხელუხლებელი დატოვეს. ერთი მხრივ, პერსონაჟის პორტირების შესაძლებლობამ, მეორე მხრივ, უცვლელმა ატმოსფერომ, გააძლიერა შეგრძნება, რომ მოთამაშის წინაშე ერთი დიდი ეპიკური საგის მეორე ტომია, რომლის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
და თუ ისევ გაინტერესებთ, რატომ არის ეს თამაშები შუადღის ხვატისთვის შესაფერისი,
Heavy Rain - თითქმის სულ წვიმს და სიგრილის შეგრძნებას ტოვებს.
Mass Effect 2 - აღმოაჩენთ, რომ კოსმოსში შესანიშნავი ტყეებია, მარადიული ნიავი ქრის და სააგარაკედ შესანიშნავი ადგილია.
Bioshock 2 - საქართველო იწვის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანიდან კი მინის იმპერიის კედლებს მიღმა მოდგაფუნე უზარმაზარ ტალღებს უყურებთ.
Alan Wake - ზაფხული, ტბის პირას ჩამწკრივებული ვილები, დროდადრო ნისლი და პირდაპირ თამაშიდან წამოსული გრილი ჰაერი.
 

 

კომენტარები